Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-267-02 15 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (სარჩელში). ბინიდან გამოსახლება და ქირის გადახდევინება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ც-ძის საკუთრებას წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, ... მდებარე ბინა. იგი გარდაიცვალა 1995 წელს. დ. ხ-იანმა 1996წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ძის (თ. ც-ძის მეუღლე) მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი თ. ც-ძის სახელზე აღრიცხული ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა. დ. ხ-იანის სარჩელი ეფუძნება იმას, რომ მას 1993წ. დეკემბერში აწ გარდაცვლილმა თ. ც-ძემ თავისი საკუთარი ბინა მიჰყიდა 6000 აშშ დოლარად, მაგრამ მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით არ გაფორმდა, რადგან მოსარჩელე ნაწილ-ნაწილ იხდიდა ბინის ღირებულებას და 1995წ. 14 ივნისს მთლიანად დაფარა იგი. დ. ხ-იანი ამ ბინაში ცხოვრობს 1994წ. აგვისტოდან. სადავო ბინის მთელი ღირებულების გადახდის შემდეგ კი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ თ. ც-ძე ავადმყოფობდა და შემდეგ გარდაიცვალა.

ნ. ბ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე დ. ხ-იანის მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან მოპასუხის გამოსახლება. მისთვის, როგორც ბინის დამქირავებლისათვის, 2000 აშშ დოლარის დაკისრება ბინის ქირის ანგარიშში. შეგებებული სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ დ. ხ-იანი იყო სადავო ბინის დამქირავებელი, მას სურდა ამ ბინის ყიდვა 6000 აშშ დოლარად, მაგრამ მან ვერ შეძლო ამ თანხის სრულად გადახდა, თ. ც-ძეს გადაუხადა მხოლოდ 500 აშშ დოლარი.

მოცემულ საქმეში მხარედ ჩაერთო, აგრეთვე, აწ გარდაცვლილი თ. ც-ძის ვაჟის, არასრულწლოვანი თე. ც-ძის კანონიერი წარმომადგენელი ნ. ბ-ძე, რომელმაც შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ხ-იანის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება სადავო ბინიდან, ბინის ქირის სახით 2000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 22 მარტის გადაწყვეტილება, დ. ხ-იანის სარჩელი, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ნ. ბ-ძის სარჩელი ბინის ქირის სახით 2000 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქ.ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან დ. ხ-იანის გამოსახლების ნაწილში დაკმაყოფილდა.

დ. ხ-იანის შეგებებული სარჩელი ბინის რემონტისათვის დახარჯული 3000 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბინის ღირებულების - 6000 აშშ დოლარის - დ. ხ-იანის სასარგებლოდ ნ. ბ-ძის მიერ გადახდის ნაწილში დაკმაყოფილდა.

ქ.ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან დ. ხ-იანი და მასთან მცხოვრები ყველა პირი უნდა გამოსახლდეს ნ. ბ-ძის მიერ დ. ხ-იანისათვის 6000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: დ. ხ-იანის მიერ თ. ც-ძისათვის სადავო ბინის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადაცემის თაობაზე საქმეში არსებული ჩანაწერის საფუძველზე არ შეიძლება ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის მოთხოვნათა გამო.

ვინაიდან სადავო ბინა აწ გარდაცვლილი თ. ც-ძის საკუთრებაა, მისი მემკვიდრის, ნ. ბ-ძის, შეგებებული სარჩელი დ. ხ-იანის ბინიდან გამოსახლების შესახებ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საფუძვლიანია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ბ-ძის განმარტება იმის შესახებ, რომ სადავო ბინის საფასურად დ. ხ-იანს არ აქვს გადახდილი ნაწილ-ნაწილ თ. ც-ძისათვის 6000 აშშ დოლარი. ეს დადასტურებულია საქმეში არსებული ჩანაწერით, ხოლო ამ ჩანაწერზე თ. ც-ძის ხელმოწერები კი ექსპერტიზის დასკვნით. სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბინის ღირებულება _ 6000 აშშ დოლარი - უნდა დაუბრუნდეს დ. ხ-იანს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან თ. ც-ძესა და დ. ხ-იანს შორის კანონით დადგენილი წესით არ გაფორმებულა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. დ. ხ-იანმა ამ თანხის დაბრუნების შესახებ შეგებებული სარჩელი წარადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დ. ხ-იანის მოთხოვნა სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 3000 აშშ დოლარის ნ. ბ-ძისათვის დაკისრების შესახებ. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დ. ხ-იანმა ბინას რემონტი გაუკეთა მესაკუთრის თანხმობით.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. ბ-ძის მოთხოვნა დ. ხ-იანისათვის ბინის ქირის - 2000 აშშ დოლარის - დაკისრების შესახებ, რადგან დ. ხ-იანი სადავო ბინაში არ ცხოვრობდა როგორც დამქირავებელი. სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ბინიდან დ. ხ-იანის გამოსახლება უნდა მოხდეს მას შემდეგ, როცა ნ. ბ-ძე დ. ხ-იანს გადაუხდის 6000 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ძემ. მან მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის 6000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: 1995 წელს გარდაცვლილი თ. ც-ძის კანონით მემკვიდრეები არიან კასატორი და მისი შვილი პირველი ქორწინებიდან თ. ც-ძე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მას, როგორც აწ გარდაცვლილი თ. ც-ძის მეუღლეს, ვითომდა გადახდილი 6000 აშშ დოლარი. 6000 აშშ დოლარის ნაწილ-ნაწილ მიღების თაობაზე საქმეში არსებულ ჩანაწერზე ხელმოწერები არ ეკუთვნის თ. ც-ძეს, რადგან ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ არსებობს ექსპერტიზის ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000წ. 26 იანვრის განჩინებაში მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ გამოდგება სამოქალაქო სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დამადასტურებლად. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის გაზიარებული დ. ხ-იანის მოსაზრება აწ გარდაცვლილ თ. ც-ძესთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე. ამდენად, ეს ჩანაწერი თანხის გადაცემად და ნასყიდობის ხელშეკრულებად არ ჩაითვლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისში, ... მდებარე ბინა წარმოადგენდა თ. ც-ძის საკუთრებას. ნ. ბ-ძე თ. ც-ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1994წ. 19 აპრილიდან. თ. ც-ძე გარდაიცვალა 1995წ. აგვისტოში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. ც-ძის საკუთარ ბინაში 1994წ. 6 აგვისტოდან ცხოვრობს დ. ხ-იანი, რომელმაც თ. ც-ძის გარდაცვალების შემდეგ, 1996წ. იანვარში, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. ბ-ძის (თ. ც-ძის მეუღლე) მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი თ. ც-ძის სახელზე რიცხულ ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი, რომლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ვინაიდან აწ გარდაცვლილ თ. ც-ძესა და დ. ხ-იანს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით არ იყო გაფორმებული, სასამართლომ კანონიერად უთხრა უარი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობაზე. მართალია, სააპელაციო სასამართლომ 6000 აშშ დოლარის ნაწილ-ნაწილ მიღების თაობაზე თ. ც-ძის მიერ ხელმოწერილი ჩანაწერი არ ჩათვალა დ. ხ-იანთან დადებულ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებად კანონით დადგენილი ფორმის დაუცველობის გამო, მაგრამ იგი მიიჩნია იმის მტკიცებულებად, რომ დ. ხ-იანმა თ. ც-ძეს გადაუხადა 1993 წ-დან 1995წ. 14 ივნისის ჩათვლით ნაწილ-ნაწილ ბინის ღირებულება 6000 აშშ დოლარი. ნ. ბ-ძემ სადავო გახადა თ. ც-ძის ხელმოწერები. აღნიშნული საკითხის გასარკვევად საქმეზე რამდენჯერმე დაინიშნა გრაფიკული ექსპერტიზა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის 1997წ. 24 აპრილის დასკვნისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2000წ. 5 მაისის ექსპერტის დასკვნის შესაბამისად ხელმოწერები თ. ც-ძის სახელით შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ. სააპელაციო სასამართლო ძირითადად დაეყრდნო საქმეში მოცემულ ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სანოტარო წესით დადასტურებული სადავო ბინის 1990წ. 3 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე თ. ც-ძის სახელით შესრულებული ხელმოწერა და 6 000 აშშ დოლარის ნაწილ-ნაწილ მიღების ჩანაწერებზე თ. ც-ძის სახელით შესრულებული ხელმოწერები ეკუთვნით ერთსა და იმავე პირებს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა და საქმეში არ არსებობს დ. ხ-იანის მიერ თ. ც-ძისათვის 6000 აშშ დოლარის გადაცემის იურიდიულად დასაბუთებული საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ნ. ბ-ძეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ. ხ-იანმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში წარადგინა შეგებებული სარჩელი და მიუთითა, რომ თუ სასამართლო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, მაშინ მოითხოვდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ნ. ბ-ძისაგან 6 000 აშშ დოლარის დაბრუნებას და სარემონტო სამუშაოებისათვის 3 000 აშშ დოლარის გადახდევინებას.

თვით კასატორი ნ. ბ-ძე სასარჩელო განცხადებაში ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისი ყოფილი მეუღლის, აწ გარდაცვლილ თ. ც-ძისაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ უკანასკნელსა და დ. ხ-იანს შორის მოლაპარაკება იყო სადავო ბინის ნასყიდობაზე და 500 აშშ დოლარი მიიღო აწ გარდაცვლილმა თ. ც-ძემ დ. ხ-იანისაგან თუმცა შემდგომში ნ. ბ-ძემ მიუთითა, რომ 500 აშშ დოლარი მიღებული იყო როგორც ბინის ქირა, საქმის მასალებით კი ქირავნობის ხელშეკრულება არ დასტურდება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ნ. ბ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ თ. ც-ძესთან, რომლის სამემკვიდრეო ქონებასაც წარმოადგენს სადავო ბინა და კასატორი ნ. ბ-ძე სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არის აწ გარდაცვლილ თ. ც-ძის პირველი რიგის მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ნ. ბ-ძის სარჩელი დ. ხ-იანის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ. იმავდროულად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დ. ხ-იანმა აწ გარდაცვლილ თ. ც-ძეს, ბინის ნასყიდობის ზეპირი გარიგების საფუძველზე გადაუხადა 6000 აშშ დოლარი; სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად აწ გარდაცვლილი თ. ც-ძე იყო ვალდებული დ. ხ-იანისათვის დაებრუნებინა ბათილი გარიგების საფუძველზე მიღებული 6000 აშშ დოლარი. დღეისათვის კასატორი ნ. ბ-ძე, როგორც აწ გარდაცვლილი თ. ც-ძის მემკვიდრე, ვალდებულია გადაუხადოს მამკვიდრებლის მევალეს (კრედიტორს) 6000 აშშ დოლარი სამკვიდრო ქონების (სადავო ბინის) ღირებულების ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევაზე, რის გამოც არ არსებობს ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.