გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/262-02 16 აპრილი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჟ. კ-შვილსა და პ. მ-შვილს შორის 1992 წელს დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი გადავიდა პ. მ-შვილის საკუთრებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ჟ. კ-შვილის მეურვემ ე. ე-ძემ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ჟ. კ-შვილი ხელშეკრულების დადების მომენტისათვის იყო ფსიქიურად დაავადებული. 1964 წლიდან იგი ფსიქიური ავადმყოფია და იმყოფება აღრიცხვაზე ქუთაისის ფსიქონევროლოგიულ დისპანსერში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი ცნობილია ქმედუუნაროდ.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით პ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. ს. ქ-ძის სარჩელი, ჟ. კ-შვილსა და პ. მ-შვილს შორის 1992 წლის 26 ნოემბერს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. დაკმაყოფილდა პ. მ-შვილის შეგებებული სარჩელი. ს. ქ-ძე ოჯახის ყველა წევრთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან. ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა პ. მ-შვილს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ პ. მ-შვილის განმარტება იმის შესახებ, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყვეტილიყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებით, რადგან ბინის ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება 1992 წელს დაიდო, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით კი უძრავ ნივთთან დაკავშირებული დავა უნდა გადაწყდეს 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 1956 წლის 3 ივლისიდან ჟ. კ-შვილი მუშაობდა ქ. ქუთაისის მაუდის ფაბრიკის, საჩეჩ-სართავ უბანში, ქ. ქუთაისის ბამბეულის საქსოვ გაერთიანებაში კი 1991 წლის 13 მაისამდე. ქუთაისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის ცნობის მიხედვით ჟ. კ-შვილი იმყოფებოდა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე 1963 წლის 13 სექტემბრიდან, 1963 წლის 17 ივნისიდან 20 ივნისამდე მოთავსებული იყო ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში. 1965-66 წლებში პერიოდულად ცხადდებოდა ამბულატორიულ მიღებებზე. მას შემდეგ დისპანსერისთვის არ მიუმართავს. 1970 წლის 19 ნოემბრიდან იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. პ-ავასთან. მას გაკეთებული ჰქონდა ბინის პრივატიზაცია. ყოველივე აღნიშნულიდან დასტურდება, რომ 1992 წლის 26 ნოემბერს, პ. მ-შვილთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, ჟ. კ-შვილი ქმედუნარიანი იყო. ის, რომ ჟ. კ-შვილი მხოლოდ სამი დღით იმყოფებოდა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, არ იძლევა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ პ. მ-შვილს არ გადაუხდია ბინის ნასყიდობის ფასი; რადგან საქმეში არსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე კ-შვილის მიერ გაკეთებულია წარწერა, რომ მან ჩაიბარა 70 000 მანეთი.
სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ბათილია სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ნების გამოვლენა, მაგრამ კ-შვილი სასამართლოს მიერ ასეთად აღიარებულ იქნა 1996 წელს, ხოლო, ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ოთხი წლით ადრე - 1992 წელს. სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რამდენადაც 2001 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია დადგინდეს 1992 წლის 26 ნოემბერს, კ. მ-შვილთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, კ-შვილს შეეძლო თუ არა ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებებისათვის და ეხელმძღვანელა მისთვის, ამიტომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე ხსენებული ხელშეკრულება ვერ გაბათილდება. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები კ-შვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, რადგან ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ქ-ძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა მოცემული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატას დავა უნდა გადაეწყვიტა სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით. ასევე, სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ დაბადებიდან ჟ. კ-შვილი ფსიქიურად დაავადებული იყო და ასაკის მომატებასთან ერთად მდგომარეობა ურთულდებოდა. ამის გათვალისწინებით შეუძლებელია, იგი გარიგების დადებისას ყოფილიყო ქმედუნარიანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ჟ. კ-შვილმა თავისი პრივატიზირებული ბინა 1992 წლის 26 ნოემბერს მიჰყიდა პ. მ-შვილს. ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ბინის მესაკუთრემ ჩაიბარა ბინის ღირებულება - 170 000 მანეთი. ქ. ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჟ. კ-შვილი ჭკუასუსტობისა და სულით ავადმყოფობის გამო ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ. ჟ. კ-შვილის მეურვე ე. ე-ძემ 1999 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხესა და ჟ. კ-შვილს შორის 1992 წელს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ჟ. კ-შვილი 1964 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჟ. კ-შვილი 1963 წლის 13 სექტემბრიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა ქ. ქუთაისის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში დიაგნოზით “დებილი რეაქციაში”. 1965-1966 წლებში იგი პერიოდულ ამბულატორულ მიღებაზე ცხადდებოდა, ხოლო შემდგომში კი არ მიუმართავს დისპანსერისათვის. იგი 1991 წლის მაისამდე მუშაობდა ქ. ქუთაისის ბამბეულის საქსოვ გაერთიანებაში; 1970 წლის ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. პ-ავასთან; ჟ. კ-შვილმა თვითონ გააფორმა სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება 1992 წლის ოქტომბერში; ხოლო 1992 წლის ნოემბერში გააფორმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება პ. მ-შვილთან. ამ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც ჟ. კ-შვილის დამოუკიდებელ მოქმედებებს ასახავს, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ჟ. კ-შვილს შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ქ-ძეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ჟ. კ-შვილის მეურვემ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა 1999 წელს. ჟ. კ-შვილი გარდაიცვალა 2000 წლის 28 ნოემბერს და საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა ს. ქ-ძე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა ხანდაზმულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 75-ე მუხლის თანახმად, რადგან საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 1992 წლის 26 ნოემბერს, მისი ბათილობის თაობაზე კი სარჩელი აღძრულ იქნა 1999 წლის 20 სექტემბერს, რითაც დარღვეულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი.
კასატორ ს. ქ-ძეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაედო საქმის განხილვამდე. ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი სადავო ბინის ღირებულების 4%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
კასატორ ს. ქ-ძეს დაეკისროს 134 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.