Facebook Twitter

საქმე # 330100121005314073

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1307აპ-23 ქ. თბილისი

ი. ვ. 1307აპ-23 3 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ც–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ვ. ი–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

1.2. ბ. ბ–სეს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა:

1.2.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.2.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ვ. ი–სა და ბ. ბ–ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 15 სექტემბერს, ღამის საათებში, ვ. ი–ი და ბ. ბ–ე, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, ვ. ი–სის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით ......) მივიდნენ თ–ში, .......ის N..-ში მდებარე, შპს ,,......–ს“ ბენზინგასამართ სადგურთან, კომპანიის კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით. დაახლოებით 04:00 საათზე, წინასწარ შემუშავებული გეგმისა და გადანაწილებული როლების შესაბამისად, ვ. ი–ი დარჩა ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, სიტუაციის გასაკონტროლებლად, ბ. ბ–ს გადასცა თავის მიერ დანაშაულის ჩასადენად მოპოვებული სპეც. ფორმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,ნაგანის“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი და ძალაყინი, რომელთა გამოყენებით, ბ. ბ–ე თავს დაესხა ბენზინგასამართი სადგურის მოსასვენებელ ოთახში მყოფ ოპერატორ ლ. ჯ–ს და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალაყინის სხეულზე დარტყმით, აიძულა, მისთვის გადაეცა კომპანიის კუთვნილი თანხა – 200 ლარი. ვ. ი–ი და ბ. ბ–ე თანხის მისაკუთრების შემდგომ იმავე ავტომობილით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, დაუფლებული თანხა გაიყვეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღები ,,ნაგანის“ სისტემის რევოლვერი, ძალაყინი და თავდასხმისას გამოყენებული სპეც. ფორმა მოიშორეს.

2.2. ვ. ი–მა და ბ. ბ–მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინეს ,,ნაგანის“ სისტემის N... ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - 7 ცალი 7,62 მმ კალბირიანი ვაზნა, რომელიც 2021 წლის 15 სექტემბერს მართლსაწინააღმდეგოდ ატარეს თ–ში, ..........ის N..-ში მდებარე შპს ,,.........ის“ ტერიტორიამდე, გამოიყენეს ყაჩაღობის ჩასადენად და აღნიშნული ტერიტორიიდან წაიღეს გადასამალად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით:

3.1. ბ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ბ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით –თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა, ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ძირითადი სასჯელები და ბ. ბ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1.5. ბ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2021 წლის 15 სექტემბრიდან;

3.2. ვ. ი–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, – დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ვ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ძირითადი სასჯელები და ვ. ი–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.5. ვ. ი–სს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2021 წლის 15 სექტემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ ნიკოლაშვილმა, მსჯავრდებულ ბ. ბ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჩ–მა, ასევე მსჯავრდებულმა ვ. ი–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ც–მ. კერძოდ:

4.1. პროკურორმა მოითხოვა მსჯავრდებულების ბ. ბ–სა და ვ. ი–ს ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, – დამნაშავედ ცნობა.

4.2. მსჯავრდებულმა ვ. ი–მა და მისმა ადვოკატმა ზ. ც–მ მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ვ. ი–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4.3. მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ადვოკატმა გ. ჩ–მა მოითხოვა ბ. ბ–სათვის უფრო მსუბუქი და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. ვ. ი–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, – დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ვ. ი–სი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.2.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

5.2.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5.2.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

5.2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა, ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ძირითადი სასჯელები და ვ. ი–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

5.2.5. ვ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2021 წლის 15 სექტემბრიდან.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ი–ს ადვოკატმა ზ. ც–მ, რომელიც ითხოვს ვ. ი–ს უდანაშაულოდ ცნობას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობით, პროკურორსა და მსჯავრდებულ ბ. ბ–ს შორის და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განაჩენში მსჯავრდებულ ბ. ბ–ს მიმართ;

7.1. ბ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

7.1.1. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 5 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით – ჩაეთვალა პირობით;

7.1.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

7.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

7.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბ. ბ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 5 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

7.1.5. ბ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 15 სექტემბრიდან.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა ვ. ი–ს გამართლება. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა ვ. ი–მა მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაულები.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: ბორის ბერიძის ჩვენება, ვიდეოჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ. ი–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.

10.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ვ. ი–ს უდანაშაულობის, ასევე მსჯავრდებულის მტკიცებას, რომ შემთხვევის დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში გავიდა სახლიდან ტაქსით სამუშაოდ, კლიენტების მომსახურების შემდეგ კი, დაახლოებით 06:00 საათზე, მაშინ, როცა გაჩერებული იყო გ. ბაზართან, დაახლოებით 5 წუთში გამოჩნდა მისი ნაცნობი – ბ. ბ–ე, რომელმაც ჰკითხა – რას ელოდებოდა. პასუხზე, რომ ელოდებოდა კლიენტებს, ბ. ბ–მ სთხოვა, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, კონკრეტულ ადგილას მიეყვანა, რასაც ვ. ი–ი დასთანხმდა (12:38:40). ადგილზე მიყვანისას ბ. ბ–მ, თანხის დამატების პირობით, 5-10 წუთით დალოდება და უკან მიყვანა სთხოვა, რასაც ასევე დასთანხმდა. მცირე ხნის ლოდინის შემდეგ იგი დაბრუნდა ტაქსიში, რის შემდეგაც მიიყვანა გ–ს ბაზართან, სადაც ცხოვრობს (12:40:40). ავტომანქანაში ჩაჯდომისას ბ. ბ–ს ხელში არ შეუმჩნევია რაიმე ნივთი, შესაძლოა, გრძელი ქურთუკის ქვეშ მალავდა. ვერ შეამჩნია ვერც იარაღი და ვერც ძალაყინი (13:20:51). განყოფილებაში აჩვენეს ფოტოსურათი, რომელზეც ფიქსირდება, რომ ავტომანქანაში უზის უნიფორმაში ჩაცმული პირი, თუმცა მას არ დაუნახავს, ბ. ბ–მ როდის ჩაიცვა/გამოიცვალა უნიფორმა, იმავდროულად, არ დაუნახავს, რომ იგი უნიფორმით შემოსილი გადავიდა მისი ავტომანქანიდან, რადგან ბ. ბ–ე უკანა სავარძელზე იჯდა (13:21:22).

10.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბ. ბ–მ დაადასტურა, რომ იგი რამდენიმე შეთავაზების შემდეგ დასთანხმდა ვ. ი–ს წინადადებას და მასთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა, რომელიც მისივე თქმით, შეთანხმებული უნდა ყოფილი ბენზინგასამართი სადგურის იმ თანამშრომელთან, რომლის დასაყაჩაღებლადაც მიდიოდა (13:15:54), კერძოდ, ვ. ი–მა დილით გაუარა ავტომანქანით, გადასცა იარაღი და მიიყვანა შემთხვევის ადგილას ყაჩაღობის ჩასადენად, თავად კი მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებოდა, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, სირბილს ვერ შეძლებდა (13:31:16). ამასთან, დანაშაულის ჩადენის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილიდან ვ. ი–სმა წამოიყვანა. იარაღი თავად ბ. ბ–მ წაიღო, ვინაიდან ვ. ი–ი, როგორც ტაქსის მძღოლი, მიდიოდა კლიენტთან და შეთანხმდნენ, რომ საღამომდე იარაღს ბ. ბ–ე შეინახავდა, შემდეგ კი დაუბრუნებდა (13:37:06). სასამართლომ განიხილა სს საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები, რომლებითაც ასევე დასტურდება მათი გადაადგილება.

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულ ლ. ჯ–ს ჩვენებას, მათ შორის, დაზარალებულის განმარტებას, რომ თავდამსხმელისათვის ცნობილი იყო სეიფისა და ვიდეოკამერის ადგილმდებარეობა, ვინაიდან პირდაპირ მიუთითა სეიფზე (რომელიც განთავსებული იყო სამუშაო მაგიდის ქვემოთ) და ასევე უთხრა, რომ იცოდა კამერის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერსაც.

12. ვ. ი–სის მართვის ქვეშ მყოფი ,,ტოიოტა პრიუსის” მოდელის ავტომანქანის (სახ. ნომერი ......) გადაადგილების მიხედვით, ვიდეოჩანაწერების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებულ განაჩენში ამ ნაწილში მითითებული ინფორმაციის სიყალბის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ფაილში ,,........“, 2021 წლის 15 სექტემბერს 03:48:22 საათზე ჩნდება „ტოიოტა პრიუსის“ ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით .........., რომელსაც თავზე აქვს დადგმული ტაქსის ნიშანი აღნიშნული ავტომანქანა გაჩერებულია შუქნიშანზე, დაიძვრება და მიემართება ა–ს და ც–ს ქუჩის კვეთაზე და კადრიდან გადის 05:48:27 საათზე.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სადავო ვიდეოჩანაწერის (რომელიც დათვალიერდა ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით) თანახმად, ,,ტოიოტა პრიუსის” მოდელის ავტომანქანა (სახ. ნომერი ......), რომელიც გაჩერებულია შუქნიშანზე, მოძრაობას იწყებს 2021 წლის 15 სექტემბერს, 05:48:20 საათზე (შეუიარაღებელი თვალით სახელმწიფო ნომერი აღქმადი ხდება ვიდეოჩანაწერის დროის თანახმად, 05:48:22 საათზე), ხოლო კადრიდან გადის 05:48:27 საათზე (იხ., ვიდეოჩანაწერი 00:01:04; 00:00:57).

12.2. იმ პირობებში, როდესაც სს წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერით დასტურდება ავტომანქანის გადაადგილების რეალური დრო, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა – დრო გადმოტანილია ცდომილებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ყალბი მტკიცებულებები, რაც გაიზიარა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა.

13. კასატორის მტკიცებაზე, პოლიციელების მხრიდან ვ. ი–ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის .......ის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კ. ს–ს წერილის თანახმად, წარმოებაშია სს საქმე, საქართველოს შსს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან ვ. ი–ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლს მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ც–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე