3კ/283-02 6 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
დავის საგანი: საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მ-ია მუშაობდა შპს “პ. კ. ა. და გ. ც. ი.” დირექტორის თანამდებობაზე. საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის ¹641 ბრძანებით გია მურღულია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. განათლების მინისტრის 2001 წლის 3 მარტის ¹05 ბრძანებით ცვლილებები შევიდა საზოგადოების წესდებაში, შემოღებულ იქნა გენერალური დირექტორის თანამდებობა, რომელზეც ამავე ბრძანებით დაინიშნა სხვა პირი.
გ. მ-იამ სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის ¹641 და 2001 წლის 3 მარტის ¹05 ბრძანებების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის ¹641 და 2001 წლის 3 მარტის ¹05 ბრძანებები.
მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს განათლების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს: შპს “პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტის” ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს განათლების სამინისტრო. მინისტრის ბრძანებით ამ საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლება უკანონოა, რადგან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტის შესაბამისად დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მასთან შრომის ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა უნდა მომხდარიყო პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. ცნება _ “პარტნიორთა კრება” - საზოგადოების წესდებაში გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა საზოგადოებას ერთი პარტნიორი ჰყავს. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების დირექტორის განთავისუფლებისა და საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ ნება გამოხატა არა შპს “პ. კ. ა. და გ. ც. ი.” პარტნიორმა, არამედ ბრძანების გამოცემით _ განათლების მინისტრმა, მაშინ, როცა აღნიშნული საზოგადოების წესდების მიხედვით დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა უნდა მომხდარიყო პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, რომ კრების მოწვევა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.7 მუხლის მიხედვით არ იყო საჭირო, თუკი ყველა პარტნიორი წერილობით გამოხატავდა თანხმობას განსახილველ საკითხზე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაშიც შპს-ს ერთადერთ დამფუძნებელ პარტნიორს, განათლების სამინისტროს, შეეძლო კრება არ მოეწვია, მაგრამ სააპელაციო პალატის მითითებით იურიდიული პირის, შპს “პ. კ. ა. და გ. ც. ი.”, დამოუკიდებლობიდან და მისი ორგანიზაციული ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, გ. მ-იას განთავისუფლება და საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა, უნდა მომხდარიყო არა საქართველოს განათლების მინისტრის ¹641 და ¹05 ბრძანებებით, არამედ შპს-ს ყველა დამფუძნებლის თანხმობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ მოცემული ურთიერთობის მოწესრიგებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.7 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როდესაც ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება კრებაზე განსახილველ საკითხს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჩათვალა, რომ მინისტრის ბრძანების ნაცვლად უნდა არსებულიყო კრების ოქმი, რომელსაც ხელს მოაწერდა იგივე პირი, მაშინ, როდესაც საქართველოს განათლების სამინისტრომ და მისმა მინისტრმა, როგორც მოცემულ სამართალურთიერთობაში სახელმწიფოს წარმომადგენელმა, გამოხატა წინასწარი თანხმობა კრებაზე განსახილველი საკითხის თაობაზე. ასევე, მინისტრის გასაჩივრებული ბრძანების შეფასებისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის შესაბამისად ნების გამოვლენა და მისი შინაარსი უნდა დადგინდეს არა ცალკეული გამონათქვამების სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან, არამედ მისი გონივრული განსჯის შედეგად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნების გამოვლენისას დაცულია კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ფორმაც _ ბრძანება დამოწმებულია ნოტარიულად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო წარმოადგენს შპს “პ. კ. ა. და გ. ც. ი.” ერთადერთ დამფუძნებელს. საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის ¹641 ბრძანებით ამ ინსტიტუტის დირექტორი გ. მ-ია განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; განათლების მინისტრის 2001 წლის 3 მარტის ¹05 ბრძანებით კი ცვლილებები შევიდა ზემოაღნიშნული საზოგადოების წესდებაში და შემოღებულ იქნა გენერალური დირექტორის თანამდებობა, რომელზეც იმავე ბრძანებით სხვა პირი დაინიშნა.
გ. მ-იამ განათლების მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებები უკანონოდ მიიჩნია და სასამართლოს წესით მოითხოვა მათი ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ დარღვეულ იქნა საქართველოს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტის მოთხოვნები. საქართველოს განათლების მინისტრს არ ჰქონდა უფლება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე ემსჯელა ერთპიროვნულად. მართალია, საქართველოს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტის თანახმად, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნის და გამოწვევის, მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადების და შეწყვეტის, აგრეთვე, მათი ანგარიშის დამტკიცების თაობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.7 მუხლი და მიუთითა, რომ გ. მ-იას საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლება და საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა უნდა მომხდარიყო არა განათლების მინისტრის ბრძანებით, არამედ შპს-ს ყველა დამფუძნებლის თანხმობით. ზემოაღნიშნული კანონის 47.7-ე მუხლში მითითებულია, რომ კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს “პ. კ. ა. და გ. ც. ი.” ერთადერთი დამფუძნებელი საქართველოს განათლების სამინისტროა, ხოლო სამინისტროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს როგორც მესამე პირთან ურთიერთობაში, ისე წყვეტს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. სამინისტროს, როგორც შპს “პ. კ. ა. და გ. ც. ი.” პარტნიორის, ნება გამოვლენილი იქნა მინისტრის ბრძანებით. მოცემულ შემთხვევაში კრების ოქმიც რომ შედგენილიყო, ის მაინც მინისტრის ხელმოწერით დადასტურდებოდა. ამიტომ ამ შემთხვევაში მთავარია პარტნიორის ნების გამოვლენის ნამდვილობა. თვით დოკუმენტის ფორმის დაუცველობა არ იწვევს პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილობას. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლის ნორმის დარღვევითაა მიღებული და უნდა გაუქმდეს.
საკასაციო პალატა მოცემულ საქმეზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოში გ. მ-იას სარჩელის განხილვა განათლების სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე შეჩერებულია, ვინაიდან სამუშაოზე აღდგენის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული წინამდებარე საქმეში განათლების მინისტრის სადავო ბრძანებებთან. ეს ორი საქმე უნდა გაერთიანდეს და მოხდეს მათი ერთობლივი განხილვა.
სააპელაციო სასამართლომ კი საერთოდ ყურადღება არ მიაქცია ამ გარემოებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს განათლების მინისტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.