Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-272-02 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: მამობის დადგენა და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. მ-იანი დაიბადა 1961 წლის 19 ივნისს, დაბადების მოწმობის მიხედვით მისი დედაა ჟ. შ-ოვა, ხოლო მამა _ ი. მ-იანი. 2001 წლის მარტში ა. მ-იანმა განცხადება შეიტანა სასამართლოში იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, იმის თაობაზე, რომ მისი მამა იყო 1992 წელს გარდაცვლილი ა. გ-ია. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. მ-იანის განცხადება იმ საფუძლით, რომ ა. მ-იანის დაბადების სააქტო ჩანაწერი არასდროს არ გაუხდიათ სადავოდ ი. მ-იანს, ჟ. შ-ოვას და ა. გ-იას. თვით ა. მ-იანმა ამ საკითხზე სასამართლოს მიმართა 40 წლის ასაკში, ა. გ-იას გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-იანმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. პალატის ერთი წევრი დარჩა განსხვავებულ აზრზე.

ა. მ-იანი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება ჟ. შ-ოვასა და ა. გ-იას დის - ნ. გ-იას წერილობით განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა კასატორის წარმომადგენლის განმარტება და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნას უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. მ-იანი დაბადებულია 1961 წელს ქ.თბილიში. მისი დაბადების რეგისტრაცია მოხდა იმავე წელს ქ.თბილისის კალინინის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში, ¹445 სააქტო ჩანაწერით. სააქტო ჩანაწერის მიხედვით, ა. მ-იანის მამად რეგისტრირებულია ი. მ-იანი; საქმეში არ არის წარმოდგენილი ჟ. შ-ოვასა და ი. მ-იანს შორის ქორწინებისა და განქორწინების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

1972 წლის მაისში ჟ. შ-ოვა განქორწინდა ა. ქ-იასთან.

ა. გ-ია გარდაიცვალა 1972 წელს. კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც შეეძლო სამი ათეული წლის განმავლობაში შეეშალა ხელი, რომ დადგენილი ყოფილიყო ა. გ-იას მამობა, მით უფრო, თუ იგი აღიარებდა, რომ ა. მ-იანი იყო მისი შვილი.

სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსის 52-ე მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 1191-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად ი. მ-იანს შეეძლო ა. მ-იანის მამად რეგისტრაციის ჩანაწერი სადავოდ გაეხადა ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის გახდა ცნობილი ან ცნობილი უნდა ყოფილიყო ჩანაწერი. საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ი. მ-იანს ოდესმე სადავო გაეხადა ა. მ-იანის დაბადების სააქტო ჩანაწერში მისი მამად რეგისტრაციის ფაქტი.

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებას და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

აღნიშნული კანონის ნორმა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სასარჩელო წესით საქმის წარმოებისას. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წესით მამობის დადგენას და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანას კანონი არ ითვალისწინებს.

“სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 104-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება დაბადების აქტის ჩანაწერიდან ბავშვის მამის თაობაზე მონაცემების ამოღების შესახებ. ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის შესახებ მონაცემების არსებობისას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მამის შესახებ ჩანაწერი შესრულებულია მშობლების ერთობლივი განცხადების შეტანით) არ კმაყოფილდება მამობის დადგენის რეგისტრაციის მოთხოვნა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. მ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.