Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-289-02 29 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების და მასზე განხორციელებული სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ხ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “ა.”-ს დირექტორის თ. შ-ავას წინააღმდეგ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების და სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორი, წინააღმდეგია 1999წ. 19 აგვისტოს პარტნიორთა კრების ¹1 ოქმის, რის საფუძველზეც გასხვისებულ იქნა საზოგადოების ოფისი. მოსარჩელემ აგრეთვე მიუთითა, რომ სადავო ფართი, ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ 1995წ. 14 ოქტომბერს გაცემული საკუთრების მოწმობის (¹23\38-3) მიხედვით, ირიცხებოდა შპს “ც.“-ის სახელზე და თ. შ-ავას არ ჰქონდა სხვისი ქონების გაყიდვის უფლება. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პარტნიორთა კრებას, სადაც გადაწყდა სადავო ფართის გაყიდვა, არ ესწრებოდა საზოგადოების ყველა პარტნიორი, რაც ეწინააღმდეგება წესდების მე-8.4 მუხლს. აგრეთვე, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუსის მიერ მოხდა კანონის უხეში დარღვევით, რადგან პარტნიორთა კრების ოქმს ხელს არ აწერდა ყველა პარტნიორი.

მოპასუხე თ. შ-ავამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით იქნა გაფორმებული, ვინაიდან კრება, სადაც იხილებოდა უძრავი ქონების გასხვისების საკითხი, ყველა პარტნიორის დასწრებით ჩატარდა და, თუ მოსარჩელე კრების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, იგი კანონის შესაბამისად 2 თვის ვადაში უნდა გაესაჩივრებინა. მას კი ამ უფლებით არ უსარგებლია.

მოპასუხე გ. მ-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, მესაკუთრე იყო შპს “ა.” და ამდენად, იგი კეთილსინდისიერი მყიდველია.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-შვილმა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 19.1 მუხლი; არასწორად შეაფასა მტკიცებულებები ფართის პრივატიზაციის საკითხში, რადგან პრივატიზაციის დროს შპს “ა.” არ არსებობდა და, ბუნებრივია, ვერც მისი ხარჯებით მოხდებოდა სადავო ფართის პრივატიზება.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა 2000წ. 19 აგვისტოს კრების ოქმი, რომლითაც მხოლოდ საზოგადოების დირექტორი იქნა არჩეული, ხოლო დღის წესრიგში სხვა საკითხი არ იყო გათვალისწინებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 24 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ფართი გასხვისების დროს ირიცხებოდა შპს “ა-ს” სახელზე, სანოტარო მოქმედება კანონის დაცვით იქნა შესრულებული და აქედან გამომდინარე არ არსებობს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 312-ე და 477-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას და გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას.

ა. ხ-შვილი საკასაციო საჩივრით მოითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 19.1 მუხლი, რადგან სადავო ქონების გასხვისებით საწარმო საწესდებო კაპიტალის გარეშე დარჩა, ე.ი. შპს “ა.” გაუქმდა. ამიტომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილი, აგრეთვე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ს 377-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე უფლება ჰქონდა საქმე არსებითად განეხილა და დამატებით უნდა გამოეკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც პირველი ინსტანციის მიერ არ იქნა გამოკვლეული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას “მეწარმეთა შესახებ” კანონის 19.1 მუხლის თაობაზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა არ მომხდარა შპს-ს გაუქმება. შპს “ა-ს” 1999წ. 19 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმით გადაწყდა საწარმოს უძრავი ქონების გასხვისება, რასაც ითვალისწინებს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3. მუხლის “ე” ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმით პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უძრავი ქონების გასხვისებით საწარმოს საწესდებო კაპიტალი მთლიანად გაიყიდა და ამიტომ სადავო ქონების გასხვისებით ფაქტიურად შპს-ს გაუქმება მოხდა, უსაფუძვლოა, რადგან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.8. მუხლით საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება საწესდებო კაპიტალის ოდენობის შემცირების გამო ავტომატურად არ ხდება. ამ ნორმით დადგენილია ხარვეზის გამოსწორების ვადა, თუU ამ ვადაში არ გამოსწორდა ხარვეზი შემდეგ ხდება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება. რაც შეეხება საწარმოს საწესდებო კაპიტალის კანონით დადგენილი მინიმალური ოდენობის (2000 ლარი) შემცირებას, თუ კი ასეთს მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს პარტნიორებს უფლება აქვთ შეავსონ იგი კანონით დადგენილ ვადაში.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 19.1. მუხლის საფუძველზე უნდა შეემოწმებინა საქმის ფაქტობრივი გარემობანი და ისე მიეღო გადაწყვეტილება. მოცემულ დავაში სარჩელის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლითაც ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 19.1 მუხლით ყველა შეთანხმება, რომლითაც იქმნება ან უქმდება საწარმო, აგრეთვე ყოველგვარი ცვლილება მათში მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას. ბათილია გარიგება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონით დადგენილი წესით _ ნოტარიალურადაა დადასტურებული და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო გადაწყვეტილება ფართის გაყიდვის შესახებ მიიღო საწარმოს პარტნიორთა კრებამ. ამდენად, შპს-ს ქონების გასხვისების დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 სექტემბრის განჩინება.