Facebook Twitter
საქმე # 190100123006672381

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №1333აპ-23 ქ. თბილისი
პ. ნ. 1333აპ-23 24 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ნ. პ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განაჩენით ნ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათით.

2.2. ბოლნისის რაიონული სასმართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ნ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 4 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 6000 ლარი.

2.3. 2022 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ყ–ში ნ. პ–მა უკანონოდ შეაღწია შ. ი–ს საცხოვრებელ სახლში, თავს დაესხა შ. ი–ს სამზარეულო ოთახში და ხელთნაქონი დანის დემონსტირებით, მოკვლის მუქარით მოსთხოვა თანხა. წინააღმდეგობის გაწევისას შ. ი–ს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 300 აშშ დოლარისა და 100 ლარის ოდენობით ფულად თანხას, აგრეთვე ოქროს სამკაულებს, რითაც საერთო ჯამში შ. ი–ს მიადგა 5925 ლარის ზიანი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით ნ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

3.1. საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ნ. პ–ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის N1/42-19 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის N1/42-19 განაჩენით დანიშნული სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 თვით, ასევე – დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 6000 ლარი;

3.2. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. პ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 1 თვით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 6000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.3. ნ. პ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 22 ნოემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. პ–მა და მისმა ადვოკატმა – ა. ც–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა ნ. პ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენში:

5.1. ნ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

5.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ნ. პ–ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

5.3. ნ. პ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 22 ნოემბრიდან.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ც–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელის მინიმუმადე შემსუბუქებას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დროსაც, სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობის გამოყენების მიზანშეწონილობა შესაფასებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით.

11.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, ერთი მხრივ იმ გარემოებას, რომ ნ. პ–მა აღიარა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული და უდავოდ სცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნ. პ–ს სასამართლომ განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი მინიმუმთან მიახლოვებული ხანგრძლივობით და იმავდროულად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, მის მიმართ გამოყენებული იქნა შთანთქმის პრინციპი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ნ. პ–ს ნასამართლობებს და იმ გარემოებას, რომ ნ. პ–მა მსჯავრად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს.

11.2. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კასატორი დაცვის მხარის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს შეეფარდა ზედმეტად მკაცრი სასჯელი.

11. 3. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს თანახმად, „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ც–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი




მოსამართლეები: შ. თადუმაძე




მ. ვასაძე