Facebook Twitter
3კ-1462-02

3კ-1462-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ნივთების გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბ.-მ და ქ. მ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების ი., ა., ლ. ხ.-ების მიმართ და მოითხოვეს 1070 ლარისა და 90 აშშ დოლარის ღირებულების ქონების დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: იგი ცოლად გაჰყვა ი. ხ.-ს, 7 თვის ერთად ცხოვრების შემდეგ მათ შორის არსებული ფაქტიური ქორწინება შეწყდა. ი. ხ.-მ იგი ბებიასთან სტუმრად მიიყვანა, დატოვა და შემდეგ უკან აღარ წაუყვანია. მოპასუხეთა ოჯახში მას დარჩა ოქროს სამკაულები და ბებიას მიერ ნაჩუქარი ძროხა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაეკისრათ ქ. ბ.-ს დაუბრუნონ მისი კუთვნილი სამკაულები და ძროხა: კერძოდ, ორი წყვილი ოქროს საყურე, ტულპანის ფორმის თვლებით ღირებული 60 აშშ დოლარად; ოქროს საყურე თვლების გარეშე, ღირებული 30 აშშ დოლარად; ძეწკვი ოქროსი, იალქნიანი კულონით, ღირებული 150 ლარად, ძეწკვი ყვავილის კულონით, ღირებული 120 ლარად, ძეწკვი პოლონური – 100 ლარად; სამაჯური ოქროსი, გრეხილირებული _ 100 ლარად; ბეჭედი ნიშნობის, ოქროსი ღირებული – 200 ლარად; შვიდთვლიანი ბეჭედი ოქროსი – 100 ლარად,K ძროხა – ფასი 300 ლარად.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. ბ.-ის და ქ. მ.-ს წარმომადგენლმა მ. ჯ.-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბ.-ისა და ქ. მ.-ს წარმომადგენლის მ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1070 ლარისა და 90 აშშ დოლარის ღირებულების ქონებიდან, რაიონულმა სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელისათვის დაებრუნებინა 550 ლარის ქონება. 300 ლარად ღირებული სადავო ნივთები – ოქროს ბეჭედი და ოქროს ძეწკვი – მოპასუხე მხარესთან იმყოფება, რასაც მხარე აღიარებს, მაგრამ მოსარჩელე აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადო მოსარჩელე მხარედ. დანარჩენი სადავო ოქროს სამკაულების მოპასუხეების ოჯახში დარჩენის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ქ. ბ.-ის და ქ. მ.-ს წარმომადგენელმა მ. ჯ.-მ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაეკისრა მოსარჩელეთათვის დაებრუნებინა 550 ლარის ქონება.

ქ. ბ.-ის და ქ. მ.-ს წარმომადგენელმა მ. ჯ.-მ, როგორც სააპელაციო სასამართლოში ასევე საკასაციო სასამართლოში მოითხოვა მოპასუხეებისაგან დანარჩენი ოქროს ნივთების ღირებულების და ძროხის საფასურის დაბრუნება.

სსკ-ს 391-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

სსკ-ს 401-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ვინაიდან ქ. ბ.-ის და ქ. მ.-ს წარმომადგენლის მ. ჯ.-ის მოთხოვნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. ბ.-ის და ქ. მ.-ს წარმომადგენლის მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.