Facebook Twitter

ბს-21-16-კ-05 17 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 26 მარტს ქ. ფოთის საკრებულომ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში ქ. ფოთის მერის მიმართ და მოითხოვა 2004წ. 10 მარტის ¹93 და ¹94 განკარგულებების ბათილად ცნობა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის _ დ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ამავე თანამდებობაზე ი. ბ-ს დანიშვნის შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, სადავო განკარგულებები ეწინააღმდეგება “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის პირველ ნაწილს, რადგან ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის უფროს დ. ს-ის გათავისუფლება და თ. ბ-ს დანიშვნა მოხდა ქ. ფოთის საკრებულოსთან შეუთანხმებლად, რითაც ზიანი მიადგა ფოთის საკრებულოს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, სადავო განკარგულებები არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წერილობით დასაბუთებას. გარდა ამისა, სადავო განკარგულებების მიღების დროს ადმინისტრაციულ წარმოებაში არ იქნენ ჩართულნი ქ. ფოთის საკრებულო და დ. ს-ე, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ფოთის საკრებულოს მიერ 2004წ. 15 იანვარს მიღებული იქნა ¹23/122 დადგენილება, რომლითაც ქ. ფოთის მერს უარი ეთქვა ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ...ის დ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, რომლის შესრულების ვალდებულებაც “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად ეკისრებოდა ქ. ფოთის მერიას, თუმცა სადავო განკარგულებების მიღება მოხდა საკრებულოს ზემოაღიშნული დადგენილების იგნორირებით, აღნიშნული დადგენილება ფოთის მერს არ გაუუქმებია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად და არც სასამართლოსთვის მიუმართავს მისი გაუქმების მოთხოვნით.

ამდენად, მოსარჩელის აზრით, სადავო განკარგულებები მიღებულ იქნა ზემოაღნიშნულ ნორმათა დარღვევით, რის გამოც ისინი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 მაისის საოქმო დადგენილებით საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩართულნი დ. ს-ე და თ. ბ-ა.

ქ. ფოთის საკრებულოს სარჩელი არ ცნო მოპასუხე _ ქ. ფოთის მერიამ და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მესამე პირმა _ დ. ს-ემ გაიზიარა სარჩელი და სადავო განკარგულებების გაუქმებასთან ერთად მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ფოთის საკრებულოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო დ. ს-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ფოთის საკრებულომ და დ. ს-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინებით ქ. ფოთის საკრებულოსა და დ. ს-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება და 2004წ. 31 მარტის განჩინება ქ. ფოთის მერის 2004წ. 10 მარტის ¹93 და ¹94 განკარგულებების მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის განმარტებით, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქის თვითმმართველობის აპარატის უფროსი არის ქალაქის მთავრობის წევრი, ხოლო 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მერის თანამდებობიდან გადადგომა იწვევს მთავრობის გადადგომას. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითებით, ქ. ფოთის მერის _ დ. ქ-ს გადადგომის შემდეგ, ქ. ფოთის მთავრობა ითვლებოდა გადამდგარად და მთავრობის წევრები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. შესაბამისად, დ. ს-ე იყო ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელი.

საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 15 დეკემბრის განკარგულებით ქ. ფოთის მერად ვ. ა-ს დანიშვნის შემდეგ, ამ უკანასკნელს “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ორი კვირის ვადაში უნდა წარედგინა მთავრობის წევრთა კანდიდატურები საკრებულოსათვის შესათანხმებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის ვადაში საკრებულო არ მისცემდა თანხმობას მთავრობის წევრთა კანდიდატურის დანიშვნაზე, მ. უფლებამოსილია არაუმეტეს ექვსი თვის ვადით შესაბამის თანამდებობაზე დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, 2004წ. 10 მარტს მიიღო რა ¹93 განკარგულება თ. ბ-ს ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ, აღნიშნულს ავტომატურად მოჰყვა დ. ს-ის გათავისუფლება, რადგან იგი მოვალეობას ასრულებდა ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე. ამდენად, პალატის მითითებით, ორგანული კანონის 29-ე მუხლი არ ითვალისწინებს საკრებულოს თანხმობას აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფ-ლებისთვის.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ქ. ფოთის მერმა ვ. ა-მ ფოთის საკრებულოს 2004წ. ¹23/122 დადგენილებაზე შეადგინა განმარტებითი ბარათი, სადაც მიუთითა, რომ აღნიშნული დადგენილება ეწინააღმდეგება ორგანული კანონის 29-ე მუხლს, რადგან დ. ს-ე იყო აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებელი, ორგანული კანონი კი არ ითვალისწინებს მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე საკრებულოს თანხმობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებლის დ. ს-ის გათავისუფლება მოხდა კანონიერად და არ არსებობს ქ. ფოთის მერის 2004 და 10 მარტის განკარგულების გაუქმების საფუძველი. ასევე კანონიერია ¹93 განკარგულება თ. ბ-ს ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება სადავო განკარგულებების ადმინისტრაციულ აქტებად მიჩნევის შესახებ. პალატამ არ გაიზიარა ფოთის საკრებულოს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ სადავო განკარგულებებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა საკრებულოს იმის გამო, რომ უგულებელყოფილ იქნა საკრებულოს 2004წ. 15 იანვრის ¹23/122 დადგენილება დ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საკრებულომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცეუბლებები. სააპელაციო პალატამ დ. ს-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში უნდა გაესაჩივრებინა სადავო განკარგულებები, რაც მის მიერ დარღვეულ იქნა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ფოთის საკრებულომ და დ. ს-ემ, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ქ. ფოთის მერის 2004წ. 10 მარტის ¹93 და ¹94 განკარგულებების ბათილად ცნობა.

კასატორის _ ქ. ფოთის საკრებულოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, არ მიიჩნია რა ადმინისტრაციულ აქტებად ქ. ფოთის მერის სადავო განკარგულებები. ამასთან, სადავო განკარგულებების მიღების დროს კასატორის აზრით, დარღვეულ იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, რადგან საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლება, რაც ზეგავლენას ახდენს საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სხვა საკითხების გადაწყვეტაზე.

კასატორ ქ. ფოთის საკრებულოს მიაჩნია, რომ სადავო განკარგულებები ეწინააღმდეგება ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტის, 26-ე მუხლის პუნქტის “თ” ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებს, 54-ე მუხლის პირველ ნაწილს, 58-ე მუხლის პირველ ნაწილს, 95-ე მუხლის მეორე ნაწილს, რის გამოც იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

კასატორმა დ. ს-ემ გაიზიარა ფოთის საკრებულოს მოსაზრება სადავო განკარგულებების ადმინისტრაციულ აქტებად მიჩნევის შესახებ, რის გამოც კასატორის აზრით, მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ექვსთვიანი ვადა. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მას, როგორც დაინტერესებულ მხარეს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 68-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად არ გადასცემია სადავო განკარგულებები. დ. ს-ემ სრულად გაიზიარა ფოთის საკრებულოს მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სადავო განკარგულებები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად ისინი ბათილად უნდა იქნენ ცნობილი.

ქ. ფოთის საკრებულოსა და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები ცნო ქ. ფოთის მთავრობამ და შესაგებლით მოითხოვა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა. შესაგებლის ავტორის განმარტებით, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სადავო აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევით მოხდა აპარატის ...ის გათავისუფლება და ახალი ...ის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა. სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა, თუ რომელი მოქმედი საკანონმდებლო აქტის შესაბამისი მუხლით მოხდა აპარატის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლება საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკრებულოს საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი, ხოლო აღნიშნული მუხლის მოთხოვნის დარღვევით, საკრებულოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის უფროსის დანიშვნა და გათავისუფლება ზეგავლენას მოახდენს საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სხვა საკითხების გადაწყვეტაზე. ამდენად, შესაგებელის ავტორის აზრით, სადავო განკარგულებები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ქ. ფოთის საკრებულოს კანონიერ ინტერესებსა და უფლებებს. ქ. ფოთის მერის 2004წ. 10 მარტის ¹93 და ¹94 განკარგულებებით დარღვეულ იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,თ” ქვეპუნქტი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილები, 54-ე მუხლის პირველი ნაწილი, 58-ე მუხლის პირველი ნაწილი, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაგებელის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, ქ. ფოთის მერის 2004წ. 10 მარტის ¹93 და ¹94 განკარგულებების ბათილად ცნობა და დ. ს-ის აღდგენა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე, ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, დ. ს-ისთვის უკანონოდ გათავისუფლების მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება.

მესამე პირის, თ. ბ-ს, წარმომადგენელმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო საკასაციო საჩივრები, მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დაყოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის საკრებულოსა და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორების სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ფოთის მერის 2004წ. 10 მარტის ¹93 და ¹94 განკარგულებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ. ქ. ფოთის მერის 2004წ. 10 მარტის ¹93 განკარგულებით, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მესამე პირი თ. ბ- დაინიშნა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებლად, მთავრობის წევრად 2004წ. 10 მარტიდან 9 სექტემბრამდე ვადით, ხოლო ¹94 სადავო განკარგულებით კასატორი დ. ს-ე გათავისუფლდა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.

მოპასუხე ქ. ფოთის მთავრობამ და ქ. ფოთის ამჟამინდელმა მერმა ი. საღინაძემ წერილობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მთლიანად ცნო ქ. ფოთის საკრებულოსა და დ. ს-ის სარჩელები, მოითხოვა მათი დაკმაყოფილება და ქ. ფოთის მერის 2004წ. 10 მარტის ¹93 და ¹94 განკარგულებების ბათილად ცნობა, ასევე დ. ს-ისთვის განაცდურის ანაზღაურება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, მართალია, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეები ასევე სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპით, მხარეებს უფლება აქვთ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოს დისპოზიციურობა გარკვეულწილად შეზღუდულია და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს საქმის მორიგებით დამთავრების უფლება, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე ქ. ფოთის მთავრობისა და ამჟამინდელი მერის მიერ სარჩელის ცნობა, საკასაციო პალატის აზრით, ეწინააღმდეგება “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანულ კანონს და ამიტომ საკასაციო პალატა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას ვერ გაიზიარებს.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს ქ. ფოთის საკრებულოსა და დ. ს-ის საკასაციო საჩივრებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2003წ. დეკემბერში ქ. ფოთის მ. დ. ქ- მერობიდან გადადგა და საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 15 დეკემბრის განკარგულებით ქ. ფოთის მერად დაინიშნა ვ. ა-;

2. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, “გამგებელს (მერს) აქვს თანამდებობიდან გადადგომის უფლება. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან გადადგომა ან გათავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის (მთავრობის) გადადგომას. გამგეობის (მთავრობის) წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის (მთავრობის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე”;

3. ქ. ფოთის მერის სადავო ¹94 განკარგულებით ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებლად თ. ბ-ს დანიშვნასთან დაკავშირებით აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებელი დ. ს-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით: “საკრებულოსა და გამგეობის (მთავრობის) საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) აპარატი. აპარატის საქმიანობას უძღვება აპარატის ...ი, რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმებით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი)”, ხოლო ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ქალაქის მთავრობის წევრები არიან მერის მოადგილეები, აპარატის უფროსი და სამსახურის ხელმძღვანელები.

ამრიგად, აპარატის უფროსი არის ქალაქის მთავრობის წევრი და მას თანამდებობაზე ნიშნავს ან ათავისუფლებს, როგორც წესი, ქალაქის მ. (გამგებელი) საკრებულოსთან შეთანხმებით, ამიტომ ცალკე რომ დამდგარიყო საკითხი კონკრეტულად დ. ს-ის აპარატის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისათვის, ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჭირო იქნებოდა საკრებულოსთან შეთანხმება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ქალაქის მერის გადადგომა, ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იწვევს ქალაქის მთავრობისა და მათ შორის აპარატის უფროსის გადადგომას, რადგან მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით აპარატის უფროსი არის ქალაქის მთავრობის წევრი, ქ. ფოთის მერის დ. ქ-ს მერობიდან გადადგომამ გამოიწვია ქ. ფოთის მთავრობისა და დ. ს-ის, როგორც აპარატის უფროსისა და იმავდროულად ქ. ფოთის მთავრობის წევრის, გადადგომა. დ. ს-ე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებდა ქ.ფოთის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, ამიტომ განსხვავებით ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რადგან დ. ქ-ს ქ. ფოთის მერობიდან გადადგომასთან დაკავშირებით დ. ს-ე, როგორც ქ. ფოთის მთავრობის წევრი, გადამდგარი იყო და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ასრულებდა აპარატის ...ის მოვალეობას, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დ. ს-ის გათავისუფლება დამოუკიდებლად შეეძლო ქ.ფოთის ახალ მერს, საკრებულოსთან შეთანხმება საჭირო აღარ იყო და ამ ნაწილში საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა;

4. “ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 26-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, მართალია, ქალაქის მ. “უზრუნველყოფს საკრებულოსა და მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებას”, მაგრამ აღნიშნული წარმოადგენს ქალაქის მერის, როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მეთაურის ზოგად ფუნქციას, რომლის გამონაკლისი შემთხვევებიც ასევე გათვალისწინებულია ორგანული კანონით, კერძოდ, კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით: “გამგეობის (მთავრობის) წევრთა კანდიდატურებს გამგებელი (მერი) არჩევიდან (დანიშვნიდან) ორი კვირის ვადაში შესათანხმებლად წარუდგენს საკრებულოს. თუ საკრებულომ არ მისცა თანხმობა გამგეობის (მთავრობის) წევრის კანდიდატურის დანიშვნაზე, გამგებელი (მერი) უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე, ან ახალი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს ორჯერ. თუ საკრებულომ ერთი თვის ვადაში გამგეობის (მთავრობის) წევრის კანდიდატურის დანიშვნას არ მისცა თანხმობა, გამგებელი (მერი) არა უმეტეს ექვსი თვის ვადით შესაბამის თანამდებობაზე ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს”.

ამრიგად, ქ. ფოთის მერად ვ. ა-ს დანიშვნის შემდეგ, ორგანული კანონის ზემოაღნიშნული პუნქტის თანახმად, მერს ორი კვირის ვადაში საკრებულოსთან შესათანხმებლად უნდა წარედგინა ქ. ფოთის ახალი მთავრობა, რაც შეასრულა კიდეც ფოთის ახალმა მერმა და 2003წ. 29 დეკემბერს ქ. ფოთის საკრებულოს შესათანხმებლად წარუდგინა ქ. ფოთის ახალი მთავრობის კანდიდატურები. ქ. ფოთის საკრებულოსთვის წარდგენილ პაკეტში, ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ცალკე იყო წარდგენილი ქ. ფოთის გადამდგარი მთავრობის წევრის, აპარატის ...ის დ. ს-ის დათხოვნის საკითხიც.

ქ. ფოთის საკრებულოს 2004წ. 15 იანვრის ¹23/122 დადგენილებით ქ. ფოთის მერს უარი ეთქვა მთავრობის წევრის, ადგილობრივი მმართველობის აპარატის ...ის დ. ს-ის გათავისუფლებაზე. მართალია, ორგანული კანონის 26-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს ქალაქის მერის ზოგად უფლება-მოვალეობებს და მერის ერთ-ერთ ფუნქციას საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულება წარმოადგენს, მაგრამ, ვინაიდან საკრებულოს ¹23/122 დადგენილება ეხებოდა საკადრო საკითხს, კერძოდ, ქ. ფოთის გადამდგარი მთავრობის წევრის, აპარატის ... დ. ს-ის სამუშაოდან დათხოვნას, რომელიც ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ქ. ფოთის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე და რადგან ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკრებულოსთან ახალი მთავრობის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ქალაქის მერს უფლება ჰქონდა, არა უმეტეს 6 თვის ვადით აპარატის ...ის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დაენიშნა ახალი კანდიდატი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. ფოთის მერის 2004წ. 10 მარტის სადავო ¹93 და ¹94 განკარგულებები დ. ს-ის დათხოვნისა და 6 თვის ვადით აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებლად თ. ბ-ს დანიშვნის შესახებ კანონიერია, შეესაბამება ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტს, ქალაქის მ. მოქმედებდა ორგანული კანონით გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციის ფარგლებში და ამიტომ ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება კასატორთა მითითებას, რომ სადავო განკარგულებებით დ. ს-ის დათხოვნა და თ. ბ-ს დანიშვნა მოხდა არარსებულ თანამდებობაზე _ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აპარატის ...ის მოვალეობის შემსრულებლად, ნაცვლად ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის უფროსისა, საკასაციო პალატის აზრით, განკარგულებაში თანამდებობის უსწორო მითითება წარმოადგენს არარსებით დარღვევას და განკარგულების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ფოთის საკრებულოსა და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივრებში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება ქ.ფოთის მერის სადავო განკარგულებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ფოთის საკრებულოსა და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.