გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-290-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შემდეგი
შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: მესაკუთრეთა შორის სარგებლობის წესის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წელს ც. მ-შვილმა სარჩელი აღძრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ე., გ. და მ. ბ-შვილების, გ. ო-შვილისა და მ. თ-ძის მიმართ მესაკუთრეთა შორის საერთო შესასვლელით თანაბარი საკუთრების წესის დადგენის, გზით სარგებლობის ხელშემშლელი პირობების, კერძოდ, ვაზის ტალავერის, რკინის ჭიშკრისა და კიბის მარშის მოშლისა და მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მხარეს მიშენებული ოთახის ფანჯრების მინის ბლოკებით შემინვის მოთხოვნით.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და აღნიშნა, რომ ც. მ-შვილის მოთხოვნა ხანდაზმული და დაუსაბუთებელია.
2001წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. მ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, სარჩელში მითითებული სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სადავო ნაკვეთი მისი საკუთრებაა.
ც. მ-შვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რაც, აპელანტის აზრით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
თბილისის საოლქო სასამართლომ 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნები და მიიჩნია, რომ სკ-ს 954-ე მუხლის თანახმად მისასვლელი გზა ორივე მხარეს ეკუთვნის საზიაროდ, თუმცა 1987 წლიდან, როდესაც ც. მ-შვილმა ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო აღნიშნული მოთხოვნა არ დაუყენებია, ამიტომ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. საოლქო სასამართლომ იმსჯელა კიბის მარშის შემცირების მოთხოვნაზე და მიიჩნია, რომ სკ-ს 955-ე მუხლის თანახმად კიბის მარშის გაზრდით შემცირდა სამანქანო გზა, რაც უნდა ჩაითვალოს მოსარჩელე მხარის მიერ გზით სარგებლობის ხელშემშლელ ფაქტორად და დაავალა მოწინააღმდეგე მხარეს კიბის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ხოლო მ. ბ-შვილის მიერ მიშენებული ოთახის ფანჯრების მინის ბლოკებით შემინვის მოთხოვნაზე აპელანტს უარი ეთქვა მესაკუთრის საცხოვრებელი პირობების მისი საკუთრების ფარგლებში გაუმჯობესების ინტერესის უპირატესობის გამო.
ც. მ-შვილმა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 954-ე მუხლი, ვინაიდან, ის ითხოვდა არა მისასვლელი გზის საერთო სარგებლობის ობიექტად ცნობას, არამედ ამ გზით შეუფერხებელ სარგებლობას და ხელშემშლელი გარემოებების მოსპობას და სასამართლო გასცდა მისი მოთხოვნის ფარგლებს.
ც. მ-შვილი არ დაეთანხმა საპელაციო პალატის მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან საზიარო გზით სარგებლობის უფლება პირად არაქონებრივ უფლებად მიიჩნია, რომლეზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა რა კიბის მარშის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მოთხოვნა, საერთოდ არ იმსჯელა სხვა ხელშემშლელ ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა ვაზის ტალავერი და რკინის ჭიშკარი. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და, კასატორის მითითებით, სსკ-ს 393-ე მუხლის II პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საფუძველს წარმოადგენს. ც. მ-შვილმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
საქმის საკასაციო განხილვისას მხარეები მორიგდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება):
მოპასუხე მხარემ უნდა მოხსნას რკინის ჭიშკარი, აიღოს ვაზის ტალავერი და ბეტონის დაბალი ღობე;
ბ-შვილების სახლიდან შესასვლელი გზა დაიყოს სამი მეტრის დაშორებით და გაივლოს გამყოფი ღობე.
ც. მ-შვილმა აღმართოს ჭიშკარი უშუალოდ შესასვლელი გზის ბოლოს.
ც. მ-შვილი თანახმაა, რომ მ. ბ-შვილმა გამყოფი ღობის მხრიდან მოიწყოს პატარა შესასვლელი კარი და ისარგებლოს მის მხარეს დარჩენილი შესასვლელით.
შესასვლელისა და ვაზის ტალავერის მოწყობა-გადაკეთების სამუშაოები მხარეებმა შეასრულონ საერთო ხარჯებით.
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ დამტკიცების დღიდან.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2002წ. 27 ივნისის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
მოპასუხე მხარემ უნდა მოხსნას რკინის ჭიშკარი, აიღოს ვაზის ტალავერი და ბეტონის დაბალი ღობე;
ბ-შვილების სახლიდან შესასვლელი გზა დაიყოს სამი მეტრის დაშორებით და გაივლოს გამყოფი ღობე.
ც. მ-შვილმა აღმართოს ჭიშკარი უშუალოდ შესასვლელი გზის ბოლოს.
ც. მ-შვილი თანახმაა, რომ მ. ბ-შვილმა გამყოფი ღობის მხრიდან მოიწყოს პატარა შესასვლელი კარი და ისარგებლოს მის მხარეს დარჩენილი შესასვლელით.
შესასვლელისა და ვაზის ტალავერის მოწყობა-გადაკეთების სამუშაოები მხარეებმა შეასრულონ საერთო ხარჯებით.
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ დამტკიცების დღიდან.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
3. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძლით დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება; გამოსახლება