Facebook Twitter
3კ-1327-02

3კ-1327-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, საკადასატრო რუკისა და სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. შ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ხობის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფროსის ზ. ზ.-ს, ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის ქ.-ს, ხობის რაიონის ნოტარიუსის ზ. კ.-ს, მოპასუხეების პ. თ.-სა და რ. თ.-ს მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების, მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული საკადასტრო რუკისა და სარეგისტარციო მოწმობის გაუქმება, რ. თ.-სა და პ. თ.-სათვის ნივთის უკანონო სარგებლობისათვის თვეში 100 ლარის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება 1000 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით შემდეგ გარემოებათა გამო: 2001წ. 31 მაისს უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ აქტის საფუძველზე ხობის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა რ. თ.-ს სახელზე, ნატურით გადაეცა ე. შ.-ს საკუთრების უფლებით. აღნიშნული აქტის საფუძველზე ხობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ სადავო საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ იქნა ე. შ.-ის სახელზე. ფოთის სასამართლოს 1998წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად ხობის აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა სადავო სახლი. მიუხედავად ამისა, ხობის ნოტარიუსმა 2001წ. 7 სექტემბერს დაამოწმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რ. თ.-ს რწმუნებულმა დ. ს.-მ აღნიშნული სადავო სახლი მიყიდა პ. თ.-ს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე პ.თ.-ა გატარდა საჯარო რეესტრში როგორც სადავო სახლის მესაკუთრე, მაშინ, როცა საკუთრების უფლებით სახლი ეკუთვნის ე. შ.-ს.

მოპასუხეებმა ხობის რაიონის ნოტარიუსმა ზ. კ.-მ, ხობის მიწის მართვის სამმართველოს უფროსმა ი. ქ.-მ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათი მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოპასუხე პ. თ.-ს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათი მარწმუნებელი არის სადავო ბინის კეთილსინდისიერი შემძენი. იგი ბინის შეძენისას ვერ გატარდა საჯარო რეესტრში, რადგან იმ დროისათვის ბინა ირიცხებოდა არა გამყიდველის, რ. თ.-ს სახელზე, არამედ მისი მამის სახელზე. 2001წ. 4 სექტემბერს რ. თ.-მ გადაიფორმა მამის სახელზე რიცხული სახლი, რის შემდგომაც მათმა რწმუნებულმა მოახდინა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება და 2001წ. 7 სექტემბრისათვის როგორც მესაკუთრე აღირიცხა საჯარო რეესტრში. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ როგორც სანოტარი წარმოებისას, ასევე რეგისტრაციის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც დაუშვებელია ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება. სასამართლო სხდომაზე ე. შ.-მ შეამცირა სასამართლო მოთხოვნა, უარი თქვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით ე. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხობის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ პ. თ.-ს სახელზე 2001წ. 7 სექტემბერს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ბათილად იქნა ცნობილი ასევე ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2001წ. 10 სექტემბერს პ. თ.-ს სახელზე გაცემული საკადასტრო რუქა ¹45/08/105, გაუქმდა რ. თ.-ს წარმომადგენლის დ. ს.-სა და პ. თ.-ს შორის 2001წ. 7 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ხობის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე რ. თ.-ს საცხოვრებელი სახლი 2001წ. 31 მაისს უძრავი ქონების ნატურით გადაცემის აქტით საკუთრების უფლებით გადაეცა ე. შ.-ს. ამ აქტის საფუძველზე აღნიშნული საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულ იქნა ე. შ.-ის სახელზე. სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ ტექნიკური აღრიცხვის უფროსმა უკანონოდ გასცა სარეგისტრაციო მოწმობა რ. თ.-ს სახელზე, რადგან მესაკუთრე იყო ე. შ.-ი და “მიწის რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრში უნდა გაეტარებინა იგი. სასამართლომ პ. თ.-ა არ მიიჩნია კეთილსინდისიერ მყიდველად, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება პ. თ.-სა და რ. თ.-ს რწმუნებულ დ. ს.-ს შორის დაიდო 2001წ. 7 სექტემბერს, მაშინ, როცა პ. თ.-სათვის უკვე ცნობლი იყო, რომ სადავო სახლი უძრავი ქონების ნატურით გადაცემის აქტით 2001წ. 31 მაისს გადაეცა ე. შ.-ს, რითაც დაარღვია სკ-ს 187-ე მუხლის მოთხოვნა.

ხობის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა პ. თ.-ს წარმომადგენელმა ზ. ქ.-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინებით ზ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 312-ე და 183-ე მუხლის თანახმად სადავო ბინის მესაკუთრედ მიიჩნია ე. შ.-ი და შესაბამისად უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა მოპასუხე პ.თ.-ს საჩივარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა პ.თ.-ს წარმომადგენელმა ზ. ქ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სსკ-ს 198-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააყადაღა სადავო ბინა. კასატორმა აგრეთვე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ყადაღის დადებამდე და აქედან გამომდინარე თ.-ს არ შეეძლო სცოდნოდა რ. თ.-სა და ე. შ.-ს შორის არსებული დავის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ 1998წ. 20 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით რ. თ.-ს ე. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 738 ლარის გადახდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით დააყადაღეს ხობის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე რ. თ.-ს საცხოვრებელი სახლი. თ.-მ არ გადაიხადა ვალი, რის გამოც სახლი ორჯერ გაიტანეს აუქციონზე, მაგრამ რადგან აუქციონზე სახლი არ გაიყიდა, შ.-მა თანხმობა განაცხადა ვალში ჩაეთვალა თ.-ს სახლი. 2001წ. 6 ივნისს საცხოვრებელი სახლი აღირიცხა ე. შ.-ის სახელზე. ამის შემდეგ 2001წ. 7 სექტემბერს რ. თ.-მ სადავო სახლი მიჰყიდა პ. თ.-ს. თ.-მ რეგისტრაციაში გაატარა სახლი თავის სახელზე 2001წ. 10 სექტემბერს. ე. შ.-ი ითხოვს თ.-ს სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის, მიწის საკადასტრო რუქის გაუქმებას, ასევე რ. თ.-სა და პ. თ.-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას. აღნიშნული დავა ხობის რაიონული სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ დავად და სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებში, სხდომის ოქმებში, გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია, როგორც ადმინისტრაციული საქმე და გამოყენებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოში პ. თ.-ს სააპელაციო საჩივარი განიხილა არა ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, არამედ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ. აღნიშნულმა პალატამ თავისი განჩინებით ისე დატოვა ძალაში ხობის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ უმსჯელია, მოცემული დავა წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავას, თუ სამოქალაქო სამართლებრივ დავას. თუკი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არის სამოქალაქო სამართლებრივი დავა და ამიტომ განიხილა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში, მაშინ მას უნდა გაეუქმებინა ხობის რაიონული სასამართლოს გადაწყვტილება, რომლის მიხედვითაც დავა მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ დავად. პალატა თვლის, რომ რადგან საქმე შეეხება მოქალაქეებს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას, აღნიშნული დავა სსკ-ს მე-11 მუხლის თანახმად განხილული უნდა ყოფილიყო როგორც სამოქალაქო დავა. ხოლო რაც შეეხება საკითხს თ.-ს სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობისა და საკადასტრო რუკის გაუქმების შესახებ აღნიშნული გამომდინარეობს სახლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. თუკი ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდება, შესაბამისად შევა ცვლილებები საკუთრების მოწმობასა და საკადასტრო რუკაში. ამდენად, არასწორად იქნენ მითითებული საქმეში მოპასუხეებად ნოტარიუსი, ხობის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ხობის მიწის მართვის სამმართველოს უფროსი.

საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო პალატამ უნდა გამოასწოროს მითითებულ ხარვეზი, გარდა ამისა, უნდა გამოარკვიოს სადავო სახლზე ყადაღის დადების დროს და ასევე უძრავი ქონების ნატურით შ.-ისათვის გადაცემის დროს სადავო სახლი ირიცხებოდა თუ არა რ. თ.-ს სახელზე და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. თ.-ს წარმომადგენლის ზ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.