საქმე # 330100123007994429
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №297აპ-24 ქ. თბილისი
ბ. ბ. 297აპ-24 12 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2017 წლის 18 დეკემბერს შპს ,,მ–სა“ და ბ. ბ–ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,მ–ს“ სახელზე რეგისტრირებული ,,ჰონდა სთეფვაგონის’’ (HONDA STEFWGN) მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით – ....., სარგებლობაში გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ლიზინგის მიმღებ ბ. ბ–ს. 2018 წლის ზამთარში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ბ. ბ–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა და განკარგა პირადი შეხედულებისამებრ. ვინაიდან 2021 წლის 17 ივნისს, შპს ,,მ–ს“ პრობლემური აქტივები გადაეცა შპს „.......ას“, ბ. ბ–ს დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ კომპანიას მიადგა 10 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
3.2. ბ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2000 ლარი ჯარიმა;
3.3. ბ. ბ–ს 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა ბ. ბ–ს მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ჩუბინიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და ბ. ბ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - განსაზღვრას;
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ნ-ს შესაგებელი. დაცვის მხარე შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ბ. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ბ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა ბ. ბ–მა აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი. აგრეთვე, ის გარემოებები, რომ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N............. დასკვნის თანახმად, ქმედების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში; არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, არის დასაქმებული და გამოხატავს მზაობას დაზარალებულს ეტაპობრივად აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, რაც ნაწილობრივ აანაზღაურა.
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის სპეციალური და ზოგადი პრევენციის მნიშვნელობას და იმ გარემოებას, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს პრინციპი ინდივიდის თავისუფლების სასარგებლოდ. აღნიშნული გულისხმობს, რომ პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33).
13. სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, შედეგებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრულ როგორც სასჯელის სახეს, ასევე - ოდენობას.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე