¹ 3კ/264-02 12 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.ქუთაისში, ... მდებარე სახლი ირიცხება მოსარჩელე ვ. მ-ძის სახელზე. სახლის ერთი ოთახი და დამხმარე სათავსი სარგებლობის უფლებით დაკავებული აქვს მოპასუხე მ. მ-ძეს და მის შვილებს ხ. და ნ. მ-ძეებს.
ვ. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ. მ-ძისა და მისი შვილების საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლების შეწყვეტა შემდეგი საფუძვლით: მ. მ-ძე არის მისი ვაჟის, ბ. მ-ძის ყოფილი მეუღლე რომელთანაც განქორწინებულია. ქუთაისის სახალხო სასამართლოს 1985 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ძეს, შვილებთან ერთად სარგებლობის უფლებით გამოეყო ერთი, 25 მ2 ფართის, ოთახი და დამხმარე სათავსო სარგებლობის უფლების მოპოვების დღიდან მოპასუხე და მისი შვილები არ ცხოვრობენ სადავო ფართში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიტოვებული სათავსო გადაიქცა მღრნელების ბუდედ. იგი როგორც მესაკუთრე, ვერ ახორციელებს თავის უფლებებს. მ. მ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: იგი შვილებთან ერთად ცხოვრობდა სადავო ფართში. იმის გამო, რომ მოსარჩელე ავიწროებდა, იძულებული გახდა, დროებით მიეტოვებინა ბინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე მ. მ-ძე შვილებთან _ ხ. და ნ. მ-ძეებთან ერთად ცნობილი იქნა ქუთაისში ... მდებარე საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლებადაკარგულად, ვ. მ-ძეს დაუბრუნდა სათავსო, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ვ. მ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია, რადგან სასამართლოს არ გამოუყენებია მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი ნორმა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ, ვინაიდან არსებობს ქუთაისის სახალხო სასამართლოს 1985 წლის 23 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ძე შვილებთან ერთად შესახლებულ იქნა სადავო ფართში, ამდენად მ. მ-ძე კეთილსინდისიერი მფლობელია, მან სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე და 162-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად მართლზომიერად შეიძინა ხსენებულ ფართზე მფლობელობა. სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია, მართლზომიერი მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. მ-ძემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავო სახლში არ უცხოვრია 1985 წლის აპრილიდან და სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად მფლობელობა უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე და 162-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, და გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. მ-ძე არის სადავო სახლის მესაკუთრე. მოპასუხე მ. მ-ძე 1985 წლის ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით შესახლებულია სადავო ფართში სარგებლობის უფლებით. კანონის სწორი გაგებიდან არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ, რადგან მოპასუხე მ. მ-ძე სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა თავის დროზე შესახლებული სადავო ფართში და მართლზომიერად შეიძინა ხსენებულ საცხოვრებელ ფართზე მფლობელობა, არის კეთილსინდისიერი მფლობელი და სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად არავის, მათ შორის არც მესაკუთრეს, არა აქვს უფლება მოსთხოვოს მართლზომიერ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლი ითვალისწინებს ნივთის მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტას მესაკუთრის პრეტენზიის გამო. ამ ნორმის თანახმად “ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას”. სააპელაციო სასამართლომ კი ისე უთხრა უარი მოსარჩელე ვ. მ-ძეს სარჩელში, რომ არ გამოურკვევია, დასაბუთებული იყო თუ არა მისი პრეტენზია. არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რამდენად დასაბუთებულია სახლის მესაკუთრის (მოსარჩელის) პრეტენზია მართლზომიერი მფლობელის (მოპასუხის) მიმართ და ამის გათვალისწინებით გამოიტანოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ მ. მ-ძის მფლობელობის შეწყვეტას, თუ მისი შვილების ხ. და ნ. მ-ძეების მფლობელობის შეწყვეტასაც და ამის გათვალისწინებით გაარკვიოს, ხ. და ნ. მ-ძეების პროცესუალური მდგომარეობა _ ისინი მოპასუხეები უნდა იყვნენ თუ მესამე პირები დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.