საქმე # 010142224701711826
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №23აგ-24 ქ. თბილისი
ძ. გ. 23აგ-24 26 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ძ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ. ღ–სა და ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენით:
1.1. გ. ძ–ს – დაბადებული 2... წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
1.2. გ. ძ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 7 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით), შეუმცირდა ჯარიმის ოდენობა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი;
1.3. გ. ძ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენით:
3.1. გ. ძ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე;
3.2. გ. ძ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. გ. ძ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
4. 2024 წლის 13 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ გ. ძ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ლ. ღ–მ და ზ. გ–მა და მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვა, მოწმე პ. ღ–ის დაკითხვა და გ. ძ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ძ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. გ–სა და ლ. ღ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ძ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ლ. ღ–მ და ზ. გ–მა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითება, რომ დაუშვას შუამდგომლობა.
7. 2024 წლის 11 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა როზა შელიამ (გ. ძ–ს დედა) და მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის ვადაზე ადრე განხილვა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.
3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე”(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19).
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის თანახმად მოწმე პ. ღ–ე ადასტურებს, რომ 2023 წლის 1 თებერვალს გ. ძ–ს ფიზიკური ძალადობა არ ჩაუდენია. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით კი დაცვის მხარე ითხოვდა პ. ღ–ის მოწმის სახით დაკითხვას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვას და გ. ძ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, გ. ძ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის - ძარცვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, დიდი ოდენობით, – ჩადენა.
6. სასამართლო ითვალისწინებს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ 2024 წლის 12 მაისის პ. ღ–ის განცხადებასა და გამოკითხვის ოქმს, სადაც მითითებულია, რომ 2023 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა კონკრეტულ ტერიტორიაზე, რა დროსაც ნახა გ. ძ–ი და მისი თანმხლები პირები. შენიშნა, რომ ის პირი, რომელსაც სახეზე ჰქონდა წვერი, ისე რომ წაქცევის მომენტი ვერ შენიშნა, იყო წაქცეული და მას თავზე ედგა შედარებით მაღალი პირი, რომელსაც ეცვა ჭრელი ფერის ზედა. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 7-8 წამში მივიდა კიდევ ერთი პირი, რომელიც ეცნო სახეზე, რადგან მას ხშირად ხედავდა ქ. თ–ში, ა–ს ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდნენ მისი მეგობრები და იცოდა, რომ ერქვა გ–ი. მოგვიანებით ადგილზე მისულმა გ–მ ხელი მოჰკიდა ფეხზე მყოფ პირს და გაიყვანა ადგილიდან, ისე რომ წაქცეულ პირს არ მიახლოებია. მოწმის განმარტებით, გ. ძ–ს აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალადობა არავის მიმართ არ განუხორციელებია.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული მოწმის მიერ განცხადებასა და გამოკითხვის ოქმში მითითებული ვერსიის სრულად დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ვერ გამორიცხავს გ. ძ–ს მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტს (არ ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას), ვინაიდან აღნიშნულთან მიმართებით მოწმის ჩვენება არაინფორმატიულია. რაც შეეხება მოწმის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ გ. ძ–ს ძალადობა არ ჩაუდენია, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს გ. ძ–ს ქმედების – ძარცვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, დიდი ოდენობით – ჩადენის კვალიფიკაციაზე (არ ადასტურებს მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო), ვინაიდან კასატორის მიერ წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმის თანახმად, თავად პ. ღ–ც ადასტურებს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას.
8. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ გ. ძ–სის ინტერესების დამცველ ადვოკატებს ლ. ღ–სსა და ზ. გ–ს შუამდგომლობაში არ წარმოუდგენიათ ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო და რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.
9. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. ძ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ. ღ–სა და ზ. გ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე, რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ძ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ. ღ–სა და ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განჩინება, მსჯავრდებულ გ. ძ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ. ღ–სა და ზ. გ–ს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი