საქმე # 330100123007395363
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №245აპ-24 ქ. თბილისი
ხ. გ. 245აპ-24 21 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 9 ოქტომბერს, 16:15 საათზე, ქ. თ–ში, ე.წ. ,,ბ–ს ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული იყო ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტი“, სარეგისტრაციო ნომრით – ......., რომლის საჭესთან იმყოფებოდა მძღოლი გ. ხ–ე. გ. ხ–მ დაძრა ავტომანქანა უკუსვლით ისე, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოებაში, რა დროსაც ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობებისა და გარემოებების გარეშე, ავტომანქანის უკანა ნაწილით შეეჯახა ავტომანქანის უკან მდგომ ქვეითს – გ. მ–ს. აღნიშნულით გ. ხ–სემ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. გ. ხ–ს მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის შედეგად გ. მ–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
3.1. გ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
3.2. გ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
3.3. გ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
3.4. მსჯავრდებულ გ. ხ–ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში დაევალა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
3.5. მსჯავრდებულ გ. ხ–ს მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ გ. ხ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა მაქსიმალური ვადით;
4.2. მსჯავრდებულ გ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. გ–მ მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენში:
5.1. გ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, გ. ხ–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლების თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი;
5.3. მსჯავრდებულ გ. ხ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში დაევალა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას. ასევე დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას მაქსიმალური ვადით.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ. ხ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ გ. ხ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის, მოწმეთა: მ. ვ–სა და გ. მ–ს გამოკითხვის ოქმები, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N..... დასკვნა, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.......... და სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნები, საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის ცნობა, სქემა, შემთხვევის ადგილისა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმები, ვიდეოჩანაწერი, გ. მ–ს ავადმყოფობის ისტორია, ავტომობილის და ავადმყოფობის ისტორიის ამოღების ოქმები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ხ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
11.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, გ. ხ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ. ხ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გ. ხ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე დანაშაულის ჩადენის შემდგომი მსჯავრდებულის ქცევა (მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი და დაფაროს დაზარალებულის მკურნალობის ხარჯები, შეურიგდეს დაზარალებულს) და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის გარემოება, რომ გ. ხ–ე არ არის ნასამართლევი.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ. ხ–სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გაუქმების შესახებ, ვინაიდან, გ. ხ–ე დანაშაულის ჩადენამდე დასაქმებული იყო მძღოლად ( შპს „..... ის ფ–ს“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერ ე. ს–ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გ. ხ–ე დასაქმებულია შპს „......ის ფ–ში“ დისტრიბუტორის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენს 700 ლარს (იხ.: ტ. 2, ს.ფ. 13)) და მისი და მისი ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროს აღნიშნული სამსახური წარმოადგენდა.
14. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი