Facebook Twitter

საქმე # 340100120004020070

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №130აპ-24 ქ. თბილისი

ხ. მ.130აპ-24 24 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ხ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით;

1.2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;

1.3. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;

1.4. მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, მ. შ–ს კუთვნილი ........ის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი უთანხმოების ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით, მ. ხ–მა, განზრახ მკვლელობის მიზნით, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, 7,65X17 მმ კალიბრიანი ცეცხსასროლი იარაღიდან არაერთგზის დამიზნებით ესროლა მ. შ–ს, რა დროსაც, გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

2.2. მ. ხ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 7,65X17 მმ კალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს – პისტოლეტს და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას (ვაზნას).

2.3. 2019 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, მ. შ–ს კუთვნილი .........ის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ხ–ი, პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ, 7,65X17მმ კალიბრიან ცეცხსასროლ იარაღს და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას (ვაზნას).

2.4. 2019 წლის ზაფხულში მ. ხ–მა ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში, მინდორში, უკანონოდ შეიძინა – მოკრიფა 38,18 გრამი ნარკოტიკული საშუალება – „გამომშრალი მარიხუანა“, რასაც უკანონოდ ინახავდა ქალაქ ლ–ში, თავისუფლების ქუჩის №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით მ. ხ–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან საქართველოს სსკ-ის 2731-ის მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის;

3.1. მ. ხ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ხ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

3.2. მ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 24 ივლისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოთარ სამუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენში მ. ხ–ს მიმართ შევიდა ცვლილება კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

5.1. მ. ხ–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან საქართველოს სსკ-ის 2731-ის მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის;

5.2. მ. ხ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 18 დეკემბერს მოქმედი რედაქცია);

5.3. მ. ხ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.3.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით (2019 წლის 18 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5.3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

5.3.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

5.3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ხ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5.4. მ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 24 ივლისიდან.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

6.1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი შალვა ნიკვაშვილი ითხოვს მ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

6.2. მსჯავრდებულ მ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. ბ–ე ითხოვს მ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ, ბრალდების მხარე ითხოვს თავდაპირველი – ბრალადწარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით) კვალიფიკაციით მსჯავრდებას და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე – მსჯავრდებულის სრულად გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სს საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეოჩანაწერების (რომლებიც ვერ იქნა გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე) კრებსები (მატერიალური სახით წარმოდგენილი), დაცვის მხარემ უდავოდ ცნო, შესაბამისად, უნდა მოხდეს მათი შინაარსის გაზიარება. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

9.1. 2021 წლის 7 აპრილის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულება, მათ შორის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის N11დ/90-19 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – შპს „ა–ს“ კლინიკაში არსებულ მ. შ–ს პალატაში ფარული ვიდეოჩაწერის და აუდიოჩაწერის – შედეგად მოპოვებული მასალის კრებსები, რომელთა გამოკვლევისას, პროკურორის კითხვაზე, სურს თუ არა დაცვის მხარეს, წაიკითხონ კრებსები, ადვოკატი ლ. ბ–ე პასუხობს, რომ არ სურს (16:42:10); გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 დეკემბრის N11დ/91-19 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – ქ. ლ–ში, თ–ს ქუჩის N..-ში მდებარე, მ. ხ–ს საცხოვრებელ სახლში ფარული ვიდეოჩაწერის და აუდიოჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის კრებსების გამოკვლევისას, პროკურორმა აღნიშნა: ,,ამ კრებს აღარ წავიკითხავ” (16:47:27); ასევე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის N11დ/92-19 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – ტელეფონის ნომრებზე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის – შედეგად მოპოვებული მასალის კრებსების გამოკვლევისას, პროკურორმა მიუთითა: ,,შესაბამისი კრებსებია წარმოდგენილი საქმეში, რომელიც ასახავს ფარულ მიყურადებას” (16:53:00); ასევე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის N11დ/3-20 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – ავტომობილში განხორიციელებული ფარული ვიდეოჩაწერისა და აუდიოჩაწერის - შედეგად მოპოვებული მასალის კრებსების გამოკვლევისას პროკურორმა მიუთითა: ,,შესაბამისი კრებსი არის წარმოდგენილი, აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე” (16:58:39).

9.2. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს უდავოდ არ უცვნია მითითებული კრებსები.

10. 2021 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომაზე სადავო დისკების გამოკვლევის მცდელობისას, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სამსახურის სპეციალისტის დახმარებით ვერ მოხერხდა ჩანაწერების (გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 დეკემბრის N11დ/91-19, 2019 წლის 25 დეკემბრის N11დ/92-19 და 2020 წლის 16 იანვრის N11დ/3-20 განჩინებების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები) გამოკვლევა, ხოლო ადვოკატმა ლ. ბ–მ კატეგორიულად მიუთითა, რომ აღნიშნულ მტკიცებულებას დაცვის მხარე უდავოდ არ ხდიდა (13:34:47).

10.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ვინაიდან გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 დეკემბრის N11დ/91-19, 2019 წლის 25 დეკემბრის N11დ/92-19 და 2020 წლის 16 იანვრის N11დ/3-20 განჩინებების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში არ (ვერ) გამოკვლეულა, სასამართლო ამ მტკიცებულებებს განაჩენის გამოტანისას მხედველობაში ვერ მიიღებს და ვერ გამოიყენებს, მით უმეტეს, ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მ. ხ–ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

10.2. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დაედება საფუძვლად ის კრებსები, რომელთა სადავოდ დამტკიცებული წყარო – ვიდეოჩანაწერები – სასამართლო სხდომაზე არ/ვერ იქნა გამოკვლეული, ხოლო რაც შეეხება გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის N11დ/90-19 განჩინების საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, ადვოკატმა ლ. ბ–სემ უდავოდ ცნო პალატაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედება (14:43:38); იმავდროულად, მოსამართლემ მიუთითა, ხოლო ადვოკატი დაეთანხმა, რომ კრებსები უკვე გამოკვლეული იყო (14:43:55). შესაბამისად, სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე ითვალისწინებს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.

11. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საეჭვოა და შესაბამისად, არაგასაზიარებელი – „Honda Fit-ის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით ....) სალონში ნანახი ვაზნის კანონიერება, ვინაიდან:

11.1. ამოღების 2019 წლის 18 დეკემბრის ოქმის თანახმად, ამოიღეს „Honda Fit-ის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ..... საგამოძიებო მოქმედებისას აღნიშნული ავტომობილი დაათვალიერეს, რის შემდეგაც გადაიყვანეს და გააჩერეს ლაგოდეხის პოლიციის ტერიტორიაზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაილუქა მხოლოდ მოწითალო ლაქებიდან აღებული ნიმუშები, შესაბამისად, ოქმში არაფერია ნათქვამი ავტომობილის დალუქვის შესახებ (ტ. N1; ს.ფ. 98-102);

11.2. აღნიშნულის შემდეგ 2020 წლის 22 ივნისს (ავტომანქანის ამოღებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ), გამომძიებელმა დანიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა და სხვა კითხვებთან ერთად ექსპერტს დაუსვა შეკითხვა, მოეძიებინა ხომ არ იყო დარჩენილი ავტომობილში სროლის შედეგად დარჩენილი ვაზნა ან მასრა (ტ. N3; ს.ფ. 103-104);

11.3. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, კერძოდ, 2020 წლის 30 ივნისის სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ლ. თ–ს დაუკავშირდა შსს საექსპერტო-კრიმინალისიტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური განყოფილების მთავარი ექსპერტი – პ. დ–ე და შეატყობინა, რომ ავტომანქანის სალონში, კერძოდ, მძღოლის სავარძელსა და ე.წ. ბარს შორის იპოვა ერთი ცალი ტყვია (ტ. N3; ს.ფ. 107). შესაბამისი ამოღების 2020 წლის 30 ივნისის ოქმის თანახმად, „Honda Fit-ის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით ....) ავტომობილიდან ამოიღეს ტყვია (ტ. N3; ს.ფ. 112-116).

11.4. აღნიშნულისა და საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ტყვიის გულის მიმართ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, დასახელებული ნივთიერი მტკიცებულება და მის საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: „Honda Fit-ის“ მარკის ავტომობილიდან, სახელმწიფო ნომრით – ....., ამოღებულ ტყვიის გულაზე, ექსპერტ პ. დ–ს მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და იმავე ტყვიის გულის კვლევის თაობაზე, ექსპერტ ვ. ო–ს მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წინამდებარე განაჩენს.

12. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მ. ხ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, ქ. ლ–ში მდებარე შპს „ა–ს“ კლინიკის პალატაში განხორციელებული ფარული ვიდეოჩაწერის და აუდიოჩაწერის მასალებით, ფაქტის უშუალო შემსწრე ა. კ–სის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 28 დეკემბრის N..... და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2020 წლის 6 აპრილის №....... დასკვნით, ექსპერტ თ. ზ–ს ჩვენებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. ხ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები, კერძოდ:

12.1. ქ. ლაგოდეხში მდებარე შპს „ა–ს“ კლინიკაში, მ. შ–სის პალატაში, ჩატარებული ფარული ვიდეოჩაწერისა და აუდიოჩაწერის თანახმად, აშკარაა, რომ მ. შ–მ დაინახა თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ერთხელ (,,პირველი ხომ მესროლა, მერე აღარ მესროლა“; ტ. N1; ს.ფ. 40; 78) იმავდროულად, მოსაუბრეები საუბრობენ იმ გარემოებაზეც, რომ გასროლილი ტყვია არ მოხვდა ა. კ–ს (,,კიდევ კარგი, ა–ს არ მოხვდა“; ტ. N1; ს.ფ. 49). აღნიშნული, თავის მხრივ, ადასტურებს ამ უკანასკნელის შემთხვევის ადგილზე ყოფნას და შესაბამისად, მისი სასამართლოში მიცემული ჩვენების სარწმუნოობას, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან.

12.2. გარდა ამისა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. შ–ს აღენიშნებოდა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ჰემოტორაქსი. რაც, განვითარებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

12.3. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №......... დასკვნით ასევე დგინდება, რომ შემთხვევის დროს მ. შ–ს ზედნაცვამ ტანსაცმელზე – მაისურის, სპორტული ტიპის ზედატანის და შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.

12.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ. ხ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.

13. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ მ. ხ–მა ჩაიდინა არა მსჯავრადშერაცხილი (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით), არამედ ბრალადწარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული) დანაშაული, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:

13.1. მსჯავრდებული უარყოფს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას;

13.2. მოწმე ა. კ–ს ჩვენების თანახმად, მსჯავრდებულმა დაზარალებულს სთხოვა ავტომანქანიდან გადასვლა, უარის მიღებისას გაისროლა (რა დროსაც დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით იქნებოდნენ მისგან). ამის შემდეგ დაზარალებულმა შემთხვევის ადგილი მაშინვე დატოვა ავტომანქანით; მ. შ–მ გზაში უთხრა – „მგონი დამჭრა, წავიდეთ საავადმყოფოში“. აღნიშნულით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ავტომანქანის საჭესთან მჯდომ დაზარალებულს ესროლა ერთხელ. ამასთან, ა. კ–ს ჩვენება და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სრულად შეესაბამება ერთმანეთს. მ. ხ–ს მიერ სხვა გასროლის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე დასაშვები მტკიცებულება სს საქმეში წარმოდგენილი არ არის, აღნიშნულისა და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება, საიდან, როდის, ვისგან და რა ვითარებაში წარმოიქმნა დაზარალებულის კუთვნილ ავტომობილის უკანა ნაწილზე ორი დაზიანება.

13.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მსჯავრდებულის განზრახვა, სიცოცხლე მოესპო დაზარალებულისათვის, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს დამატებითი დაზიანების მიყენების შესაძლებლობა, კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარარსებობის პირობებში თავად შემოიფარგლა მიყენებული დაზიანებით თუ, სიცოცხლის მოსპობის განზრახვის პირობებში, ობიექტურად არ მიეცა აღნიშნულის შესაძლებლობა. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, იმავდროულად, მ. ხ–ს მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით.

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის პოზიცია არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

15 სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“(იხ. Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი