Facebook Twitter

¹ 3კ/278-02 20 მარტი 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 3 ოქტომბერს მ. ს-ევამ თ. ვ-იჩის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის 25 თებერვალს ერთი თვის ვადით მოპასუხეს ასესხა 770 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება დამტკიცებულ იქნა ნოტარიუსის მიერ. ხელშეკრულების უზურნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ბინა.

მოპასუხემ ვალი არ დაუბრუნა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 770 აშშ დოლარის და 28 ლარის (იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს გაწეული ხარჯის) დაკისრება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მიუთითა, რომ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა ადრე მის მიერ სესხად აღებული 1000 აშშ დოლარის პროცენტს და ვინაიდან არ იცოდა იპოთეკის მნიშვნელობა, ბათილად ცნობილიყო ხელშეკრულება იპოთეკის შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა იპოთეკის ხელშეკრულება და მოპასუხეს 1999 წლის 7 ივლისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10%-ის ნაცვლად დაეკისრა 3%-ის გადახდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ს-ევას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ვ-იჩს დაეკისრა 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ვ-იჩმა აღიარა ს-ევას ვალი 700 აშშ დოლარის ოდენობით და ივალდებულა მისი დაბრუნება. აღნიშნული დადასტურებულ იქნა ნოტარიულადაც. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი ვალის აღიარების შესახებ აკმაყოფილებდა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა 70 აშშ დოლარის და 28 ლარის გადახდის აუცილებლობის თაობაზე, რადგან აპელანტმა ვერ წარადგინა იმის მტკიცებულებები, რომ აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა მისთვის მოვალეს.

2000 წლის 19 დეკემბერს თ. ვ-იჩმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი. მისი მოსაზრებით, მასზე გადასახდელად დაკისრებული 700 აშშ დოლარი მის მიერვე სესხად აღებული 1000 აშშ დოლარის პროცენტია, რაც გამოანგარიშებულია სესხზე 10%-ის დაქვითვით, მაშინ, როცა ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დადგენილი პროცენტის ზღვრული ნორმა უფრო დაბალი იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 1999 წლის 7 ივლისს. ამ ხელშეკრულებით, თ. ვ-იჩმა მ. ს-ევასაგან სესხად მიიღო 1000 აშშ დოლარი 2000 წლის 7 თებერვლამდე ვადით, თვეში 10%-ის დაქვითვით.

2000 წლის 25 თებერვალს მოვალემ მ. ს-ევას დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი და გადაუხდელი პროცენტის _ 700 აშშ დოლარის გადახდის შესახებ კრედიტორს მისცა ხელწერილი, რომ ამ დარჩენილ თანხას დაუბრუნებდა 2000 წლის 25 მარტს, ანუ დადგენილია, რომ 2000 წლის 25 თებერვალს დადებული ხელწერილი წარმოადგენს ძირითადი სასესხო ვალდებულებიდან წარმოშობილ ურთიერთობას და იგი არ არის დამოუკიდებელი ვალდებულებითი ურთიერთობა. ამდენად, იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს აბსტრაქტულ ხელშეკრულებად და თავისთავად ვალის აღიარებად. 2000 წლის 25 თებერვლის ხელწერილით, როცა თ. ვ-იჩმა იკისრა 700 აშშ დოლარის გადახდა 2000 წლის 25 მარტისათვის, ამით მან 1999 წლის 7 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდის ვადა გააგრძელა 1 თვით.

ამრიგად, ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე თ. ვ-იჩმა სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში დაადასტურა თავისი ვალდებულების ნაწილის, ანუ სესხის პროცენტის გადახდის აუცილებლობა და განსაზღვრა მისი გადახდის ახალი ვადა. აღნიშნული გარემოება არ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარებად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებული ხელწერილი არ უნდა ჩაეთვალა ვალის არსებობის აღიარებად და ამ დავის მოსაწესრიგებლად არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი.

სესხზე პროცენტის გადახდის საკითხის გადაწყვეტა სააპელაციო სასამართლოს უნდა მოეხდინა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.

სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ნაწილის ბათილობა არ ნიშნავს მისი სხვა ნაწილის ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დადებულია მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ 1999 წლის 7 ივლისის ხელშეკრულება პროცენტიანი სესხის შესახებ მაინც დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც, გარიგება ბათილად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პროცენტის ოდენობის ნაწილში, ვინაიდან ხელშეკრულებით დაფიქსირებული 10% ბევრად აღემატება იმ დროისათვის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ზღვრულ ოდენობას და არც გონივრულ შესაბამისობაში არ არის მასთან.

ხელშეკრულების დადების დროისათვის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ოდენობა ყოველთვიურად საშუალოდ შეადგენდა 2.8%-ს. რაიონულმა სასამართლომ გონივრულ პროცენტად მიიჩნია 3%, რაც მოვალეს სადავოდ არ გაუხდია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2000 წლის 7 თებერვლისთვის მოპასუხეს 1000 აშშ დოლარი სესხზე 3%-ის გათვალისწინებით უნდა გადაეხადა არა 700 აშშ დოლარი, არამედ 210 აშშ დოლარი.

სწორია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომ 70 აშშ დოლარის და 28 ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილების მტკიცებულებები კრედიტორმა ვერ წარმოადგინა და ამის გამო მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის შესახებ არ არსებობს, რადგან 1999 წლის 7 ივლისის სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროცენტი, ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო ზღვრული ოდენობის განაკვეთის შესაბამისად გონივრული პროცენტის _ 3%-ის გათვალისწინებით 210 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მოპასუხეს გადახდილი არა აქვს და უნდა გადაიხადოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რადგან ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება და ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

თ. ვ-იჩის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. ვ-იჩისათვის 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მ. ს-ევას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თ. ვ-იჩს მ. ს-ევას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 210 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

დანარჩენ ნაწილში ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.