3კ-1364-02 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ნ.-მ სარჩელით მიმართა ისან-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “კ.-ს” მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, ასევე განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 50000 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ შპს “გ.-სთან” ამჟამად წოდებული “კ.-დ” 1998წ. პირველ სექტემბერს გააფორმა შრომითი ხელშეკრულება გარაჟის უფროსის თანამდებობაზე სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. “კ.-ს” გენერალური დირექტორის 2001წ. 23 ივნისის ¹101-კ ბრძანებით, მოსარჩელე თავდაპირველი სამუშაოდან, გადაყვანილი იქნა გარაჟის ტექმომსახურების უფროსის თანამდებობაზე ისე, რომ აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. 2001წ. 11 სექტემბრის ¹147-კ ბრძანებით კი გაანთავისუფლეს გარაჟის უფროსის თანამდებობიდან იმ მოტივით, რომ არ ასრულებდა გენერალური დირექტორის დირექტივებს, არ უზრუნველყოფდა სატვირთო მანქანების ყოველდღიურ მოვლას და სატვირთო მანქანებს გზავნიდა დანიშნულების ადგილზე ცუდ მდგომარეობაში.
თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 იანვარის გადაწყვეტილებით რ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – ბათილად იქნა ცნობილი შპს “კ.-ს” გენერალური დირექტორის 2001წ. 23 ივლისის ¹101-კ ბრძანება რ. ნ.-ის ...-ს ლუდის ქარხნის გარაჟის უფროსობიდან გარაჟის ტექმომსახურების უფროსად გადაყვანის შესახებ და 2001წ. 11 სექტემბრის ¹147-კ ბრძანება გარაჟის უფროსობიდან რ. ნ.-ის განთავისუფლების შესახებ. შპს “კ.-ს” რ. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
შპს “კ.-მ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთაA სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
რ. ნ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია სსკ-ს 384-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. შპს “კ.-ო” კი არ აყენებს საკითხს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათაAგამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “კ.-ს” დირექტორის მიერ რ. ნ.-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2001წ. 11 სექტემბერს ¹147-კ ბრძანებით. რეზო ნ.-მ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შეიტყო 2001წ. პირველ ოქტომბერს სტენდზე გამოკრული ბრძანების მეშვეობით. მისივე განმარტებით 2001წ. 1 ოქტომბრიდან აეკრძალა სამსახურის ტერიტორიაზე შესვლა. ბრძანება ჩაიბარა 15 თუ 20 ოქტომბერს. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2001წ. 28 ნოემბერს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექის 204-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით სამუშაოდან დათხოვნის საქმეთა გამო სასამართლოსთვის მიმართვის ვადა ერთი თვეა. ხანდაზმულობის დენა კი იწყება იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო მისი დარღვეული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში – სამუშაოდან დათხოვნის შესახებ.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ რ. ნ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მხარის განმარტებით მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ იგი შრომის კანონთა კოდექსის დარღვევით იქნა განთავისუფლებული სამუშაოდან. არ ჩააბარეს ბრძანება, არ აცნობეს სხვა სამსახურში გადაყვანის თაობაზე, ასევე განთავისუფლების ბრძანება სტენდზე გამოაკრეს.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმიანი რეპუტაციის შელახვად არ შეიძლება ჩაითვალოს პიროვნების განთავისუფლება სამსახურიდან, მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოქვეყნება ან ბრძანების ჩაუბარებლობა. აღნიშნული არ შეიძლება იყოს სკ-ს მე-18 მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სამართლის გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ნ.-ის საკასაციო საცივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
რ. ნ.-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ¹410130326 ანგარიშიდან 9 ლარი და ¹000141107 ანგარიშიდან 21 ლარის ოდენობით.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.