Facebook Twitter

საქმე # 020100123006976819

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №362აპ-24 ქ. თბილისი

ზ–ი ფ., 362აპ-24 20 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ფ. ზ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2023 წლის 9 თებერვალს, ღამის საათებში, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ს ...ში, .......ის ქუჩა N..-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ფ. ზ–ი, ურთიერთშელაპარაკების დროს, მათი არასრულწლოვანი შვილების 7 წლის ი. ფ–სს და 5 წლის ლ. ფ–სს თანდასწრებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ვ. ფ–ს, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც, ვ. ფ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2. 2023 წლის 9 თებერვალს, ღამის საათებში, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ს ..ში, ....ის ქუჩის N..-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ფ. ზ–სი, 8 წლის არასრულწლოვან შვილზე – ი. ფ–ზე გაბრაზებული გამოეკიდა მას დანით ხელში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. რა დროსაც ი. ფ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით:

3.1. ფ. ზ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. გამართლებულ ფ. ზ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლება.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ფ. ზ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ფ. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ქ–მ და მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჯაბუა ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ფ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ი) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ფ. ზ–სის დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა: ვ. ფ–მ და ი. ფ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – ფ. ზ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ფ. ზ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფ. ზ–ს ქმედებებით დაზარალებულებისათვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ლ. გ–ა არ არის შემთხვევის თვითმხილველი, ის არ შესწრებია მუქარის ფაქტს და მან ამის შესახებ იცის მხოლოდ დაზარალებულების გადმოცემით. შესაბამისად, მისი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). ლ. ბ-ს (ფ. ზ–სის დედის) გამოკითხვის ოქმი კი ფ. ზ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების სამტკიცებლად არაინფორმატიულია (მოწმის განმარტებით, მან არ იცის რა მოხდა 2023 წლის 9 თებერვალს იხ. ტ.1, ს.ფ. 105-108).

14. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

15. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ფ. ზ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).

16.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე