¹ 3კ/285-02 27 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბინის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ავტოსადგომით სარგებლობისათვის ქირის გადახდა (ძირითად სარჩელში); სესხის სახით მიცემული თანხის დაბრუნება და მორალური ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 22 აპრილს რ. ბ-ძემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს მოპასუხე ო. რ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა მისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნა, რომ 1995 წლის 20 აპრილს მოპასუხესთან გააფორმა ქ. თბილისში, ... მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც დამქირავებელმა ო. რ-შვილმა თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ისარგებლა 1998 წლის აგვისტომდე. ხელშეკრულების თანხმად იგი ვალდებული იყო გაფრთხილებოდა ბინას და მასში არსებულ ავეჯს, ხოლო დაზიანების შემთხვევაში გადაეხადა შესაბამისი მატერიალური ზარალი. ასევე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა გახარჯული ელექტროენერგიის საფასური.
დამქირავებელმა საცხოვრებელი ბინით სარგებლობა შეწყვიტა 1998 წლის აგვისტოში, ხოლო 1999 წლის თებერვლამდე აღნიშნული ბინა დაკავებული ჰქონდა თავისი ავეჯით, მაგრამ არ გადაიხადა ბინის ქირა. დამქირავებელმა ასევე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოიჩინა გულგრილი დამოკიდებულება ბინის მიმართ, რის გამოც ბინა და მასში მოთავსებული მოსარჩელის კუთვნილი ავეჯი საგრძნობლად დაზიანდა.
ო. რ-შვილი ვალდებული იყო ბინაში ჩაეტარებინა რემონტი, მაგრამ მას არ გაუკეთებია, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა. მან, ასევე, არ გადაიხადა ერთი წლის მანძილზე გახარჯული ელექტროენერგიის საფასური.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო რ. ბ-ძემ მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 548-ე, 554-ე, 559-ე, 562-ე, 564-ე და 567-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხისათვის 850 აშშ დოლარის დაკისრება.
საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე რ. ბ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნის ზომა. კერძოდ, 850 აშშ დოლართან ერთად ასევე მოითხოვა ო. რ-შვილის მიერ ავტომანქანის სადგომით სარგებლობისათვის 2600 ლარის გადახდა.
მოპასუხემ თავის მხრივ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, სადაც აღნიშნა, რომ 1995 წლის აპრილში მოსარჩელისაგან იქირავა საცხოვრებელი ბინა თვეში 50 აშშ დოლარად. ბინის ქირა მის მიერ გადახდილ იქნა 1996 წლის აპრილამდე, ხოლო იმავე წლის აგვისტოდან 1998 წლის ივლისამდე იმ მოტივით, რომ გამქირავებელი განიცდიდა მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, ო. რ-შვილი ყოველთვიურად ნებაყოფლობით უხდიდა 100 აშშ დოლარს. 1999 წლის იანვრამდე კი თავისი ავეჯის შენახვის საფასურად ექვსი თვის განმავლობაში მოსარჩელეს გადაუხადა 600 ლარი. ასევე, ფინანსურად დაეხმარა მას ავადმყოფი დის მოვლაში, ხოლო შემდგომ მის დაკრძალვაზე გაწეულ ხარჯებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მითითებით ო. რ-შვილმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა რ. ბ-ძისათვის 1150 აშშ დოლარის და 600 ლარის, ასევე მორალური ზიანის მიყენებისათვის 500 აშშ დოლარის დაკისრება.
საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე რ. ბ-ძემ შეცვალა სარჩელი. კერძოდ, უარი თქვა ელექტროენერგიის საფასურის და დაზიანებული ავეჯის ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრებაზე და მოითხოვა 4200 ლარის გადახდა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ძის სარჩელი ბინის რემონტისათვის საჭირო თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ხოლო ექვსი თვის ბინის ქირის და ავტომანქანის სადგომით სარგებლობისათვის თანხის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო.
ამავე გადაწყვეტილებით ო. რ-შვილს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის განხილვის ნაწილში დაეფუძნა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-ძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი არ გამომდინარეობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მიღებული იყო კანონის დარღვევით. კერძოდ, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლი და ნაცვლად ამავე კოდექსის 573-ე მუხლის მეორე ნაწილისა გამოიყენა პირველი ნაწილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მისი შეტანისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების გამო.
აღნიშნული განჩინება რ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 21 სექტემბრის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს იმ მოტივით, რომ საოლქო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებაზე დაადგინა გასაჩივრების არასწორი წესი.
საქმე შემდგომში კიდევ რამდენჯერმე იქნა განხილული როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციებში.
ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ განხილულ იქნა სააპელაციო საჩივარი და 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით იგი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ო. რ-შვილს რ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 75 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლს და ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით სადავო ბინისათვის რემონტის ჩასატარებელ საჭირო თანხად განისაზღვრა 75 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-ძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას და მის მიერ ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის 550 აშშ დოლარის მოპასუხისათვის სრულად დაკისრებას. კასატორის მითითებით გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის მესამე ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 1995 წლის 20 აპრილს გაფორმდა საცხოვრებელი ბინის ქირავნობის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, თვეში 50 აშშ დოლარის გადახდით. აღნიშნული ურთიერთობა შემდგომში გაგრძელებულ იქნა 1999 წლის თებერვლამდე.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუზუსტებელი დატოვა მისი მოთხოვნა სადავო ბინის რემონტისათვის გაწეული ხარჯების განსაზღვრის შესახებ.
რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე კასატორმა მოითხოვა მის მიერ ჩატარებული ბინის სარემონტო სამუშაოების ხარჯების დაზუსტება. აღნიშნულის შესახებ პალატა განმარტავს, რომ 2000 წლის 1 თებერვალს ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზით შეფასებულ იქნა სადაო ბინის იმ დროისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. რაც შეეხება ექსპერტიზის ჩატარებამდე კასატორის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობას პალატას მიაჩნია, რომ ექსპერტიზის მეშვეობით აღნიშნული საკითხის დადგენა შეუძლებელია. კასატორმა ვერცერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგინა მტკიცებულებები თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად, ხოლო მის მიერ მითითება, რომ სარემონტო სამუშაოებზე დახარჯა 550 აშშ დოლარი არ არის საკმარისი მტკიცებულება აღნიშნული თანხის ო. რ-შვილზე დაკისრებისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლი.
აღნიშნული ნორმის მიხედვით დამქირავებელს ევალება საცხოვრებელი სახლისათვის მიმდინარე რემონტის ჩატარება. პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, კასატორის სასარგებლოდ, მართებულად დააკისრა ო. რ-შვილს მხოლოდ 75 აშშ დოლარის გადახდა, ვინაიდან ჩატარებული მიმდინარე რემონტის ხარჯების ოდენობა მხოლოდ ზემოთმითითებული თანხით შემოიფარგლა.
პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსისი 548-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დამქირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობით. კასატორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები ო. რ-შვილის მხრიდან ასეთი მოვალეობების შეუსრულებლობის შესახებ, ანუ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო სწორი და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების საფუძველიც არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება