გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-286-02 17 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: მემკვიდრეობის ვადის აღდგენა და სამკვიდრო ქონების გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 3 და 7 მაისს გარდაიცვალნენ დ. და ბ. ა-შვილები. მათ გარდაცვალების შემდეგ დარჩათ ყვარლის რაიონის სოფ. ... საცხოვრებელი სახლი, რომელიც ირიცხებოდა დ. ა-შვილის სახელზე. დ. და ბ. ა-შვილებს ჰყავდათ სამი შვილი _ ც. ა-შვილი, მ. ა-შვილი და ზ. ა-შვილი-დ-შვილი, რადგან დ. ა-შვილის კომლი შედგებოდა ორი წევრისაგან დ. ა-შვილი და ბ. ა-შვილი, ბ. ა-შვილის 1998წ. 7 მაისს გარდაცვალების შემდეგ სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის საფუძველზე კომლში გაიხსნა მემკვიდრეობა. 2001წ. თებერვალში ც. ა-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხედ მიუთითა მისი ძმა მ. ა-შვილი და მოითხოვა მემკვიდრეობის ვადის აღდგენა და დანარჩენი მემკვიდრეობის წილის 1000-1000 ლარით შემცირება, და ვინაიდან 1990 წლიდან ცხოვრობს სამემკვიდრეო სახლში, სახლის მისთვის მიკუთნება შემდეგი საფუძვლით: მშობლების დაკრძალვის ხარჯები გაიღო მან, დაკრძალვა სულ 3000 ლარი დაუჯდა. დანარჩენი მემკვიდრეებიც მოვალენი იყვნენ გაეღოთ დაკრძალვის ხარჯები, ამიტომ თითოეულს სამემკვდირეო წილი უნდა შეუმცირდეს 1000 ლარით. სასამართლოს განცხადებით მიმართა, ასევე ზ. ა-შვილ-დ-შვილმა და მოითხოვა საქმეში მოპასუხედ ჩართვა. მანვე სასამართლო სხდომაზე ითხოვა მშობლების დანაშთი ქონებიდან წილის მიღება.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ც. ა-შვილის სარჩელი. მას გაუგრძელდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა. ასევე დაკმაყოფილდა მოპასუხეების მ. ა-შვილისა და ზ. ა-შვილის მოთხოვნა და გაუგრძელდათ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა. დ. ა-შვილის სახელზე აღრიცხული სამკვიდრო ქონება კერძოდ, საცხოვრებელი სახლი გაიყო სამ თანაბარ ნაწილად და მოსარჩელე ც. ა-შვილს მიეცა სადავო სახლის ერთი მესამედი, ასევე თითო მესამედი მიეცა მ. და ზ. ა-შვილებს. მოპასუხეებს მ. და ზ. ა-შვილებს სამკვიდრო ქონება შეუმცირდათ 170-170 ლარით, სულ 340 ლარი ც. ა-შვილის სასარგებლოდ.
ყვარლის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლები ბ. და დ. ა-შვილები გარდაიცვალნენ 1998 წელს შესაბამისად 7 და 3 მაისს. მოსარჩელე ც. ა-შვილი ცხოვრობდა მათთან სადავო სახლში გარდაცვალებამდე 1990 წლიდან და აგრძელებს ცხოვრებას მათი გარდაცვალების შემდეგაც. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 1975 წელს მ. ა-შვილის კომლი გამოეყო მამის დ. ა-შვილის კომლის და საკუთრების უფლებით მიიღო სადავო სახლში ორი ოთახი. და ამდენად, იგი არ უნდა შევიდეს სამკვიდრო ქონებაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეებს მ. და ზ. ა-შვილებს უნდა აღუდგეთ მემკვიდრეობის მიღების ვადა, რადგან მამკვიდრებლების გარდაცვალებიდან სამი წელიც არ არის გასული, მემკვდირეობის მიღების ვადაში სადავო გახდა მათ შორის სამკვიდრო ქონება, რის გამოც მიმართეს სასამართლოს 1999წ. 2 აგვისტოს.
ყვარლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ც. ა-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა ც. ა-შვილმა დამატებით მოითხოვა მშობლების მოვლისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, ანუ დაამატა კიდევ ერთი მოთხოვნა სხვა საფუძვლით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია მხოლოდ დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, ისიც ან მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით, ან თუ სააპელაციო სასამართლოს ამას მიზანშეწონილად ცნობს. რაც შეეხება მოთხოვნის საფუძველს აღნიშნულის შეცვლა სააპელაციო სასამართლოში დასაშვები არ არის და ც. ა-შვილის მოთხოვნა მშობლების მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხეებზე დაკისრების შესახებ ვერ იქნება განხილული სააპელაციო პალატის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. ა-შვილმა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ სამკვიდრო ქონებაში არ მოაქცია ერთ-ერთი მემკვიდრის, კერძოდ მ. ა-შვილის მიერ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიღებული ქონება, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლით სასამართლო ვალდებული იყო წილთა განაბრების წესით სამკვიდრო ქონების გაყოფისას მასში ჩაერთო მ. ა-შვილის მიერ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიღებული ქონება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა მამკვიდრებლის მკურნალობის ხარჯების საკითხი მტკიცებულებების სიმცირის გამო, არადა მან როგორც რაიონულ, ისე საოლქო სასამართლოში წარადგინა მამკვიდრებლების ავადმყოფობის ისტორიები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის გარემოებები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა მხოლოდ ერთი საფუძვლით, რომ აპელანტი ც. ა-შვილი სააპელაციო საჩივარში ცვლიდა სარჩელის საფუძველს, რისი უფლებაც მას არა აქვს.
როგორც ც. ა-შვილის სააპელაციო საჩივრიდან ირკვევა, იგი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა რამოდენიმე საფუძვლით: კერძოდ, 1. წილთა გათანაბრებას იმ თანხების ხარჯზე, რაც მან მამკვიდრებლის მკურნალობაზე გაიღო და 2. მოსამართლე ცერცვაძემ გაყო რა სამ თანაბარ წილად სამკვიდრო ქონება, მასში არ მოაქცია მ. ა-შვილის მიერ 1975 წელს მშობლების კომლიდან გამოყოფის გზით მიღებული ფართი.
სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა აპელანტის მეორე მოთხოვნაზე არ გამოარკვია, რამდენად საფუძვლიანი იყო მისი ეს მოთხოვნა და ისე დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი მხოლოდ იმ მოტივით, რომ აპელანტმა მკურნალობის ხარჯების მოთხოვნით უნდა აღძრას სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო საჩივარში მითითებულ მეორე საფუძვლით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას მხარე საკასაციო საჩივარშიც. საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს კასაციის ამ საფუძველზე, რადგან სააპელაციო სასამართლოში იგი განხილვის საგანი არ ყოფილა და აქედან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველს წარმოადგენდა.
ასევე გაურკვეველია რატომ მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება და არა განჩინება თუ იგი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას უცვლელი ტოვებდა.
საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივარში დასმულ ორივე საკითხზე და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.