Facebook Twitter

საქმე # 330100122005987353

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1416აპ-23 ქ. თბილისი

ტ. რ. 1416აპ-23 6 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ტ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2019 წლის 13 დეკემბერს, ააიპ „თ–ს საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოსა“ და შპს „ო–ს“ (ს/ნ ...............) შორის გაფორმდა 4 357 385 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, შპს „ო–ს“ ქ. თ–ში, ლ–ს დასახლებაში უნდა აეშენებინა ბაგა-ბაღი. ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, შპს „ო–ისთვის“ ჩარიცხული 2 140 950 ლარის ავანსის თანხა მიმწოდებელს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად, მიუხედავად აღნიშნულისა შპს „ო–ის“ დირექტორმა რ. ტ–მ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ჩარიცხული ავანსის თანხიდან 1 232 372,46 ლარი, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2.2. შპს „ო–ი“ (ს/ნ ............) რეგისტრირებულია 2004 წლის 25 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2005 წლის 15 აგვისტოს. საზოგადოების იურიდიული მისამართია – ქ. თ–ი, ..........ის რაიონი, ....ების ქ. N.., საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს – საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. 2019 წლის 12 ნოემბრიდან საზოგადოების დირექტორია რ. ტ.

2020 წლის 10 თებერვლიდან 2020 წლის 25 ივნისამდე პერიოდში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ო–ის“ სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. 2020 წლის 25 ივნისს გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო 2020 წლის 9 ივლისს გამოიცა N.... საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 505 543,66 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 326 586 ლარი, ჯარიმა –163 293 ლარი და საურავი – 15 664,66 ლარი.

რ. ტ–მ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის - ჯამში 326 586 ლარის გადახდას;

2.3. შპს „ა–ო“ (ს.ნ. .............) რეგისტრირებულია 2019 წლის 20 ნოემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 22 ნოემბერს. გადამხდელის იურიდიული მისამართია – ქ. რ–ი, მე-.. მიკრორაიონი, N.. კორპუსი, ბინა N... საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია რ. ტ.

2020 წლის 13 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ა–ს“ (ს/ნ ............) კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. 2020 წლის 13 თებერვალს გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო 2020 წლის 28 თებერვალს გამოიცა N...... საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას გადასახდელად დაერიცხა სულ 214 772,19 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახდელი თანხა – 141 102 ლარი, ჯარიმა – 70 651 ლარი და საურავი – 3009,19 ლარი.

რ. ტ–მ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის, ჯამში – 141 102 ლარის გადახდას;

2.4. შპს „ა–ო“ (ს.ნ. ............) რეგისტრირებულია 2019 წლის 20 ნოემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 22 ნოემბერს, ხოლო 2022 წლის 1 მარტს გაუუქმდა რეგისტრაცია. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მშენებლობა. საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის რ. ტ–სე.

შპს „პ.“ (ს/ნ ............) რეგისტრირებულია 2020 წლის 30 იანვარს, ამასთან დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა იმავე დღეს. საზოგადოების დირექტორი და 100% იანი წილის მფლობელი ფორმალურად არის ჯ. ჯ–ე, ხოლო ფაქტობრივად საწარმოს ხელმძღვანელობას სრულ პერიოდზე ახორციელებდა რ. ტ–ე.

2020 წლის თებერვალში რ. ტ–მ განიზრახა მის მმართველობაში არსებული ზემოხსენებული მეწარმე-სუბიექტების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით შეექმნა დღგ-ის ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მის მიერ 2020 წლის 15 აპრილს და 2020 წლის 3 ივნისს დამზადებულ იქნა შპს „პ-ს“ მიერ შპს „ა–ზე“ 650 541 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების 2 ერთეული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა: ....... და ეა - ........

2.5. შპს „ა–ო“ (ს/ნ ..........) რეგისტრირებულია 2019 წლის 20 ნოემბერს, ამასთან დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 22 ნოემბერს, ხოლო 2022 წლის 1 მარტს გაუუქმდა რეგისტრაცია. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მშენებლობა, საზოგადოების დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის რ. ტ–ე. შპს „პ–ა“ (ს/ნ ............) რეგისტრირებულია 2020 წლის 30 იანვარს, ამასთან დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა იმავე დღეს. საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ფორმალურად არის ჯ. ჯ–ე, ხოლო ფაქტობრივად საწარმოს ხელმძღვანელობას სრულ პერიოდზე ახორციელებდა რ. ტ–ე. 2020 წლის თებერვალში რ. ტ–მ განიზრახა მის მმართველობაში არსებული ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით შეექმნა დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მის მიერ 2020 წლის 15 აპრილს და 2020 წლის 3 ივნისს დამზადდა შპს „პ–ს“ მიერ შპს „ა–ზე“ 650 541 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების 2 ერთეული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა: .......... და .........., აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ა–მ“ მიიღო 99 235,07 ლარის დღგ-ის უკანონო ჩათვლა, რომელიც სრულად გამოიყენა ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გასაქვითად, რის შედეგადაც მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

3.1. რ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. მასვე ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლით;

3.3. რ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. რ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. რ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. რ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. მასვე ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლით;

3.9. რ. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 2 ივნისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ რ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ა–მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ რ. ტ–ს გამართლება. ხოლო ალტერნატივის სახით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ რ. ტ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება;

4.1. სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვის სხდომაზე მსჯავრდებულ რ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ა–მ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის შემცირება და რ. ტ–სთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ა–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და რ. ტ–სათვის სასჯელის დანიშვნისას კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს რ. ტ–სათვის სასჯელის შემსუბუქებას.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ რ. ტ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები (მათ შორის, მოწმეების: მ. ჩ–ს, ი. ჭ–ს, გ. ქ–ს, მ. გ–ს, თ. მ–ს, ბ. ბ–ს, ს. კ–ს, გ. ხ–ს, ზ. ც–ს, ა. ნ–ს, თ. ც–ს, ა. ო–ს, უ. ჩ–ს, რ. ს–ს, ნ. ა–ს, ლ. გ–ს, რ. ს–ს, რ. ტ–ს, გ. კ–ს, ნ. დ–ს, ე. ხ–ს, მ. კ–ს, ი. ღ–ი-მ–ს გამოკითხვის ოქმები, საბანკო დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ინტერნეტ და მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, თ–ს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სატელეფონო მიყურადების ოქმები, ყალბი ანგარიშ ფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, საგადასახადო მოთხოვნები, თემატური რევიზიის აქტი, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები, ამოღებული დოკუმენტაცი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. ტ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა.

9.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს რ. ტ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე; საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

12. სააპელაციო სასამართლომ რ. ტ–ს აღიარებასთან და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობასთან ერთად გაითვალისწინა მისი ინდივიდუალური მახასიათებლები (არ არის ნასამართლევი), ჩადენილი ქმედებების ხასიათი და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის წესით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით.

13. სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულების ჩადენის მოტივს, ხასიათს, იმ გარემოებას, რომ ზიანი არ არის ანაზღაურებელი, ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს.

14.1. კასატორი საკასაციო საჩივარში ერთი მხრივ სადავოდ ხდის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობას, მათ შორის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზოგადად მითითებით, თუმცა კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული რაიმე მტკიცებულება, მათ შორის საკასაციო საჩივარში მითითებული ექსპერტიზის დასკვნა, რაც მიუთითებდა გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უკანონობაზე.

14.1.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას – 2019 წლის 23 აპრილის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა ... (რ. ტ–ს დიაგნოზია გულის მწვავე უკმარისობა I50.1 არტერიული ჰიპერტენზია IIხ(ESC/ESH)I10) და 2022 წლის 16 ნოემბრის პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (რ. ტ–ს დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება) რაც არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

14.2. იმავდროულად კასატორი ახდენს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლების მექანიკურ ციტირებას, მათი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას; საკითხები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა, არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 მაისი განჩინება საქმეზე N1442აპ-23, პარ.8-8.1.; 2024წლის 1 აპრილის განჩინება საქმეზე N 1168აპ-23, პარ. 8.1; 2024წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე N 1193აპ-23, პარ. 14; 2022წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმეზე N 468აპ-22, პარ.28).

15.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი კასატორის მსჯელობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, არგუმენტი ან/და კასატორის დასაბუთებული მსჯელობა, რის გამოც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე და 303-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად ასევე არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ტ–სათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

19. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ა–ს საკასაციო საჩივრი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე