3კ-1366-02 23 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის (სარჩოს) ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მ.-ი 1957 წლიდან მუშობდა შპს “ს.-ის” ფილიალში სადგურ “თბილისის სამგზავროში” მატარებლის შემადგენლის თანამდებობაზე.
1990წ. 23 მაისს, საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მან მიიღო სხეულის დაზიანება და დაკარგა 60% შრომის უნარი, რის თაობაზეც შედგა უბედური შემთხვევის აქტი. გ. მ.-ს ყოველთვიურად უნაზღაურდებოდა ზიანი სარჩოს სახით, მაგრამ 1993წ. ოქტომბრიდან შპს-მ ზიანის ანაზღაურება შეუწყვიტა.
2002წ. მარტში გ. მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “ს.-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა 1993წ. ოქტომბრიდან მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მატარებლის შემადგენლად მომუშავე პირთათვის ყოველთვიური ხელფასი ამჟამად შეადგენს 129 ლარს.
გ. მ.-მ მოითხოვა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ყოველთვიურად მატარებლის შემადგენლის ხელფასის – 129 ლარის 60%-ის, 77 ლარის და 40 თეთრის და 1993წ. ოქტომბრიდან 2002წ. მაისამდე პერიოდის გაუცემელი თანხის – 7342 ლარის და 80 თეთრის მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “ს.-ის” ფილიალს, სადგურ “თბილისის სამგზავროს” გ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2002წ. 1 ივნისიდან ყოველთვიურად სარგოს _ 77 ლარის და 40 თეთრის, 2002წ. მარტიდან მიუღებელი სარგოს _ 232 ლარის და 20 თეთრის გადახდა, ხოლო 1993 წლიდან მიუღებელი სარგოს, 7740 ლარის, თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
გ. მ.-მ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა 1993 წლიდან მიუღებელი თანხის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი დააკმაყოფილა.
სასამართლომ დაადგინა, რომ გ. მ.-ს საწარმოო ტრამვის გამო დანიშნული პენსიის მიცემა მოპასუხემ შეუწყვიტა 1993წ. ოქტომბრიდან. დადგენილია, რომ ყოველთვიური სარჩოს ოდენობა შეადგენს 77 ლარს და 40 თეთრს, ხოლო 1993წ. ოქტომბრიდან 2002წ. ოქტომბრამდე პერიოდში გაუცემელი სარჩოს ოდენობა შეადგენს 8359 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს გ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2002წ. 1 ივნისიდან მიუღებელი სარჩოს, 232 ლარის და 20 თეთრის, გადახდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული მიუღებელი სარჩოს ოდენობა _ 464,4 ლარი უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ 8359 ლარს და სხვაობა – 7,894 ლარი გ. მ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს “ს.-ს”
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 20 მაისის გადაწყვეტილება მიუღებელი სარგოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა 1993 წლიდან მიუღებელი სარგოს სახით ზიანის ანაზღაურება 7894 ლარის ოდენობით.
შპს “ს.-ა” საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას მიუღებელი სარგოს მოთხოვნის დაკისრების ნაწილში.
კასატორი თვლის, რომ 1993 წლიდან მიუღებელი თანხის მოთხოვნა ხანდაზმულია. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი და არ გამოიყენა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონდარღვევითაა მიღებული და იგი უნდა გაუქმდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 52-ე მუხლი და არასწორად განმარტა იგი. აღნიშნული ნორმით დაზარალებულის შრომის უნარის ხარისხის დაკარგვის პერიოდისათვის დანიშნული სარჩოს თანხის გაცემის ვადის დამთავრებისას შემდგომი პერიოდისათვის თანხის გაცემის განახლება ხდება წინა პერიოდის ვადის დამთავრების დღიდან სათანადო საბუთების წარდგენისას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა გამორიცხავს მოთხოვნის ვადის ხანდაზმულობას, რადგან მიუღებელი თანხის ანაზღაურება ხდება “წინა პერიოდის ვადის დამთავრების დღიდან”, რაც არასწორია. აღნიშნული ნორმის მომდევნო წინადადება აზუსტებს იმ გარემოებას, თუ რა ვითარებაში ხდება “გასული პერიოდის” გაუცემელი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა. კერძოდ, გასული პერიოდის გაუცემელი თანხა ანაზღაურდება, თუ შრომისუნარიანობის დაკარვგის ხარისხს ამ პერიოდისათვის ამტკიცებს სასამართლო-სამდიცინო ექსპერტიზის კომისია, ე.ი. ეს ნორმა ადგენს არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, არამედ ვადიანი სარჩოს ანაზღაურებისას ვადის გასვლის შემდეგ საბუთების ხელახალი წარდგენისა და გაუცემელი სარჩოს ანაზღაურების წესს.
რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობას, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სკ-ს დადგენილი წესები. სკ-ს 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულებას ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ეს ზოგადი ნორმაა და იგი ვრცელდება ყველა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებზე ცალკეული გამონაკლისის გარდა. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია, თუ რა შემთხვევაში არ ვრცელდება მოთხოვნაზე ხანდაზმულობა _ კანონი არ უშვებს ხანდაზმულობის ვადის გავრცელებას ისეთ მოთხოვნაზე, რომელიც პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევიდან გამომდინარეობს. ასევე, მეანაბრეთა მოთხოვნებზე ბანკში და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილ ანაბრებზე. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, მასზე ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება, რადგან შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომელზედაც ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. პერიოდულად შესრულებულ ვალდებულებაზე არსებობს ვადის ათვლის თავისებურება, რაც დაკავშირებულია შესასრულებელი ვალდებულების პერიოდულობასთან _ თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით 3 წელია (იხ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის ¹3კ/1198-02 გადაწყვეტილება)*. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონდარღვევითაა მიღებული და იგი უნდა გაუქმდეს.
პალატა თვლის, რომ გ. მ.-ს, რომელსაც შრომის უნარის 60% დაკარვგის გამო უვადოდ დაენიშნა სარჩო, მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე (2002წ. 26 მარტი) უნდა აუნაზღაურდეს ბოლო სამი წლის მიუღებელი სარჩო ყოველთვიურად 77 ლარი და 40 თეთრის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. მ.-ის სარჩელი 1993 წლიდან 1997წ. 26 მარტამდე მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამიწ. გაუცემელი თანხა უნდა ანაზღაურდეს იმ ოდენობით, რაც სასამართლომ დაადგინა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამრეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს შპს “ს.-ისათვის” გ. მ.-ის სასარგებლოდ 7894 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს “ს.-ს” გ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1999წ. 26 მარტიდან მიუღებელი სარგო _ ყოველთვიურად 77,4 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.