Facebook Twitter
საქმე # 120100123007555242

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №338-24 ქ. თბილისი
გ. ნ. 338აპ-24 28 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ნ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2023 წლის 29 აპრილს, დაახლოებით, 12:00 საათზე, ბ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ნ. გ–ე, სრულიად უმიზეზოდ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, ოჯახში ქალის როლისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, რომ ქალს თავისი სურვილის მიხედვით არ უნდა ჩაეცვა, სახლიდან არ გასულიყო, მაკიაჟი არ გაეკეთებინა, თმა არ შეეღება, სოციალური ქსელით არ ესარგებლა, უნდა ყოფილიყო სულ სახლში, ასევე, არ წასულიყო მშობლებთან მის დაუკითხავად და რადგანაც გათხოვილი ქალია, სულ სახლში უნდა იმყოფებოდეს, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ბენზინის გადასხმითა და ცეცხლის წაკიდებით, დაემუქრა მეუღლეს – შ. პ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2. 2023 წლის 29 აპრილს, დაახლოებით, 12:00 საათზე, ბ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ნ. გ–მ, სრულიად უმიზეზოდ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, ოჯახში ქალის როლისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, რომ ქალს თავისი სურვილის მიხედვით არ უნდა ჩაეცვა, სახლიდან არ გასულიყო, მაკიაჟი არ გაეკეთებინა, თმა არ შეეღება, სოციალური ქსელით არ ესარგებლა, სულ სახლში ყოფილიყო, არ წასულიყო მშობლებთან დაუკითხავად და რადგანაც გათხოვილი ქალია, სულ სახლში ყოფილიყო, არასრულწლოვანი შვილების – ... წელს დაბადებული ს. გ–ს, .... წელს დაბადებული ნ. გ–სისა და .... წელს დაბადებული ლ. გ–ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – შ. პ–ს, რა დროსაც მას ყელში ხელი წაუჭირა და ახრჩობდა, რითაც შ. პ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.3. 2021 წლის აგვისტოში, დაახლოებით, 22:00 საათზე, ბ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ნ. გ–ე, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, ოჯახში ქალის როლისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, რომ ქალს თავისი სურვილის მიხედვით არ უნდა ჩაეცვა, სახლიდან არ გასულიყო, მაკიაჟი არ გაეკეთებინა, თმა არ შეეღება, სოციალური ქსელით არ ესარგებლა, სულ სახლში უნდა ყოფილიყო, ასევე, არ წასულიყო მშობლებთან, მის დაუკითხავად და რადგანაც გათხოვილი ქალია, სულ სახლში უნდა იმყოფებოდეს, არასრულწლოვანი შვილების – .... წელს დაბადებული ს. გ–სის, .... წელს დაბადებული ნ. გ–სა და ...... წელს დაბადებული ლ. გ–ს – თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – შ. პ–ს, რა დროსაც მას მხარში დაარტყა ხელი, რითაც შ. პ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.4. 2023 წლის მარტში, საღამოს საათებში, ბ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ნ. გ–მ, სრულიად უმიზეზოდ, არასრულწლოვანი შვილების – .... წელს დაბადებული ნ. გ–სა და .... წელს დაბადებული ლ. გ–ს – თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, .... წელს დაბადებულ ს. გ–ს, რა დროსაც მას „ნოკიას“ მოდელის მობილური ტელეფონი ესროლა მუცელში, რითაც არასრულწლოვანმა ს. გ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ნ. გ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ნ. გ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“, ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის მარტის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. ნ. გ–ს 2023 წლის 29 აპრილის ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა ქმედების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

3.4. ნ. გ–ს 2023 წლის 29 აპრილის ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა ქმედების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი. დანაშაულთა ერთობლიობით ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი;

3.6. ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2023 წლის 10 მაისიდან 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით;

3.7. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, კონტროლი დაევალა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გელა მაღრაძე ითხოვს ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამასთან დანაშაულთა ერთობლიობის წესით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

9. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის მარტის თვის ეპიზოდი) გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულებმა – შ. პ–მა და არასრულწლოვანმა ს. გ–მ, ასევე, არასრულწლოვანმა მოწმეებმა: ნ. გ–მ და ლ. გ–მ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; საქმეში წარმოდგენილი №...... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი შეიცავს მხოლოდ 2023 წლის 29 აპრილს მომხდარი დანაშაულის აღწერას, რაშიც ნ. გ–ე დამნაშავედ იქნა ცნობილი.

13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, ნ. გ–ს აღიარების გარდა.

13.2. მოცემულ ეპიზოდებთან მიმართებით კი არაინფორმატიულია ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მოწმეთა: მ. პ–ს, ს. პ–სა და მ. პ–ს გამოკითხვის ოქმები.

14. სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ნ. გ–ს აღიარებას, თუმცა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე ნ. გ–ს ედავება 2021 წლის აგვისტოსა და 2023 წლის მარტში საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზარალებულმა შ. პ–მა საგამოძიებო ორგანოებს მიმართა 2023 წლის 30 აპრილს. მაგრამ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება (არც ობიექტური და არც სუბიექტური კრიტერიუმებით), რომ ნ. გ–ს ქმედებით დაზარალებულებმა: შ. პ–მა (2021 წლის აგვისტოში) და არასრულწლოვანმა ს. გ–მ (2023 წლის მარტში) განიცადეს ფიზიკური ტკივილი, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს (ელემენტს).

15. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“, ქვეპუნქტებით (2023 წლის მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

16. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ნ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნ. გ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ნ. გ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, აღიარებს მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენას, ნასამართლობის არმქონეა;

17.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ფარგლებში ნ. გ–ს სწორად ამოურიცხა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა (დაუდასტურებლობის გამო). შესაბამისად, არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებალად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი




მოსამართლეები: შ. თადუმაძე




მ. ვასაძე