საქმე # 330100121004717894
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1437აპ-23 ქ. თბილისი
თ. პ. 1437აპ-23 13 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: პ. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2021 წლის 26 აპრილს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ს–ს ქუჩაზე არსებული საგზაო წრიულის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, პ. თ–მა გულმკერდის არეში ხელის დარტყმით, მარცხენა ხელზე ხელის ძლიერად მოჭერით და ჩამოკაწვრით, იძალადა ყოფილი მეუღლის - ლ. ი–ს მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2021 წლის 26 აპრილს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ს–ს ქუჩაზე არსებული საგზაო წრიულის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, პ. თ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ლ. ი–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით:
3.1. პ. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. პ. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის თანახმად, პ. თ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ და მოითხოვა პ. თ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით ხიზანაიძე ითხოვს პ. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს პ. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
8.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის გამამართლებელი განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – მუქარის ეპიზოდში არ გაუსაჩივრებია და სააპელაციო საჩივრით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში პ. თ–ს დამნაშავედ ცნობა არ მოუთხოვია. ბრალდების მხარეს აღნიშნული მოთხოვნა არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუფიქსირებია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და პ. თ–ს მსჯავრდების სამართლებრივ შესაძლებლობას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ პ. თ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ლ. ი–ს, მოწმეთა: რ. ჩ–სა და ა. შ–ს ჩვენებები ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს (პ. თ–სა და ლ. ი–ს თანაცხოვრების პერიოდში კონფლიქტის არსებობის ნაწილში), ასევე მოწმეთა: ნ. ხ–ს, ზ. გ–ს, თ. შ–ს, დ. გ–სა და გამართლებულ პ. თ–ს ჩვენებებს. ამასთან, დაზარალებულ ლ. ი–სა და მისი დედის - რ. ჩ–ს ჩვენებები ლ. ი–ს ხელზე არსებული დაზიანების ნაწილში ეწინააღმდეგება ერთმანეთს (ლ. ი–ს განმარტებით მან მარცხენა ხელზე მიიღო დაზიანება, რ. ჩ–ს განმარტებით კი ლ. ი–მ პ. თ–ს მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად მარჯვენა ხელზე მიიღო დაზიანება) და ექსპერტიზის დასკვნას. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 6 მაისის N.............. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2021 წლის 27 აპრილს 14:41 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქ. ლ. ი–ს აღენიშნებოდა ნაკაწრი მარცხენა მტევნის მიდამოში, რაც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით შეესაბამება ორ-სამ დღეს. სასამართლო ითვალისწინებს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ნ. ჩ–ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ დაზარალებულ ლ. ი–ს სხეულზე არსებული დაზიანება შეიძლება მიყენებული იყოს 25 აპრილს ან უფრო ადრე.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ლ. ი–სა და მოწმეთა: რ. ჩ–სა და ა. შ–ას ჩვენებები ფაქტობრივი გარემოებების მითითების ნაწილში არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. კერძოდ, დაცვის მხარის მოწმეებმა: ნ. ხ–მა, ზ. გ–მ, თ. შ–მა და დ. გ–მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას გამორიცხეს პ. თ–ს მიერ ლ. ი–ს მიმართ ძალადობის ჩადენა. მოწმეთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია პ. თ–ს მოქმედებების აღწერის ნაწილში. მოწმეთა განმარტებით, პ. თ–ს ლ. ი–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, პ. თ–სმა მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა მანქანაში, ლ. ი–ე გვერდით უხეშად არ გაუწევია. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას მოწმეთა ჩვენებებს შორის სხვა გარემოებებთან მიმართებით არსებულ წინააღმდეგობებზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ პ. თ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება მოხდა 2021 წლის 26 აპრილს, ხოლო მოწმეები: ზ. გ–ე და ნ. ხ–ი სასამართლოში დაიკითხნენ 2023 წლის 8 მაისს, თ. შ–ი – 2023 წლის 19 მაისს, დ. გ–ა - 2023 წლის 5 ივნისს, 2 წელზე მეტი დროის შემდეგ. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; მთავარია ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით...... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17)
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103). საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად ( იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენი საქმეზე N 229აპ-22, II-15; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განჩინება საქმეზე N 1294აპ-22, პარ. 13.1.; 2023 წლის 3 მაისის განჩინება საქმეზე N113აპ-23, პარ. 12). სასამართლო ითვალისწინებს, რომ განსახილველ შემთხვევას ადგილი ჰქონდა სავაჭრო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები (ჩანაწერები წარმოდგენილი იქნა დაცვის მხარის მიერ, მაგრამ საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, არ არსებობს მათი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი), რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა მოწმეთა ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები შეეფასებინა ობიექტური მტკიცებულების საფუძველზე.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: რ. ხ–ი (გამომძიებელი) და ხ. ძ–ი(დაზარალებულის მეგობარი) არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მათთვის ლ. ი–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცნობილი გახდა დაზარალებულისგან, შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მოიპოვეს და წარმოადგინეს მხარეებმა; საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებენ პ. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე