Facebook Twitter
3კ-1326-02

3კ-1326-02 24 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე,)

ნ. კვანტალიანი,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. გ.-ის სარჩელი და მოპასუხეები _ რ. ჯ.-ე, ლ. ბ.-ი, ლა. ბ.-ი და მ. დ.-ი თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ.თბილისში, ... მდებარე ბინიდან. აღნიშნული ბინა თავისუფალი სახით ჩაბარდა გ. გ.-ს. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ჯ.-ის შეგებებული სარჩელი და მოპასუხე რ. და გ. გ.-ებს რ. ჯ.-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 12175 ლარი. დადგინდა, რომ გამოსახლება და თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ერთდროულად. ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ.ჯ.-ის სარჩელს რ. გ.-ისა და ე. რ.-ს მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო რ.ჯ.-ეს დარჩა სადავო ბინაში ცხოვრების უფლება, ისნის რაიონის სასამართლოს 1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად მის სისრულეში მოყვანამდე.

რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც რ. ჯ.-მ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე _ ე. რ.-მ რ. ჯ.-ისათვის სადავო ბინაში ცხოვრების უფლების მინიჭების ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 აპრილის სხდომაზე სააპელაციო საჩივრების განხილვისას ვინაიდან არ დაკმაყოფილდა რ.ჯ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სადავო ბინაზე ყადაღის მოხსნის საფუძვლიანობის შემოწმების შესახებ, მან იშუამდგომლა სააპელაციო პალატის აცილების თაობაზე, რადგან ჩათვალა, რომ შუამდგომლობაზე ტენდენციურად ეთქვა უარი. რ. ჯ.-ის ეს შუამდგომლობაც სააპელაციო პალატის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც რ. ჯ.-მ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. სააპელაციო პალატამ განუმარტა მხარეებს სსკ-ს 232-ე მუხლი, რომლის თანახმად გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც სასამართლოს სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, ხოლო 387-ე მუხლის თანახმად კი გამოუცხადებელი მხარის მიმართ გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მიუხედავად ასეთი გაფრთხილებისა, რ. ჯ.-მ თავის წარმომადგენელ ფ.გ.-ესთან ერთად დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი.

ე. რ.-ს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001წ. 26 აპრილს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება რ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და ე. რ.-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრდა რ. ჯ.-ის მიერ გაუქმების მოთხოვნით და იმ მოტივით, რომ მან სასამართლოს სხდომა საპატიო მიზეზით დატოვა.

სააპელაციო სასამართლომ 2001წ. 17 ივლისის განჩინებით დაუშვებლად ცნო რ. ჯ.-ის საჩივარი იმ საფუძვლით, რომ საჩივარი არ შეიცავს სსკ-ს 238-ე მუხლით გათვალისწინებულ მითითებას ისეთ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს და შესაბამისად არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 17 ივლისისა და 17 აგვისტოს განჩინებები რ. ჯ.-ის კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის განჩინებით და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად არასწორად იქნა მიჩნეული, ვინაიდან რ.ჯ.-ეს საჩივარში მითითებული ჰქონდა სსკ-ს 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტით გათვალისწინებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებაზე. ამ გარემოების საფუძვლიანობაზე კი უნდა ემსჯელა სასამართლოს საჩივრის განხილვისას სსკ-ს 232_233-ე მუხლების შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განჩინებით რ.ჯ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება.

რ. ჯ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის განჩინების გაუქმებას და საქმის იმავე სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას იმ მოტივით, რომ მან გარკვეულწილად მონაწილეობა მიიღო აღარ საქმის განხილვაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. ამასთან, გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სსკ-ს 387-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა აპელანტი ე. რ.-ა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შუამდგომლობა მის ნაცვლად დააყენა მისმა წარმომადგენელმა, რასაც საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2001წ. 26 აპრილს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ რ. ჯ.-ისა და ე.ხიჟნიაკის სააპელაციო საჩივრების განხილვისას ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რ. ჯ.-მ იშუამდგომლა მოსამართლის აცილების თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. რ. ჯ.-მ და მისმა წარმომადგენელმა ფ. გ.-მ დატოვეს სხდომის დარბაზი, რის შედეგად მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლო სხდომის ოქმით ასევე დადგენილია, რომ მხარეები საქმის განხილვის დაწყებამდე სასამართლოს მიერ გაფრთხილებულ იქნენ სსკ-ს 232-ე და 387-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებზე.

სსკ-ს 232-ე მუხლის შესაბამისად გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, ხოლო ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო საქმის განხილვაში, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას. სსკ-ს 210-228-ე მუხლები განსაზღვრავენ საქმის სასამართლოში განხილვის პროცედურას, ხოლო 214-215-ე მუხლებით მხარეებს უფლება აქვთ, განაცხადონ შუამდგომლობები, მათ შორის _ სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზეც, რის შემდეგაც იწყება საქმის არსებითად განხილვა. როგორც სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 26 აპრილის სხდომის ოქმით დასტურდება, რ. ჯ.-მ საქმის განხილვის დაწყებამდე დატოვა სხდომის დარბაზი.

ასევე უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის არგუმენტაცია დაუსწრებელი გადაწყვეტილების უკანონობაზე იმ მოტივით, რომ საქმის განხილვას არ ესწრებოდა აპელანტი ე. რ.-ა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა მისმა წარმომადგენელმა. აპელანტ ე. რ.-ს მ.ჯღამაძეზე გაცემული აქვს სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოების თაობაზე. სსკ-ს 98-ე მუხლის პირველი ნაწილით კი უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის განჩინება კანონის დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.