საქმე # 330100123006701865
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №302აპ-24 ქ. თბილისი
მ. დ. 302აპ-24 27 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;
1.3. განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. დ. მ–სმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 9 მმ კალიბრიან „.......”-ის მოდელის ხმოვან პისტოლეტს და 5 ცალ ვაზნას, რაც 2022 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ამოიღეს ქ. თ–ში, ა–ს ქ–ს №..–ში,, დ. მ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 9 მმ კალიბრიან „........”-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტის სანომრე ლულა კუსტარულად გადაკეთებულია და განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო 5 ცალი ვაზნა განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას;
2.2. 2022 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ქ. თ–ში, ა–ს ქ–ს №..–ში,, დ. მ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 9 მმ კალიბრიან „.......... ”-ის მოდელის ხმოვან პისტოლეტს და 5 ცალ ვაზნას. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 9 მმ კალიბრიან „.........”-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტის სანომრე ლულა კუსტარულად გადაკეთებულია და განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო 5 ცალი ვაზნა განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას;
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განაჩენით დ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. 2022 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ქ. თ–ში, ა–ს ქ–ს №..–ში,, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი დ. მ–სი ატარებდა ცივ იარაღს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს განაჩენით:
3.1. დ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. დ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. დ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.4. დ. მ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და დ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენის გაუქმებას, დ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული დ. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. მ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის, როგორც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, ისე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებასა და ცივი იარაღის ტარებაში.
11. სასამართლო სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს გამართლებულ დ. მ–სის ჩვენებას (მან უარყო ბრალად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა და მიუთითა პოლიციელების მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღისა და დანის ჩადებასა და მისი ბიოლოგიური მასალის გადატანაზე - ,,იმ დროისთვის ჰქონდა ვირუსი და თითქოსდა კოვიდის გამოსარიცხად, პირის ღრუდან აუღეს ვითომ კოვიდ-ტესტი, რომლითაც როგორც მოგვიანებით მიხვდა „ჩადებულ“ ცეცხლსასროლ იარაღზე, ვაზნებსა და დანაზე გადაიტანეს მისი ბიოლოგიური მასალა“), იმ გარემოებას, რომ დ. მ–ს ბრალდება ძირითადად ემყარება სადავო პირადი ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებსა და პოლიციელთა ჩვენებებს, პირადი ჩხრეკის ფარგლებში არ იყო დაცული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა; ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია (შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარებისა და ნეიტრალური მტკიცებულების (მაგ.: გარეშე პირის მოწვევის) შესაძლებლობის ნაწილში). შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ დ. მ–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.
11.1. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა რაოდენობას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ალტერნატიულ საშუალებებს (ხელბორკილის გამოყენებას) და ვიდეოფიქსაციის საშუალების ხელმისაწვდომობას (მათ შორის, მობილური ტელეფონი) და ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობის შესახებ, მათ შორის იმაზე მითითებით, რომ გამართლებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციელები იყვნენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ვინაიდან, მოწმე პოლიციელთა განმარტებით მათ წინასწარ დაინახეს, თუ სად ედო დ. მ–ს იარაღისმაგვარი საგანი და პირადი ჩხრეკის ჩატარებამდე ორმა პოლიციელმა ხელები გაუკავა დ. მ–ს, შესაბამისად, მისი მხრიდან წინააღმდეგობა აღიკვეთა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დ. მ–ი დააკავეს 24 ნოემბერს 15:52 სთ-ზე; ხალხმრავალ ადგილას (რასაც ადასტურებს პოლიციელი ლ. ბ.).
11.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ 2022 წლის 24 ნოემბერს, ქ. თ–ში, ა–ს ქ–ს №..–ში, მდებარე სასაწყობე ტერიტორიაზე, შპს „...“-ის (კ–ს) კუთვნილი საწყობიდან ამოიღო სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა – ე.წ. „დ–ი“; ბრალდების მხარემ ასევე ამოიღო ე.წ. „დ–ი“ და სისტემური ბლოკი (პროცესორი) ამავე ტერიტორიაზე მდებარე შპს „ს–ის“ შენობიდან. 2022 წლის 12 დეკემბერის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა საინფორმაციო-ტექნიკური ექსპერტიზა, იმის დასადგენად, ამოღებულ „დ–ებზე“ ინახებოდა თუ არა სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა ექსპერტის დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ არის.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და in dubio pro reo-ს პრინციპთან, თუმცა ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105).
13. ამასთან, თვითმხილველი მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას, თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102).
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს სადავო ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ნივთმტკიცებები (ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ცივი იარაღი - დანა); სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ჩხრეკის შესაბამისობას ჩხრეკის ოქმში ასახულ გარემოებებთან, „გაკეთებული იყო ხელისუფლების იმ ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რომელმაც დაიწყო საქმის წარმოება და რომელიც დაინტერესებული იყო მისი შედეგებით. მათი ინტერესი განსაკუთრებით აშკარა იყო მომჩივანთა ბრალდებების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მტკიცებულებები ჩაუდეს. უფრო მეტიც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არ იყო არაბუნდოვანი … საქმის მასალებში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულება არ იყო საკმარისად მყარი დამოუკიდებლად“ (Tlashadze and Kakashvili v. Georgia, no.41674/10, § 52, ECtHR, 25/03/2021; Kalandia v. Georgia, N57255/10, § 43, ECtHR, 22/04/2021); გარდა ამისა, მათი ჩვენებები გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (მათ შორის - საქართველოსთან მიმართებით), რომელიც ეხება სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების და ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობის საკითხს, სადაც სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების მოპოვების ფორმა წარმოშობდა ეჭვებს მის სანდოობასა და სიზუსტესთან დაკავშირებით (იხ. მაგალითად, Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, 14/03/2019; Tlashadze and Kakashvili v. Georgia, no.41674/10, 25/03/2021; Shubitidze v Georgia, no. 43854/12, 12/06/2021).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა.... აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106). „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“ ( იქვე, II-108). „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს” (იქვე, II-109). „როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს” ( იქვე, II-107).
17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს), საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით (არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი), საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას) დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). ამასთან, „გამოძიებისთვის რეალურად ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რაც დაადასტურებდა/გაამყარებდა პირის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-110).
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების სადავო ჩვენებების გარდა სისხლის სამართლის საქმეში სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. მ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე