საქმე # 080100121005105936
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №339აპ-24 ქ. თბილისი
დ. ვ. 339აპ-24 10 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ვ. დ–ს - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2021 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, წ–ს რაიონ სოფელ მ–ში, ვ. დ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. გ–ს. კერძოდ, იმის გამო, რომ შვილის მოვლა ქალის მოვალეობაა, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2021 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, წ–ს რაიონ სოფელ მ–ში, ვ. დ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. გ–ს. კერძოდ, იმის გამო, რომ შვილის მოვლა ქალის მოვალეობაა, ხელი დაარტყა რამდენჯერმე თავის არეში, ძლიერად მოუჭირა ხელი, ფეხი დაარტყა ფეხის არეში. რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს განაჩენით:
3.1. ვ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ვ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.3. ვ. დ–ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ და მოითხოვა ვ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობის წესით შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ვ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ლ–მ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი გურჯან ტაბეშაძე ითხოვს ვ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ვ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ლ–მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ვ. დ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ნ. გ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – ვ. დ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ვ. დ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.
12. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ. დ–ს ქმედებით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: ვ. ფ–ე, ო. ბ–ი და შ. თ–ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, მათთვის ნ. გ–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა დაზარალებულისგან, შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
14. შეტყობინების (შეტყობინების რეგისტრაციის N..........) შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით. ამასთან, შეტყობინების გაკეთებისას დაზარალებული არ ფრთხილდება ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
15. №..... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ ორდერი ხელმოწერილია ვ. დ–ს მიერ და არ ყოფილა გასაჩივრებული. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ერთი მხრივ ბრალდება გამართლებულს ედავება კონკრეტული სახის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას (რამდენჯერმე დარტყმას თავის არეში, ძლიერად ხელის მოჭერას, ფეხის დარტყმას ფეხში), ხოლო ორდერში მხოლოდ ზოგადად არის მითითებული 2021 წლის 13 და 14 სექტემბრის ვ. დ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. ორდერი არ აკონკრეტებს არც ფიზიკური დაზიანების მიყენების ლოკალიზაციას, ხერხს, დაზიანების არსებობას, დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას, დაზიანების მიყენების ადგილს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, ხოლო „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული იყენებს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმოშობას უშუალოდ ვ. დ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად.
17. საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სსსკ-ი არ ადგენს განსხვავებულ (უფრო დაბალ) მტკიცებით სტანდარტს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
19. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე