¹ 3კ/265-02 15 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ქ. გაბელაია (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: განქორწინება, შვილების აღსაზრდელად გადაცემა, ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ც-შვილი და ი. ც-ავა 1993 წლის ივნისში გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: მ. ც-შვილი (დაბადებული 1992 წ.) და გ. ც-შვილი (დაბადებული 1994 წ.).
2001 წლის აპრილში დ. ც-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ი. ც-ავას მიმართ განქორწინებისა და ორივე შვილის მისთვის აღსაზრდელად გადაცემის შესახებ. ამ დროისათვის მხარეები ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. ვაჟიშვილი იზრდებოდა მამასთან, ამ უკანასკნელის დეიდის ბინაში, ხოლო ქალიშვილი – დედასთან, მისი მშობლების სახლში. ი. ც-ავამ თანხმობა განაცხადა ქორწინების შეწყვეტაზე. ამავე დროს ი. ც-ავამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა შვილების აღსაზრდელად მისთვის მიკუთვნება და დ. ც-შვილზე ალიმენტის გადახდის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, როგორც ძირითადი, ასევე შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა. ვაჟიშვილი, გ. ც-შვილი, აღსაზრდელად დაეტოვა მამას, დ. ც-შვილს, ხოლო ქალიშვილი, მ. ც-შვილი – დედას, ი. ც-ავას. დ. ც-შვილს ი. ც-ავასთან აღსაზრდელად დატოვებული შვილის მ. ც-შვილის სარჩოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
დ. ც-შვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ქალიშვილის, მ. ც-შვილის აღსაზრდელად გადაცემა და უარის თქმა ი. ც-ავას შეგებებულ სარჩელზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ი. ც-ავას მიერ ამორალური საქციელის ჩადენის ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულება, არ მიიღო მხედველობაში ქუთაისის მერიის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა დ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი მ. ც-შვილის აღსაზრდელად გადაცემის ნაწილში, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დატოვა განუხილველად.
დ. ც-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ არ იქნა გათვალისწინებული ქ.ქუთაისის მერიის მეურვეობისა და მზრუნველობის საქალაქო კომისიის დასკვნები და კომისიის წევრების განმარტებები ქალიშვილის, მ. ც-შვილის, აღსაზრდელად მისთვის გადაცემის მიზანშეწონილობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა კასატორ დ. ც-შვილის განმარტება და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეების განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი მ. ც-შვილი აღსაზრდელად იმყოფება დედასთან – ი. ც-ავასთან. ბავშვი სკოლაში დადის მოწესრიგებული, სწავლობს კარგად, შექმნილი აქვს ცხოვრების ნორმალური პირობები.
მართალია, ი. ც-ავა დროებით უმუშევარია, მაგრამ მას შვილის მოვლა-პატრონობაში დახმარებას უწევენ მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.
დ. ც-შვილი მუშაობს პოლიციაში. კასატორი, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაკისრებული მოვალეობის შესრულებასთან ერთად სათანადოდ ვერ შეძლებს ორივე შვილის მოვლა-პატრონობას.
სააპელაციო სასამართლო სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 1210-ე მუხლის გამოყენებით დ. ც-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა რა მტკიცებულებები, არ გაიზიარა ქუთაისის მერიის მეურვეობისა და მზრუნველობის საქალაქო ორგანოს დასკვნები, რომელთა თანახმად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ორივე შვილის აღსაზრდელად გადაცემა.
სააპელაციო საჩივარი ალიმენტის დაკისრების ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რადგან დავის საგნის ღირებულება 500 ლარს არ აღემატებოდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ც-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.