Facebook Twitter

საქმე # 330100123007859075

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №238აპ-24 ქ. თბილისი

ქ. დ. 238აპ-24 27 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: დ. ქ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდიდან - 2023 წლის 13 ივლისამდე დროის შუალედში, დ. ქ–ე ა–სთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას როგორც პირადად, ასევე, მობილური ტელეფონისა და სოციალურ ქსელების საშუალებით. ამავე პერიოდში, დ. ქ–ე მუდმივად ცდილობდა დაედგინა ა–ს ადგილსამყოფელი და უთვალთვალებდა სამსახურთან, მდებარე ქ... და უ... ასევე, მის საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე ქ... დ. ქ–ს ქმედებებმა ა–ს ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ასევე, ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროება შეუქმნა;

2.2. 2023 წლის 10 ივლისს დ. ქ–სის მიერ ა–ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოიცა N.... შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით დ. ქ–სეს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ა–ე (მსხვერპლი) ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე, მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით, კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. დ. ქ–მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2023 წლის 10 ივლისს ა–ის დასთან დაამყარა კომუნიკაცია, ხოლო 13 ივლისს ა–ს ტელეფონის ნომერზე ორი ზარი განახორციელა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით, დ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ. ქ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. დ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 29 აგვისტოდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - თ. გ–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, სრულად პირობითად ჩათვლას ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს დ. ქ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლას ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ დ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ დ. ქ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის:დაზარალებულისა და მოწმეების - ა–ს, ქ. ბ-ის, თ. გ-ის, თ. ძ-ის, ვ. ყ-ის, ო. ბ-ის გამოკითხვის ოქმები, №..... შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №..... დასკვნა), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. ქ–სის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების თითოეული ეპიზოდით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

6. გასაჩივრებული განაჩენით, დ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეეფარდა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის ფორმას და ითხოვს დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლას ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა (ხანგრძლივობა) საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. იმავდროულად, სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, - მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

9. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, საქმეზე უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დანაშაულიებრივი ქმედებების ჩადენის ხანგრძლივობას ( 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდიდან - 2023 წლის 13 ივლისამდე დროის შუალედი). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ultima racio ხასიათს, რომ „პირადი ხელშეუხებლობის უფლება უმნიშვნელოვანესია ზოგადად ადამიანის თავისუფლებისთვის ფართო გაგებით - ადამიანის თავისუფალი განვითარებისთვის, უფლებებით ეფექტურად და სრულყოფილად სარგებლობისთვის. პირადი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა კანონზომიერად, თავისთავად, ჯაჭვურად იწვევს ფუნდამენტური უფლებების უმრავლესობით შეზღუდულ სარგებლობას ან/და ზოგიერთი მათგანით სარგებლობის შეუძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია ამ უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. სწორედ ამიტომ, თავისუფლებას არ აქვს თანაბარი ეკვივალენტი, არ არსებობს ფასი, რომელიც აწონის ან სრულად ჩაანაცვლებს თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28). “ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” ( იქვე, II-29). “სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).

10. სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესს, იმ გარემოებას, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შემამსუბუქებელ გარემოებებს - დ. ქ–მ უდავო გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ნასამართლობის არმქონეა; ასევე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით დ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი მაქსიმალურთან მიახლოვებული ხანგრძლივობით და შესაძლებლად მიაჩნია დ. ქ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის - დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობითად ჩათვლა.

11. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული პირობით მსჯავრად შეიძლება დაინიშნოს სასჯელის ნახევარი. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ამასთან, გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას - არანაკლებ 2 და არაუმეტეს 6 წლისა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის არსებობის მიუხედავად, გასაჩივრებული განაჩენებით გამოყენებულია სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, იმავდროულად სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ.

13. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის შემაკავებელ ეფექტს, განსაკუთრებით აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე, დამნაშავის რესოციალიზაციისთვის. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ქ–სეს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან (1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა) თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 15 დღით უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 7 თვე და 15 დღე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე; საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან (9 თვით თავისუფლების აღკვეთა) – 4 თვით და 15 დღით თავისულების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს 1 წელი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კი საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან 7 თვითა და 15 დღით თავისულების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 7 თვე და 15 დღე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. გ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დ. ქ–ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნახევარი – 7 თვე და 15 დღე თავისულების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 7 თვე და 15 დღე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე;

4. დ. ქ–ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნახევარი – 4 თვითა და 15 დღით თავისულების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს 1 წელი;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნახევარი 7 თვითა და 15 დღით თავისულების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 7 თვე და 15 დღე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე;

6. დ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2023 წლის 29 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2023 წლის 29 აგვისტოდან - 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან;

7. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდგომ ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ. ქ–ს დაეკისროს მოვალეობა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი