3კ-1352-02 17 დეკემბერი, 2002 წ., ქ .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. გ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “...-ის” მიმართ და მოითხოვა სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხემ 2002წ. 23 იანვარს მოულოდნელად გააფრთხილა 28 თებერვლიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, არ ჩააბარა განთავისუფლების ბრძანება, ერთი თვე ამუშავა ანაზღაურების გარეშე, უხეშად დაარღვია შკკ-ს მოთხოვნები და უკანონოდ აუკრძალა შრომითი საქმიანობა.
მოსარჩელის განმარტებით, სს “...-სა” და მას შორის დაიდო საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გაუწევდა საკონსულტაციო მომსახურებას ხელშეკრულების დანართის II ნაწილით დადგენილი ვადებითა და პირობებით.
წალკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ს. გ.-მ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: წალკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. გ.-სა და მოწინააღმდეგე მხარეს სს “...-ს” შორის არსებობდა არა შრომითი სამართლებრივი, არამედ _ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ვადა გავიდა 2002წ. 28 თებერვალს. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე სს “...-მ” აღარ ისურვა ს.გ.-თან ხელშეუხებლობის ვადის გაგრძელება, წერილობით აცნობა, რომ აღარ აგრძელებდა მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობას და ხელშეკრულებას შეუწყვეტდა. აპელანტმა ვერ დაადასტურა რომ 2002წ. 28 თებერვალს მიიღო ტექნიკური დავალება, რაც მან შეასრულა და ამიტომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა.
ს.გ.-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განჩინება კანონის დარღვევითაა გამოტანილი _ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საპროცესო ნორმა მიუთითა მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლად, რაც მიუთითებს, რომ განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს.გ.-სა და სს “...-ს” შორის 2001წ. 12 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს შეადგენდა საკონსულტაციო მომსახურება, დანართის II ნაწილის მიხედვით კი კონსულტანტ ს.გ.-ს ევალებოდა ხრამჰესი 1 და 2-თან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე “...-ის” მენეჯმენტის ყველა გონივრული მოთხოვნის განხორციელება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2002წ. 28 თებერვლამდე. ხელშეკრულების მე-8 მუხლით კომპანია უფლებამოსილი იყო ვადამდე შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება კონსულტანტისათვის ერთი კალენდარული თვით ადრე წერილობითი შეტყობინების მიცემის გზით, სადაც მიუთითებდა ვადამდე შეწყვეტის მიზეზს.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხარეთა შორის დადებული გარიგება ნარდობის ხელშეკრულებად. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
სკ-ს 629-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. პალატა თვლის, რომ შრომის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. შრომის ხელშეკრულებით მუშაკი ვალდებულია, შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ნარდობისაა, იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი, მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება, შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ექვემდებარება ადმინისტრაციას (დამსაქმებელს), ის სამუშაოს ასრულებს შრომის შინაგანაწესის მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში კონსულტანტი (ექსპერტი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას ექვემდებარება ადმინისტრაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში. შრომითი ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს მუშაკის შრომის შედეგი, ისევე როგორც _ ნარდობის ხელშეკრულების შემთხვევაში. მუშაკი ხშირად ასრულებს სამუშაოს პირადად და საკუთარი რისკით.
შკკ-ს 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ხელშეკრულების ვადის გასვლა ს. გ.-სა და სს “...-ს” შორის ხელშეკრულება გაფორმებული იყო ერთიწ. ვადით. საწარმოს ადმინისტრაციამ იგი ერთი თვით ადრე გააფრთხილა ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ვადის გასვლის შემდეგ აღარ გააგრძელა მასთან შრომითი ურთიერთობა.
ხელშეკრულების 10.04 მუხლის მიხედვით ხელშეკრულება გაგრძელდება იგივე ვადით, თუ ვადის გასვლის თარიღამდე ერთი თვით ადრე მხარეები არ შეატყობინებენ ერთმანეთს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციამ შეთანხმებისამებრ გააფრთხილა მუშაკი ერთი თვით ადრე ვადის გასვლამდე, რაც ადასტურებს იმას, რომ აღარ აპირებდა მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აგრძელებდა შრომით ურთიერთობას საწარმოსთან. მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ნორმა, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციას გააფორმოს მუშაკთან ხელახალი კონტრაქტი.
პალატა განმარტავს, რომ მუშაკის დათხოვნისას ვადიანი შრომთი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო განთავისუფლების ბრძანების დაშვება შრომითი ურთიერთობის შესაწყვეტად სავალდებულო არ არის.
გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ს. გ.-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.