Facebook Twitter
3კ-1385-02

3კ-1385-02 30 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ.-მ და ე. მ.-მ 2001წ. 20 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით ბ. კ.-ისაგან შეიძინეს ქ.თბილისში ... მდებარე ბინა.

2001წ. ოქტომბერში მ. ბ.-მ და ე. მ.-მ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში ბ. კ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხემ უარი განაცხადა გასხვისებული ბინის განთავისუფლებაზე.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დააკმაყოფილა 2001წ. 13 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის დ.ყოლბაიას შუამდგომლობა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სასამართლომ სსკ-ს 230-ე მუხლის შესაბამისად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ბ. კ.-მ. 2002წ. 13 მარტს მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ბ. კ.-მ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ბ. კ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც დაკავშირებული იყო ა. ა.-ის მიერ მოპასუხეებისაგან სესხად აღებულ თანხასთან. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სკ-ს 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ ბ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 242-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბაისად თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მხარე, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მის მიმართ სასამართლოს გამოაქვს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით.

სსკ-ს 366-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წინამძღვრები.

სააპელაციო პალატის სხდომაზე ბ. კ.-მ დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სხდომის ჩატარების დროის თაობაზე და მისი გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. ბ.კ.-მ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი ნამდვილად იყო ავად და ამ გარემოებამ შეუშალა ხელი სასამართლოში გამოცხადებაში.

ბ.კ.-ე საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის არა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოდ ჩათვლას, არამედ არსებით გარემოებებს, რაც არ შეიძლებოდა ყოფილიყო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის განხილვის საგანი.

სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოიტანა კანონის შესაბამისი განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინება დარჩეს უვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.