საქმე # 330100123007733836
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №102აპ-24 ქ. თბილისი
ყ. ლ. 102აპ-24 28 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ყ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2023 წლის 24 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, მეტროსადგურ „......ის“ ბაქანზე ალკოჰოლით მთვრალმა ლ. ყ–მა „......სკენ“ მიმავალ მოძრავ მატარებელს მიარტყა თავი და წაიქცა. მის დასახმარებლად მივიდა პატრულ-ინსპექტორი მ. მ–ი, რომლის სამსახურებრივი საქმიანობაა მეტროსადგურის ტერიტორიაზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვა, ადამიანების დახმარება. როდესაც მ. მ–ი ცდილობდა ლ. ყ–ს წამოყენებას, ლ. ყ–ი გახდა აგრესიული და პატრულ-ინსპექტორს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედების გამო, სახის მიდამოში ხელი დაარტყა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ლ. ყ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
3.2. ლ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი. მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა 2023 წლის 24 ივლისიდან 2023 წლის 27 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
3.3. გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მსჯავრდებულ ლ. ყ–ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ლ. ყ–ს დაევალა, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. სასამართლომ დაადგინა:
2023 წლის 24 ივლისს, საღამოს საათებში, თ–ში, მეტროსადგურ „.........ის” ბაქანზე, ალკოჰოლით მთვრალმა ლ. ყ–მა „........სკენ“ მიმავალ მოძრავ მატარებელს მიარტყა თავი და წაიქცა. მის დასახმარებლად მივიდა პატრულ-ინსპექტორი მ. მ–ი, რომლის სამსახურებრივი საქმიანობაა მეტროსადგურის ტერიტორიაზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვა, ადამიანების დახმარება. მ. მ–იი ცდილობდა ლ. ყ–ის წამოყენებას, რა დროსაც ლ. ყ–ი გახდა აგრესიული და გაუწია წინააღმდეგობა – სახის მიდამოში ხელი დაარტყა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა, რომელმაც ითხოვა ლ. ყ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა, რომელიც ითხოვს ლ. ყ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ლ. ყ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
10. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. ყ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა; გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, ლ. ყ–ს აღიარებით; მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი დაზარალებულ მ. მ–ს, მოწმეთა: რ. ქ–სა და ხ. ზ–ს გამოკითხვის ოქმებით, მეტროსადგურ „.......ის“ ვესტიბულში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით და ამ ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტის N... სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ყ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას ლ. ყ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) დაკვალიფიცირების შესახებ და ითვალისწინებს დაზარალებულ მ. მ–ს ჩვენებას, რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ბაქანზე შენიშნა ლ. ყ–ი, რომელსაც ეტყობოდა ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა (რადგან უჭირდა სიარული და ბარბაცებდა, თავი მიარტყა მოძრავ მატარებელს და ბაქანზე წაიქცა), მივიდა მასთან დასახმარებლად, შეეცადა მის წამოყენებას, რა დროსაც ლ. ყ–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, როდესაც შეძლო ლ. ყ–სის ფეხზე წამოყენება, ლ. ყ–მა დაიწყო ხელების ქნევა, რა დროსაც მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახეში, მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაეცა. აღნიშნული გარემოებები ასევე დადასტურებულია ხ. ზ–ს გამოკითხვის ოქმითა და მეტროსადგურ „............ის“ ვესტიბულში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, ასევე – ამ ჩანაწერების დათვალიერების ოქმით.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სადავო ქმედების სამართლრბრივად სწორად კვალიფიკაციისთვის, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში პოლიციელის მიმართ ძალადობა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება, თუ წარმოადგენდა უშუალო მიზანს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მსჯავრდებულის ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა, თუ მისი ქმედება პირდაპირ იყო მიმართული პოლიციელზე თავდასხმისაკენ, მისი საქმიანობიდან გამომდინარე (იხ.: მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის 468აპ-20 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის 1086აპ-23 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის 1392აპ-23 განჩინება).
13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. ყ–მა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო პატრულ-ინსპექტორის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და წინააღმდეგობის გაწევა, როდესაც პატრულ-ინსპექტორი მ. მ–ი მივიდა მასთან და შეეცადა მის წამოყენებას, რაც ლ. ყ–ს ქმედებაში თავდასხმის მიზნის არსებობას გამორიცხავს. ვიდეოჩანაწერით ცალსახად დგინდება, რომ ლ. ყ–ს ქმედებები არ შეიცავს თავდასხმის ელემენტებს და იგი ხელების ქნევას იწყებს მას შემდეგ, რაც პატრულ-ინსპექტორი ახერხებს მის წამოყენებას და შეკავებას, ხოლო ლ. ყ–ი
ცდილობს ხელის გაშვებას. შესაბამისად, ლ. ყ–ს მიერ ჩადენილია – პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ლ. ყ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე