3კ/263-02 15 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 5 ივნისს მ. ჩ-შვილმა ფონდი “ოქროს საწმისის” დირექტორ ნ. ლ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997 წლის 11 სექტემბერს მან მოპასუხესთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც გადასცა 1500 აშშ დოლარი ყოველთვიური 7%-ის სარგებლით. აღნიშნული თანხა მოპასუხეს დღემდე არ დაუბრუნებია.
1998 წლის 3 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა ძირითადი დავალიანება _ 1500 აშშ დოლარი და გადაუხდელი პროცენტი 1050 დოლარი, მაგრამ მოპასუხემ ვალი მაინც არ დააბრუნა.
მოსარჩელემ მოითხოვა 1998 წლის 3 ნოემბრიდან 2001 წლის 1 ივნისის ჩათვლით მიუღებელი სარგებლის სახით 3255 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა. მოსარჩელე მოითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ გადაწყვეტილებაში მოპასუხე შპს “ო. ს.”, ხოლო თვითონ კი არის ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო საზოგადოების ფონდი “ო. ს.”.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს “ო. ს.”, იგივე ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო საზოგადოების ფონდს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3255 აშშ დოლარის გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ცვლილება შევიდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში და მოპასუხეს, ნაცვლად 3255 აშშ დოლარისა, გადასახდელად დააკისრა 1155 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მიუღებელი პროცენტის გადახდა უნდა დაკისრებოდა არა 2001 წლის 1 ივლისამდე, არამედ 1999 წლის 7 ოქტომბრამდე, შპს “ო. ს.” მიმართ გაკოტრების საქმის აღძვრის მომენტამდე (მხოლოდ 11 თვის), ვინაიდან მოპასუხეს ამ დროიდან ფაქტობრივად არ შეეძლო, ჩვეულებრივ ეწარმოებინა სამეურნეო და ფინანსური საქმიანობა, რამაც გამოიწვია მოპასუხის მხრივ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლებულიყო შეუსრულებლობის გამო გამოწვეული ვალდებულებებისაგან.
2001 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი. მისი მოსაზრებით, 1999 წლის 7 სექტემბერს, მართალია, გაიხსნა გაკოტრების საქმე, მაგრამ იგი გადავადებულ იქნა 2000 წლის 17 აპრილამდე, ხოლო 2000 წლის 14 ნოემბერს საერთოდ შეწყდა და განახლდა მხოლოდ 2001 წლის 26 აპრილს. მისი მოსაზრებით, 1998 წლის 3 ნოემბრიდან 2001 წლის 18 მაისამდე (მმართველის დანიშვნამდე) არ არსებობდა ვალის გასტუმრების არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება.
2001 წლის 21 დეკემბერს მოპასუხე შპს “ოქროს საწმისის” წარმომადგენელმაც მიმართა საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორს მიაჩნია, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა. მართალია, მოსარჩელემ მოპასუხე შპს “ო. ს.” გააფორმა ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულებით მოსარჩელემ 1500 აშშ დოლარი შესწირა “ქ.ბ.ა.ს. ფ.”, ამიტომ მოცემულ საქმეში სათანადო მოპასუხე შეიძლება იყოს მხოლოდ “ქ. ბ. ა. ს. ფ.” და არა - შპს “ო. ს.”.
2. კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელესა და “ქ.ბ.ა.ს. ფონდს” შორის ურთიერთობა წარმოიშვა ძველი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პროცესში, ხოლო 1997 წლის 11 სექტემბერს მოქმედი კოდექსით პროცენტი დაუშვებელი იყო, ამიტომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 174-ე (1964 წლის რედაქციით) მუხლის შესაბამისად პროცენტის მოთხოვნა დაუშვებელია, ამასთან მითითებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პროცენტის გაცემას.
3. კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან ამ საქმეზე 1998 წლის 3 ნოემბერს მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია.
4. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი და უნდა გამოეყენებინა ძველი სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლი; ბრალის არარსებობის გამო პასუხისმგებლობა მისთვის არ უნდა დაეკისრებინა, რადგან 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო, ხოლო გამოძიების მიერ მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ყადაღა დაედო შპს “ო. ს.” ქონებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი.
მითითებული მუხლის შესაბამისად, მართალია, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაზე ამ მუხლის მოთხოვნა 1999 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ პერიოდზე მთლიანად ვერ გავრცელდება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 1998 წლის 3 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 1500 აშშ დოლარი და მისი პროცენტი 1050 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს არასაპატიო მიზეზით არ დაუფარავს, არც 1999 წლის 7 ოქტომბრამდე (გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე) და არც მას შემდეგ (როცა 2000 წლის 14 ნოემბრიდან შეწყდა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა), ვიდრე 2001 წლის მაისამდე, როცა ხელახლა არ მოხდა გაკოტრების საქმის წარმოების განახლება და ქონების მმართველის დანიშვნა.
სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად მოვალეს ვადა გადაცილებულად არ ჩაეთვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული, ანუ თუ ადგილი აქვს მოვალის მხრიდან შესრულების შეუძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ასეთ გარემოებას ადგილი არა აქვს. მოვალეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 1998 წლის 3 ნოემბერს, მის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და გაკოტრების შესახებ საქმის წარმოების გახსნის (1999 წლის 7 ოქტომბერი) შემდეგაც. იმ პერიოდში, როცა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის აღსრულება გადავადებული და შეწყვეტილი იყო, რადგან ამ პერიოდში ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება მისივე ბრალითაა გამოწვეული, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის, ვინაიდან ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო მოვალე ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია პროცენტიდან პროცენტის გადახდა.
ვინაიდან “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების გახსნით ვალაუვალ მოვალეს ეკრძალება თავისი ქონების განკარგვა, ხოლო ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალას კარგავს ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები და იძულებითი სააღსრულებო წარმოება გადაეცემა გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს. კრედიტორს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემდეგ არ აუნაზღაურდება 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოვალისათვის გადასახდელად დაკისრებული თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო კანონით დადგენილი პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურებას დაექვემდებარება პერიოდი 1998 წლის 3 ნოემბრიდან 1999 წლის 7 ოქტომბრამდე (ანუ პერიოდი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე), ასევე, ანაზღაურებას დაექვემდებარება პერიოდი 1997 წლის 7 დეკემბრიდან 2000 წლის 17 აპრილამდე (პერიოდი, როცა გადადებული იყო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება) და პერიოდი 2000 წლის 14 ნოემბრიდან 2001 წლის 26 აპრილამდე (როცა შეწყვეტილი იყო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საქმე).
მითითებული დრო საერთო ჯამში შეადგენს 20 თვეს (11+4+5).
სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად მოვალე ვადის გადაცილებისათვის პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლება დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც და ამ ვადის გადაცილება მოვალეს ფაქტობრივად უსპობს პასუხისმგებლობის შემსუბუქების საშუალებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზიანის დადგომა გარდაუვალი იქნებოდა ვალდებულების დროული შესრულების დროსაც, მაგრამ ვინაიდან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა წარმოადგენს ისეთ საფუძველს, რომლის შესაბამისადაც მოვალეს ეკრძალება თავისი ქონების განკარგვა, ცხადია, ამ პერიოდში ვალდებულების შესრულება შეუძლებელია. ამიტომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის პერიოდში მოვალეზე გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლით გათვალისწინებული პრივილეგიები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ შპს “ო. ს.” მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის (1964 წლის რედაქციით) შესაბამისად უნდა გადაეწყვიტა მოცემული დავა.
სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობების მიმართ, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.
სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1998 წლის 3 ნოემბრის შემდეგ, როცა კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ო. ს.” (იგივე “ქ. ბ. ა. ს. ს. ფ.”) მოსარჩელის სასარგებლოდ 2550 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. მოვალე შპს “ოქროს საწმისმა” (იგივე “ქ.ბ.ა.ს.ს. ფ.”) გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის ვადას გადააცილა. აქედან გამომდინარე სადავო სამართლებრივი ურთიერთობა – (გადახდის ვადის გადაცილება) სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 219-ე მუხლის შესაბამისად ვერ დარეგულირდება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორ “ო. ს.” მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი მოცემულ საქმეში არასათანადო მოპასუხეა და რომ სათანადო მოპასუხე შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ “ქ.ბ.ა.ს.ს. ფ.”. სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2550 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა შპს “ო. ს.” (იგივე “ქ.ბ.ა.ს.ს. ფ.”). მოცემული დავა ამ ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების გადაცილებას შეეხება, ამიტომ ვალდებულების შესრულება დაკისრებული ჰქონდა რა შპს “ო. ს.” (იგივე “ქ.ბ.ა.ს.ს ფ.”), ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში მოპასუხეც მხოლოდ თვითონ უნდა ყოფილიყო.
ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 174-ე მუხლის (1964 წლის რედაქციით) შესაბამისად პროცენტი არ უნდა დაქვითულიყო, ვინაიდან პროცენტი ფულადი და სხვა ვალდებულებების მიხედვით საკრედიტო დაწესებულების ოპერაციებისა, საგარეო სავაჭრო ვალდებულებებისა და კანონით მითითებული სხვა შემთხვევების გარდა დაუშვებელი იყო.
იმის გამო, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობა - გადახდის ვადის გადაცილება - 1998 წლის 3 ნოემბრის შემდეგ წარმოიშვა, ცხადია, 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით ვერ მოხდება სადავო ურთიერთობის დარეგულირება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 1997 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქციით) ძალადაკარგულად ჩაითვალა.
ასევე არასწორია კასატორ შპს “ო. ს.” მითითება იმის შესახებ, რომ მოცემული საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად უნდა შეწყვეტილიყო.
მართალია, სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად საქმის წარმოება შეწყდება, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება შეეხება სასარჩელო განცხადებას სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურებას, ხოლო წინამდებარე დავა წარმოადგენს 1998 წლის 3 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო პროცენტის გადახდის მოთხოვნიდან წარმოშობილ ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, წინამდებარე დავა არ შეიძლება ჩაითვალოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით წარმოშობილ დავად და ამდენად, მასზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის მოთხოვნა.
ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორ შპს “ოქროს საწმისის” მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების და მის ქონებაზე ყადაღის დადების გამო თითქოს მას საშუალება არ ჰქონდა, გადაეხადა დავალიანება.
მართალია, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის 1998 წლის 20 მაისის, 1998 წლის 14 დეკემბრის, 1998 წლის 9 სექტემბრის განკარგულებები შპს “ო. ს.” და მოქალაქეებს შორის არსებულ დავის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შეჩერების შესახებ, მაგრამ ეს განკარგულებები არ შეეხება 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.
მართალია, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით ირკვევა, რომ გამოძიების მიერ ყადაღა დაედო შპს “ო. ს.” ქონებას, მაგრამ ყადაღა დაედო შპს “ო. ს.” ქონების მხოლოდ ნაწილს და ამ ნაწილზეც ყადაღა მოიხსნა 2000 წლის 22 აპრილს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერც აღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლება ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად, რადგან მოპასუხეს შეეძლო, შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილებით გადასახდელად დაკისრებული ფულადი ვალდებულება ყადაღის არსებობის პირობებშიც, ვინაიდან ყადაღა მთლიან ქონებაზე არ იყო დადებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ მურმან ჩახუნაშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის გამოთვლა მოხდეს სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გადასახდელად დაკისრებული 1500 აშშ დოლარიდან. როგორც ცნობილია, მითითებული თანხა ძირითადი თანხაა. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია პროცენტიდან პროცენტის გადახდა, მოცემულ შემთხვევაში პროცენტის დარიცხვა უნდა მოხდეს მხოლოდ ძირითადი გადაუხდელი ვალიდან, ანუ 1500 აშშ დოლარიდან.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის, ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.
მოცემულ შემთხვევაში ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული იმდროინდელი საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 3%-ს. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცენტის დარიცხვა უნდა მოხდეს ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტით, ანუ ზემოთ მითითებული ოდენობის შესაბამისად.
მართალია, 403-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი პროცენტის გადახდის შესაძლებლობასაც, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა შეუძლია.
კრედიტორს კანონით გათვალისწინებულ პროცენტზე მეტი პროცენტის მოთხოვნის უფლება ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ხელშეკრულებიდან იქნებოდა გამომდინარე (სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული, რომ ხელშეკრულებით სარგებლის სახით 7% იყო დადგენილი), მაგრამ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს არა მხარეთა შორის 1997 წლის 11 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან, არამედ 1998 წლის 3 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობიდან. ამ გადაწყვეტილებით გადასახდელად დაკისრებული ძირითადი ვალის - 1500 აშშ დოლარის გადახდის ვადის გადაცილებიდან. ამიტომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის დროს ვერ გავრცელდება 1997 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა და კრედიტორს არ გააჩნია სხვა საფუძველი, მოითხოვოს უფრო მეტი პროცენტის გადახდა, ვიდრე ეს დადგენილია კანონით.
ამრიგად, ამ პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის მოთხოვნის შესაბამისი პერიოდისათვის (სარჩელით მოთხოვნილია 3255 აშშ დოლარი) სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხემ ვადაგადაცილებისათვის უნდა გადაიხადოს 20 ვადაგადაცილებულ თვეზე ძირითადი ვალის - 1500 აშშ დოლარის 3%, რაც საერთო ჯამში შეადგენს 900 აშშ დოლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საქმის გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მაგრამ ამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რისი გამოსწორებაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია ახალი გადაწყვეტილების მიღებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
მ. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: შპს “ო. ს.”, იგივე “ქ. ბ. ა. ს. ს. ფ.” მ. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს 900 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.