Facebook Twitter
3კ-1332-02

3კ-1332-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ქ.-მ განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1966 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა სალოკომოტივო დეპოში ჯერ ზეინკლად, შემდეგ, მემანქანის თანაშემწედ. 1989წ. 14 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო ტრავმა და დღეის მდგომარეობით დადგენილი აქვს მესამე ჯგუფის ინვალიდობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ 1989წ. 14 თებერვალს წევის გვირაბში, ...-ის საბარგო მატარებლით მოძრაობისას, ქარიშხალის მიერ ჩამოყრილმა ყინულის ლოდებმა დაუზიანეს თავის არე, რის შედეგადაც გახდა ინვალიდი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით ა. ქ.-ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინებით ა. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უბედური შემთხვევის ფაქტის დადგენა სასამართლოს შეუძლია, თუ გამორიცხულია სხვა წესით ასეთი ცნობის მოპოვება და აღნიშნული დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციით. პალატამ მიიჩნია, რომ თუ აპელანტი მკურნალობდა ზესტაფონის საავადმყოფოში, ტრავმის მიღებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა შეუძლია საავადმყოფოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ა. ქ.-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

ა. ქ.-მ, რომელმაც სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ" ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს საქმეებს უბედური შემთხვევის ფაქტის დადგენის შესახებ. ამავე კოდექსის 313-ე მუხლის მიხედვით სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა ვერ მოხდება, ვინაიდან არსებობის საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 1997წ. 4 აპრილის ბრძანებით დამტკიცებული წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულება, რომელიც ადგენს, რომ უბედური შემთხვევის გამოკვლევა ხდება საწარმოში შექმნილი კომისიის მიერ და ფორმდება აქტით ტ-1.

საწარმოს მიერ აღნიშნული წესების მოთხოვნათა დაუცველობის შემთხვევაში დაზარალებულ პირს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს საერთო სასარჩელო წესით და მოითხოვოს საწარმოსაგან უბედური შემთხვევის შესახებ აქტის შედგენა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ქ.-ის განცხდება უბედური შემთხვევის შესახებ იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.