3კ-1306-02 17 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ბრძანების გაუქმება, იძულებითი მოცდენის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “...-ის” დირექტორის 2000წ. 29 ნოემბრის ბრძანებით საწარმოო მიზეზების გამო ქარხანა 1 დეკემბრიდან გადაყვნილი იქნა ნაწილობრივ მოცდენაზე, რის გამოც ქარხნის ყველა მუშა-მოსამსახურე გაშვებულ იქნა ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულებაში და მიეცათ ანაზღაურება თვეში 35 ლარის ოდენობით.
ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 89-ე და 76-ე მუხლები. მოსარჩელეებმა, ს.ს “...-ის” მუშებმა მიიჩნიეს რა ბრძანება უსაფუძვლოდ, მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი გაუქმება და იძულებითი მოცდენის ანაზღაურება.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: უკანონოდ იქნა მიჩნეული 2000წ. 29 ნოემბრის ბრძანება და მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ იძულებითი მოცდენა იმ მოტივით, რომ ბრძანების შინაარსი არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “...-ის” დირექტორმა:
თბილსის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა - ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არ გაუშვიათ შრომის კანონთა კოდექის 204-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დარღვეული შრომის უფლების შესახებ შრომის დავის კომისიისათვის მიმართვის სამ თვიანი ვადა; სასამართლოს მოსაზრებით, შრომის კანონმდებლობა არ ცნობს ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულების ცნებას. გასაჩივრებული ბრძანებით იგნონირებულია შკკ-ს 65-ე, 67-ე, 71-ე, 72-ე მუხლების მოთხოვნები.
სს “...-ის” დირექტორმა საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეებს არ გაუშვიათ შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა.
უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება, რომ ქარხნის ადმინისტრაციას უნდა ემოქმედა შკკ-ს 28-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლოს არ გაურკვევია, მოპასუხეს ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, მოსარჩელეები გადაეყვანა სხვა სამუშაოზე მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
ის ფაქტი, რომ მოცდენის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მუშებს უნდა მიეღოთ ხელფასი შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობით, ქარხნის ადმინისტრაციამ უწოდა “ნაწილობრივ ანაზღაურებადი შევებულება”, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას და ამით არ ირღვევა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული შრომის კანონმდებლობის ნორმები, რომლებიც ყოველწლიურ ანაზღაურებად და მოკლევადიან უხელფასო შევებულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს თანხის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, მთელი მოცულობით შეემოწმებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის - თანხის დაკისრების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამარეთლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელეებმა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს 2001წ. 5 იანვარს მიმართეს. სასამართლომ არ მიიღო სარჩელი წარმოებაში და განმეორებით სარჩელი წარდგენილ იქნა 22 იანვარს, რომელიც ასევე არ იქნა მიღებული წარმოებაში იმ მოტივით, რომ იგი არ ექვემდებარებოდა სასამართლოს განხილვას; მოსარჩელეებმა მარტში კვლავ მიმართეს ბორჯომის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 11 მაისს სარჩელი დატოვა განუხილველად. განჩინება გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოში. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ნოემბრის განჩინებით ბორჯომის სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად; საქმე ბორჯომის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა 2001წ. დეკემბერში, მოსარჩელეებმა 2002წ. 5 თებერვალს კვლავ მიმართეს სასამართლოს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილით შრომის უფლების დარღვევის შესახებ მუშა-მოსამსახურეებმა სამი თვის ვადაში უნდა მიმართონ შრომის დაცვის კომისიას; მოსარჩელეებმა აღნიშნულ ვადაში შეიტანეს სარჩელი 2001წ. ბოლომდე. საქმეზე სასამართლო წარმოება მიმდინარეობდა, რის გამოც საკასაციო პალატას არ მიაჩნია გაშვებულად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ადმინისტრაციას არ უნდა გამოეყენებინა შკკ-ს 28-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მოცდენის დროს მუშებისა და მოსამსახურეების სხვა სამუშაოზე გადაყვანას იმავე საწარმოში და იმავე ადგილას მდებარე სხვა საწარმოში, მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით ერთ თვემდე ვადით; ასეთ შემთხვევაში მუშებსა და მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი წინანდელი სამუშაოს მიხედვით.
დადგენილია, რომ მოსარჩელეთაAგარდა სხვა მუშაკები აგრძელებენ შრომით ურთიერთობას საწარმოსთან.
საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება, რამ განაპირობა საწარმოს მუშაკთა იძულებითი მოცდენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ “ადმინისტრაციის ინიციატივით” შევებულებაში გაშვების აუცილებლობა არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულების ცნებას. მითუმეტეს, უკანონოა ასეთ შვებულებაში მუშაკის გაშვება ვადის მითითების გარეშე, რაც განუსაზღვრელი ვადით იწვევს მათი შრომითი უფლებების დარღვევას.
სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, კანონიერად არ დააკმაყოფილა იგი. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სასამართლოს სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “...-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.