Facebook Twitter

¹ბს-211-164-კ-05 16 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

1990 წელს თ. გ-ი არჩეულ იქნა უზენაეს საბჭოში, საიდანაც საბჭოს 1991წ. 28 თებერვლის ¹156-1 დადგენილებით დაინიშნა შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრად, ხოლო საქართევლოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 22 მაისის ¹601 დადგენილების საფუძველზე, გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან.

1999წ. 24 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, სადაც თავდაპირველად არ იქნა გათვალისწინებული 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატების საპენსიო უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2002წ. 25 დეკემბერს “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით განისაზღვრა უზენაეს საბჭოში არჩეულ წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა და მათ პენსია დაენიშნათ 2002წ. 1 იანვრიდან.

თ. გ-მა 2003წ. 3 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა საპარლამენტო პენსიის დანიშვნა. საქართველოს პარლამენტის აპარატის 2003წ. 1 ივლისის ¹265/1 ბრძანებით თ. გ-ს პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია დაენიშნა 2003წ. 18 ივნისიდან.

2004წ. 5 აპრილს თ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიუთითა, რომ მისი პენსიით უზრუნველყოფა მოხდა კანონდარღვევით, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ პენსია დაენიშნა 2003წ. 18 ივნისიდან, დარღვეულ იქნა “პარლამენტის წევრის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-12 და მე-15 მუხლები, სადაც მითითებულია, რომ პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, ხოლო ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა და დაამტკიცა პარლამენტმა ან დაინიშნა პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) თანხმობით, გათანაბრებული არიან იმ კატეგორიის უზენაესი საბჭოს წევრებთან, რომლებიც არჩეულ იქნენ თანამდებობაზე და მათ პენსია უნდა დაენიშნოთ 2002წ. 1 იანვრიდან და პენსიით უზრუნველყოფა მომხდარიყო 2003წ. 1 იანვრიდან. თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მოითხოვა საქართველოს პარლამენტს დაევალოს შეიტანოს ცვლილება მის საპენსიო საქმეში, სრული საპარლამენტო პენსია დაენიშნოს 2002წ. 1 იანვრიდან და მისი უზრუნველყოფა კანონის თანახმად მოხდეს 2003წ. 1 იანვრიდან, ასევე მოითხოვა 2003წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის ნახევრის, მთლიანად 17 თვენახევრის პენსიის _ 6511 ლარის ანაზღაურება, რომელიც უკანონოდ დააკლო საქართველოს პარლამენტმა.

თ. გ-ის სარჩელზე საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა 2004წ. 17 მაისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოში შეიტანა შესაგებელი და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო საჩივარზე პარლამენტის წარმომადგენელმა თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა შესაგებელი და ასევე მოითხოვა აპელანტის მოთხოვნაზე უარის თქმა და კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება:

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ. გ-ი 1990წ. 22 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის 1991წ. 28 თებერვლის დადგენილებით იგი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრად, ანუ უზენაესი საბჭოს წევრი იყო 4 თვის განმავლობაში.

1999წ. 24 ივნისს მიღებულ იქნა კანონი “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კანონი აწესრიგებდა პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევასთან და საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს. კანონის 15.1 მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნებოდა ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვე იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით. კანონი ამოქმედდა 2000წ. 1 იანვრიდან.

2002წ. 25 დეკემბერის ცვლილებებისა და დამატებების თანახმად კანონის პირველი მუხლის ტექსტი ჩაითვალა პირველ პუნქტად და დაემატა შემდეგი შინაარსის მეორე პუნქტი: “ამ კანონით აგრეთვე წესრიგდება 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფის საკითხები”. 2003წ. 18 ივნისიდან ამოქმედდა კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტის შემდეგი შინაარსის დამატება: “ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა, ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით”, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “ყოფილ პარლამენტის წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნება, თუ მას შეუსრულდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული საპენსიო ასაკი ან აქვს 25წ. საერთო შრომის სტაჟი”. აქედან გამომდინარე, “პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის სუბიექტად თ. გ-ი იქცა 2003წ. 18 ივნისიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც კანონის მე-15 მუხლის მოქმედება გავრცელდა მასზე, რომელსაც უფლებამოსილება მინისტრად დანიშვნის გამო შეუწყდა და რომელსაც ასევე გააჩნია დამატებითი პირობა _ 25წ. შრომის სტაჟი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2002წ. 25 დეკემბრის კანონში მითითებულია, რომ 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის საპარლამენტო საპენსიო ურუნველყოფა განხორციელდეს 2002წ. 1 იანვრიდან, მაგრამ მითითებული არ არის, კონკრეტულად, რომელ მუხლს ეხება აღნიშნული ცვლილება თუ დამატება. ამასთან, კანონის 22-ე მუხლში სხვადასხვა დროს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, მე-15 მუხლის მოქმედების დასაწყისად განისაზღვრა სხვადასხვა თარიღი. ამჟამად კი კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი 2004წ. 4 ივნისის კანონით ამოღებულია. ამასთან, 2003წ. 22 ივლისის “პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თანახმად, კანონის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “განცხადება პარლამენტის წევრის პენსიის დანიშვნის თაობაზე წარედგინება საქართველოს პარლამენტის აპარატს, რომელიც 15 დღის განმავლობაში აფორმებს დოკუმენტებს და ნიშნავს შესაბამის პენსიას. საპარლამენტო პენსია პარლამენტის ყოფილ წევრს ენიშნება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. თ. გ-მა პარლამენტის აპარატის უფროსს პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართა 2003წ. 3 ივლისს. მას საპარლამენტო პენსია დაენიშნა კიდეც ამ თარიღიდან.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის სისტემური და ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თ. გ-ს პენსია მიეცეს 2003წ. 18 ივნისამდე განვლილი იმ პერიოდისათვის, როდესაც იგი არ წარმოადგენდა ამ კანონით მინიჭებული უფლების მატარებელ სუბიექტს, რის გამოც მიაჩნია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სწორად არ დაკმაყოფილდა თ. გ-ის სარჩელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:

კასატორის განმარტებით, იგი 1990წ. 28 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად, ხოლო 1991წ. 28 თებერვლის დადგენილებით, დაინიშნა საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრად. 1999წ. 24 ივნისს “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში 2002-2003 წლებში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა უზენაესი საბჭოს წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა და საქართველოს პარლამენტის 2003წ. 1 ივლისის ¹265/1 ბრძანების თანახმად, უზენაესი საბჭოს წევრებს _ ჯ. ვ-ს, თ. მამფორიას და თ. გ-ს დაენიშნათ პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია.

კასატორის მოსაზრებით, მას, როგორც უზენაესი საბჭოს წევრს, აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ პირებთან ერთად პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია უნდა დანიშვნოდა 2002წ. 1 იანვრიდან, პენსიის დანიშვნისას “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 21-ე მუხლში ცვლილებები, კერძოდ, განცხადების რეგისტრაციიდან პენსიის დანიშვნის შეზღუდვა არ ფიგურირდება. ამასთან, კანონის 22-ე მუხლში ნათლად ჩანს პენსიის დანიშვნის და ამავე კანონის მე-15 მუხლის ამოქმედების ვადა. კანონის თანახმად, 2003წ. 8 მაისის ცვლილებით იგი გახდა საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფის სუბიექტი, განცხადება პენსიის დანიშვნის შესახებ შეიტანა 3 ივლისს, ამ მომენტისათვის შეზღუდვა პენსიის დანიშვნის მომენტისათვის არ არსებობდა მისი კატეგორიის პენსიონერებისათვის, აღნიშნული გარემოებები კი სასამართლომ არ გაიზიარა.

კასატორის განმარტებით, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მე-15 მუხლი მისი კატეგორიის პენსიონერებისათვის ამოქმედდა 2002წ. 1 იანვრიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-51 პუნქტის თანახმად, უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრებს პენსია უნდა მიეცეთ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რაც განხორციელდა, მაგრამ დარღვევით. მისთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ პარლამენტის აპარატმა პენსიის დანიშვნის ბრძანებაში, სადაც სამივე სუბიექტი უზენაესი საბჭოს წევრია, პირველ ორს პენსია დაუნიშნა 2002წ. 1 იანვრიდან, ხოლო მას _ 2003წ. 18 ივნისიდან. კასატორმა აღნიშნა ის გარემოებაც, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, გაცნობისა და მხარისათვის გაგზავნის შესახებ, რაც სააპელაციო საჩივარში მიუთითა. ბრძანებაში პენსიის დანიშვნის შესახებ არ არის მითითებული არც გასაჩივრების ვადა და ადგილი და არც მხარისათვის ყოფილა გაგზავნილი ან გაცნობილი, რითაც დაირღვა ადმინისტრაციული აქტის გამოცემის წესი.

კასატორის აზრით, მის მიმართ დარღვეულია “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-12 და მე-15 მუხლები. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-51 პუნქტები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 56-ე მუხლები, რის გამოც კასატორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის განჩინება და დაევალოს საქართველოს პარლამენტს შეიტანოს ცვლილება პენსიის დანიშვნის შესახებ ბრძანებაში და პენსია დაენიშნოს 2002წ. 1 იანვრიდან, ასევე აუნაზღაურდეს განაცდური თანხა 6511 ლარი სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდიდან.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი თ. გ-ი 1990წ. 28 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრად, ხოლო 1991წ. 28 თებერვალს იგი დაინიშნა შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრად. ამდენად, კასატორი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი იყო 4 თვის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტის აპარატის 2003წ. 1 ივლისის ¹265/1 ბრძანებით კასატორ თ. გ-ს პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია დაენიშნა 2003წ. 18 ივნისიდან, რასაც არ ეთანხმება კასატორი და ითხოვს საპარლამენტო პენსიის დანიშვნას 2002წ. 1 იანვრიდან, რაც, საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

“პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონი, რომელიც აწესრიგებს საქართველოს პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან და საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მართალია, ამოქმედდა 2000წ. 1 იანვრიდან, მაგრამ თავდაპირველად კანონით არ იყო გათვალისწინებული 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრების საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფის საკითხები. აღნიშნულ კანონში 2002წ. 25 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით დადგინდა, რომ კანონი აგრეთვე აწესრიგებდა 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრების, მათ შორის, კასატორ თ. გ-ის საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფის საკითხებსაც (მუხლი I, პუნქტი 2) და ამრიგად, თ. გ-ი კანონით გათვალისწინებული საპარლამენტო პენსიით ურუნველყოფის სუბიექტი გახდა 2002წ. 25 დეკემბრის ცვლილების შედეგად.

კანონის მე-12 მუხლითБ “საპარლამენტო პენსიის დანიშვნის პირობები” _ დადგენილი იყო, რომ ამ კანონით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებოდა პირი, რომელიც სრული საპარლამენტო ვადით, არანაკლებ 6 თვиь, იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, რაც ასევე რეგლამენტირებული იყო კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით. “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის _ “პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა”, მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება იწვევდა პარლმენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში კასატორი თ. გ-ი უზენაესი საბჭოს წევრად არჩეულ იქნა 1990წ. 28 ოქტომბერს, მაგრამ 4 თვის შემდეგ, 1991წ. 28 თებერვალს, იგი დაინიშნა შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრად, რაც პარლამენტის წევრის (უზენაესი საბჭოს წევრის) სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას წარმოადგენდა და პარლამენტის წევრის (უზენაესი საბჭოს წევრის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევდა.

2003წ. 8 მაისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

ამ კანონით საპენსიო უზრუნველყოფას დაექვემდებარა პირი, რომელიც სრული საპარლამენტო ვადით, არანაკლებ 6 თვით, იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრებზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა, ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით. ვინაიდან თ. გ-ი უზენაესი საბჭოს წევრი იყო მხოლოდ 4 თვის განმავლობაში (1990წ. 28 ოქტომბრიდან _ 1991წ. 28 თებერვლამდე) და მას უზენაესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, პარლამენტის წევრის (უზენაესი საბჭოს წევრის) სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების, შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც უზენაესი საბჭოს მიერ განხორციელდა, ამიტომ 2003წ. 8 მაისის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად თ. გ-ი უკვე აკმაყოფილებდა კანონის მე-12 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებულ საპარლამენტო პენსიის დანიშვნის პირობებს და უფლება ჰქონდა მოეთხოვა საპარლამენტო პენსია.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ. გ-მა ზემოაღნიშული კანონის საფუძველზე საპარლამენტო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა 2003წ. 3 ივლისს, ხოლო 2003წ. 18 ივნისიდან, საქართველოს პარლამენტის აპარატის ¹235/I ბრძანების მე-3 პუნქტის საფუძველზე, მას დაენიშნა პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია, რაც კანონიერია და შეესაბამება “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-12, მე-15 მუხლების მოთხოვნებს, 2003წ. 8 მაისის ცვლილების გათვალისწინებით. ამიტომ კასატორის მოთხოვნას 2002წ. 1 იანვრიდან მისთვის საპარლამენტო პენსიის დანიშვნის შესახებ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან, როგორც აღინიშნა, 2002წ. 1 იანვრისათვის კასატორი არ აკმაყოფილებდა კანონის მე-12 მე-15 მუხლის მოთხოვნებს, იგი უზენაესი საბჭოს წევრი იყო 6 თვეზე ნაკლები ვადის, 4 თვის განმავლობაში და საპარლამენტო პენსიის მიღების უფლება მას მიენიჭა მხოლოდ 2003წ. 8 მაისის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რომელიც ამოქმედდა 2003წ. ივნისში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. გ-ის უფლებები არ შელახულა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მას მართებულად დაენიშნა საპარლამენტო პენსია 2003წ. 18 ივნისიდან და 2002წ. 1 იანვრიდან საპარლამენტო პენსიის დანიშვნაზე მისი მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რის გამოც თ. გ-ის სარჩელი საქართველოს პარლამენტის აპარატის ¹235/1 ბრძანების მე-3 პუნქტში ცვლილების შეტანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ პარლამენტის სადავო ბრძანება არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს, კერძოდ, მასში არ არის მითითებული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების წესი, ვადები და სხვა, საკასაციო პალატის აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან კასატორმა, აღნიშნულის მიუხედავად, დაუბრკოლებლად შეძლო აქტის გასაჩივრების თვალსაზრისით თავისი უფლებების რეალიზაცია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის განჩინება, რადგან კასატორის მიერ მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება თ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.