გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/277-02 17 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. მ-ოვამ სარჩელი შეიტანა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში დედის, რ. მ-ოვას წინაღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე რიცხული ... მდებარე ბინაზე თანამესაკუთრედ აღიარება და მისი შვილების რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ აქტის გაუქმება. მოსარჩელის განმარტებით სადავო ბინა მიიღეს ორდერის საფუძველზე მისმა მშობლებმა. იგი დღემდე ცხოვრობს ბინაში შვილებთან ერთად; 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, როგორც პრივატიზებაში მონაწილემ, მიიღო ბინის თანასაკუთრების უფლება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ც. მ-ოვამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ც. მ-ოვას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ც. მ-ოვას სასარჩელო მოთხოვნებიდან ერთ-ერთი, კერძოდ რეგისტრაციიდან მოხსნის აქტის უკანონოდ ცნობა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველიი დავაა, ამიტომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიეღო იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს, რომელმაც გამოსცა ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ უგულებელყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რადგან სარჩელი შეეხებოდა რეგისტრაციის კანონიერებას.
რ. ჯ-შვილი-მ-ოვამ საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ მოტივებს: ც. მ-ოვას პრეტენზია ბინის თანამესაკუთრედ ცნობაზე საფუძველს მოკლებულია; იგი ვერ ადასტურებს ფაქტს, რომ ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის უფლება ჰქონდა საცხოვრებელ ფართზე მოპოვებული. ც. მ-ოვას რეგისტრაცია სადავო ბინაში განხორციელდა საცხოვრებელი მისამართის შეცვლის საფუძველზე 1996 წლის 6 სექტემბრიდან.
სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული საქმეში არსებული მასალები და მტკიცებულებები, დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც მიეთითა, რომ სასამართლომ უნდა მოიწვიოს ადმინიტრაციული ორგანოს წარმომადგენელი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასარჩელო განცხადებით ც. მ-ოვა მოითხოვს როგორც დედის ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობას, ისე აღნიშნულ ბინაში რეგისტრაციის აქტის უკანონოდ ცნობას, ბათილობას.
სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, მიუთითა რა, რომ მოსარჩელის მოთხოვნებიდან ერთი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს, ხოლო მეორე ადმინისტრიციულ დავათა რიგს განეკუთვნება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი უპირატესობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე დავას უნდა მინიჭებოდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება, მოცემულ შემთხვევაში კი რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო არ ყოფილა საქმეში ჩაბმული მხარედ, ბუნებრივია, სასამართლო ვერ გადაწყვეტდა რეგისტრაციის კანონიერების საკითხს.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებული სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არასრულადაა დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის I ნაწილის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ჯ-შვილი-მ-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.