Facebook Twitter

საქმე N 190100123006702816

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N81აპ-24 ქ. თბილისი

ჭ. ე. 81 აპ-24 11 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,

პროკურორ – ლევან ლაზარეშვილის,

ადვოკატ – მ. ბ–სის,

მსჯავრდებულ – ე. ჭ–ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ე. ჭ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2022 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, ქ.მ-ში, კ-ს ქუჩის N... მიმდებარედ, მოძრაობდა „ლენდ როვერის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - ...., რომელსაც მართავდა ე. ჭ–ე. ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები და უყურადღებობის გამო, ქვეითთა გადასასვლელზე შეეჯახა ქვეითს - ფ. ხ–ს, რომელიც მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ე. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 5 წელი;

3.2. ე. ჭ–ს 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3.3. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 6 000 ლარი;

3.4. ე. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან - 2023 წლის 3 ოქტომბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2022 წლის 23 ნოემბრიდან 2022 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით;

3.5. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე. ჭ–ს დაეკისრა მოვალეობა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებლის ადგილის მიხედვით;

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა გიორგი ღონღაძემ და მოითხოვა განაჩენში ცვლილება სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე;

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ზვიად ფხაკაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ე. ჭ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ე. ჭ–სის ინტერესების დამცველმა მ. ბ–მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ლევან ლაზარეშვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და, შესაბამისად, უსამართლოა. კასატორმა ყურადღება გაამახვილა მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, მართლსაწინააღმდეგო შედეგზე, დანაშაულის ჩადენის ადგილზე და ვითარებაზე, იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული ( მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სურვილს არ მოჰყოლია რეალური ქმედებები), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისი მამხილებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც, ე. ჭ–ს მხოლოდ აღიარება არ წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოყენებისთვის საკმარის საფუძველს, დაზარალებულის პოზიციის და დანაშაულის ჩადენის ვითარების გათვალისწინებით გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს პრევენციის მიზნების მიღწევას.

8. მსჯავრდებულ ე. ჭ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–მ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება. დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე (გაუფრთხილებელი დანაშაული), იმ გარემოებაზე, რომ ე. ჭ–ე დაკავების დღიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე სცადეს კომუნიკაცია დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხდა (ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო წესით), მსჯავრდებულის ჯანმრთელობის (მსჯავრდებულს პარალიზებული აქვს მარცხენა მხარე (ხელ-ფეხი)) და ფსიქო-ემოციურ (ძალიან განიცდის მომხდარ ფაქტს) მდგომარეობაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ავტოავარიის შემდეგ გაუარესდა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი ცოტა მაშინაც არსებობდა, ავტოავარიის შემდგომ კი გამწვავდა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი 12:27:40 -12:28:58)). დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი და შესაბამისად აღდგენილია სამართლიანობა.

9. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ხ–მა განმარტა, რომ ის არასოდეს შეურიგდება მსჯავრდებულს და ითხოვს მისთვის სასჯელის შეფარდებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი 14:31:40 – 14:34:30).

10. მსჯავრდებულმა ე. ჭ–მ განმარტა, რომ განიცდის მომხდარს, ავტოავარიის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაზარალებულის ოჯახთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა მისი მცდელობის მიუხედავად.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ე. ჭ–სათვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც სრულად თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ე. ჭ–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ ე. ჭ–ს აღიარებასთან ერთად საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეების - გ. ო-ს, რ. შ-ს, ჰ. ფ–ის, ნ. ა-ას, დ. ბ-ის, ი. გ-ის, გ.- ა-ის, კ. ბ-ს, ლ. ჩ-ის, ნ. მ-ს, ხ. მ-ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები და სქემა (23.11.2022), სატრანსპორტო – ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა (24.11.2022), ავტოტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნა (24.11.2022), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე. ჭ–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების ჩადენას.

4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).

5. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს –თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

6. გასაჩივრებული განაჩენით, ე. ჭ–ს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 5 წელი; ჯარიმა - 6000 ლარი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა - 3 წლით.

6.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის ფორმას და ითხოვს ძირითადი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს დანიშნული ძირითადი სასჯელის ხანგრძლივობა.

6.1.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორს არ დაუყენებია მოთხოვნა გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ დამატებით სასჯელთან მიმართებით.

6.1.2. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის ფორმა.

6.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს თავისუფლების აღკვეთასთან ერთად გამოიყენოს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით კანონშესაბამისია.

6.3. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება რომ დაზარალებული არის 2... დაბადებული ხ. ფ. ( ტ.1, ს.ფ. 57). შესაბამისად ამ ნაწილში, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის ხანგრძლივობა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა (ხანგრძლივობა) საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს და იმავდროულად არ წარმოადგენს დავის საგანს, რის გამოც სასამართლო არ აფასებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის ხანგრძლივობის შესაბამისობას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებთან და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

8. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ე. ჭ–სათვის დანიშნული სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე სრულად პირობითად ჩათვლის შესახებ.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. იმავდროულად, სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, - მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შერაცხული დანაშაულის მიზეზს წარმოადგენდა ე. ჭ–სის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა, რაც გულისხმობს, რომ თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები (25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტი); სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს (33-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

11. 2022 წლის 23 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ მ-ში, კ-ს ქ. N.. მიმდებარედ. გზა განკუთვნილია ორმხრივად მოძრაობისათვის 2... ს-ს მიმართულებით და პირიქით. ორივე მიმართულების სავალი ნაწილის სიგანე შეადგენს 4-4 მეტრს, რომელსაც ორივე მიმართულებაზე ეკვრის 1-1 მეტრის გზის გვერდული. შემთხვევის ადგილზე არის მკვეთრი მოსახვევი და მოსახვევშივე სავალ ნაწილზე აღინიშნება ქვეითთა გადასასვლელი ე.წ. ზებრა. ს-ს მიმართულების სავალ ნაწილს გზის გვერდულზე აღნიშნულ მოსახვევამდე დგას სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშანი, რომელიც კრძალავს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობას, მის მერე დგას მკვეთრი მოსახვევის აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი, ხოლო შემდეგ ე.წ. ზებრასთან დგას საგზაო ნიშანი „ქვეითთა გადასასვლელი“. მკვეთრ მოხვეულ მონაკვეთზე მდებარე ე.წ. „ზებრიდან“ ს-ს მიმართულებით 4.20 მეტრში ს-ს მიმართულების სავალ ნაწილზე აღინიშნება სისხლის ლაქა, რომელიც 3.40 მეტრით დაშორებულია ს–ს მიმართულების სავალი ნაწილის კიდიდან, ასევე ზემოთ აღნიშნული ზებრიდან წინ ს–ს მიმართულებით 7.50 მეტრში. ასევე ს–ს მიმართულების სავალ ნაწილზე აღინიშნება მეორე, უფრო დიდი დაგუბებული სისხლის ლაქა, რომელიც 2.0 მეტრით დაშორებულია ს–ს მიმართულებით სავალი ნაწილის კიდიდან. აღნიშნული უფრო დიდი დაგუბებული სისხლის ლაქიდან წინ, ს–ს მიმართულებით, 41 მეტრში, ს–ს მიმართულების სავალი ნაწილის კიდესთან, წინა მხრით, ს–ს მიმართულებით, სწორხაზოვნად, დგას ავტომანქანა ლენდ როვერი, სახ. ნომრით ......, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა ფარი. არც ერთი მიმართულების სავალ ნაწილზე არ აღინიშნება სავარაუდო მოცურებისა და მუხრუჭის კვლები, ასევე არ აღინიშნება ჩამონაყარი.

12. 2022 წლის 28 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. მ-ში, კ-ს გამზირი N... მიმდებარედ, მ.... სკოლის წინ არსებულ ქვეითთა გადასასვლელზე. აღნიშნულ ადგილზე გზა არის უდეფექტო და განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის. შემთხვევის ადგილზე არის მკვეთრი მოსახვევი, სადაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი და შეჯახების ადგილი. კ-ს გამზირიდან ს–ს მიმართულებით სავალი ნაწილის სიგანე არის 4 მეტრი, ს-დან კ-ს გამზირის მიმართულებით ასევე 4 მეტრი, გზის მთლიანი სიგანე არის 8 მეტრი. 2022 წლის 28 ნოემბერს 15:15 – 15:25 საათების ინტერვალში მხედველობის არეალის დასადგენად, თუ რამდენ მეტრში ჩანს მოსახვევში არსებული ქვეითთა გადასასვლელი, კერძოდ გზის სავალი ნაწილის შუაში და მ-იდან ს–ს მიმართულებით სავალი ნაწილის კიდეში მყოფი ქვეითი ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ კ–ს გამზირიდან ს–ს მიმართულებით არსებულ სამოძრაო ზოლში მიმავალი ავტომობილიდან ქვეითი ჩანდა 200 მეტრში, რომელიც იდგა სავალი ნაწილის შუაში, ხოლო კიდესთან მდგომი ქვეითი გამოჩნდა 49 მეტრში.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომლის თანახმად, 2022 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე მოძრაობდა ქ. მ-ში, მ. კ-ს ქუჩაზე, ს–ს მიმართულებით გადაადგილებისას მის წინ ავტომობილები არ მოძრაობდნენ, მხედველობა ჰქონდა შეუზღუდავი. სკოლის მიმდებარედ მსვლელობისას, მოსახვევთან მისვლისას გაერთო ფიქრში, რის გამოც გზას ვერ აკონტროლებდა, არ დაუნახავს არც ქვეითად მოსიარულეთა მონიშვნა გზაზე, არც საგზაო ნიშანი და არც ქვეითი, რომელიც კვეთდა გზას, რა დროსაც ფიქრებიდან გამოაფხიზლა მანქანის წინა მხრიდან შეჯახების ხმამ, გაიგონა ძლიერი ბრახუნის ხმა, რომლის შემდგომაც იგრძნო, რომ ბორბლებით რაღაცას გადაუარა, გაიარა რამდენიმე მეტრი და გაჩერდა, ადგილზე მისულმა დაინახა, რომ სავალი ზოლის შუა ნაწილში იწვა გოგონა, რომელიც იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, მაგრამ სუნთქავდა, მიხვდა, რომ ავტომობილით შეეჯახა და გადაუარა სწორედ ამ გოგონას. შემდეგ ნახა, რომ გზის იმ მონაკვეთზე იყო ასევე ქვეითად მოსიარულეთა გადასვლის საგზაო ნიშანი და დახაზული ზებრა გადასასვლელი ნიშანი.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ე. ჭ–სის მიმართ 2019 წლის 3 აპრილს გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ ე. ჭ–ს დიაგნოზია: ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა ჰემისფეროებში, ქერქქვეშა ღრმა ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა (I61.0); ძილიანობა, სტუპორი და კომა (R40), ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია (I10); თავის ტვინის სხვა ცერებროვასკულური ავადმყოფობის დროს (I60-I67+) (G46.8). ავადმყოფობის მიმდინარეობაში მითითებულია, რომ ე. ჭ–სის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მწვავე, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ კი რჩება ჰემიპარზი მარცხნივ, პაციენტი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას.

14.1. ამავე ცნობის თანახმად, სტაციონარიდან გაწერისას მისი მდგომარეობა იყო: გაუმჯობესებული, სტაბილური, ჰემოდინამიკა სტაბილური, იყო მეტად ადეკვატური, შეუმცირდა ფსიქომოტორული აგზნების ეპიზოდები, გამოსწორდა მეტყველება, ჰემინეგლექტი უკუგანვითარდა, რჩება ჰემიპარზი მარცხნივ, პაციენტი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას.

15. 2022 წელს (05/12/2022-08/12/2022) გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა-ით დგინდება, რომ ე. ჭ–ს 3 წლის წინ გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი ნარჩენი მარცხენამხრივი ჰემიპარეზით. ანამნეზის თანახმად, პაციენტს გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი მარცხენამხრივი ჰემიპარეზით, რომელიც სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის ფონზე ნაწილობრივ რეგრესირდა და ავადმყოფი გადაადგილდებოდა ხელ-ჯოხის დახმარებით ( იხ. ტ.2, ს.ფ. 15).

16. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ხ–ი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს, მიაჩნია მსუბუქად და ითხოვს ე. ჭ–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ( იხ. ტ. 2, ს.ფ. 107).

17. „ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი უნდა იყოს სამართლიანი არა მარტო ბრალდებულის მდგომარეობის მიმართ, არამედ მოწმეებისა და დაზარალებულის მიმართაც. საქმეში Doorson v The Netherlands სასამართლომ აღნიშნა: „მართალია, ზოგადი მიდგომის შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლი არ მოიცავს მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებას, თუმცა შესაძლოა, მათი სიცოცხლე, თავისუფლება და უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს. შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის მოთხოვნაა, რომ დაბალანსდეს, ერთი მხრივ, დაცვის მხარისა და, მეორე მხრივ, მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესები“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

18. „სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

19. სასამართლო ითვალისწინებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დანაშაულის ჩადენის ადგილს (დანაშაული ჩადენილია ქ. მ-ში, კ-ს გამზირი N..- მიმდებარედ, მ...- სკოლის წინ არსებულ ქვეითთა გადასასვლელზე, სადაც გადაადგილდებიან ბავშვები), მიზეზს (უყურადღებობა), დანაშაულის ჩადენის ვითარებას (ავტოავარიის დროს გზაზე რაიმე სახის დაბრკოლება არ არსებობდა), დამდგარ შედეგს (ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 2... დაბადებული არასრულწოვანი – ფ. ხ–ს), ე. ჭ–სის ჯანმრთელობის მდგომარეობას დანაშაულის ჩადენისას და საკასაციო საჩივრის განხილვისას, იმ გარემოებას, რომ ნარჩენი მარცხენამხრივი ჰემიპარეზის მიუხედავად, მართავდა სატრანსპორტო საშუალებას.

20. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს ჩადენილი დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების (მათ შორის ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულის ჩადენის გარემოებების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინაარმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ა.შ.) და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით სამართლიანად არ მიაჩნია ე. ჭ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გამოყენება.

21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ზოგადად, სასჯელის მიზნები კუმულაციაში შეიძლება/უნდა იქნეს მიღწეული. ......ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება”, თუმცა “ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ე. ჭ–ე გამოძიების დაწყებიდანვე აღიარებდა და ინანიებდა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არის 68 წლის, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

23. სასამართლო ითვალისწინებს ერთი მხრივ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესს, ასევე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად, იმ მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვისაც კი ითვალისწინებს განსაკუთრებული საშეღავათო პირობების გამოყენების შესაძლებლობას, არარელევანტურია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის იმ დანაწესის გამოყენების შეზღუდვა, რომელშიც საუბარია დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე წასწრებაზე, მითუფრო ისეთი სახის გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის, როგორიცაა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ამ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვის გამოყენება (დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე წასწრება) არ შეესაბამება სამართლიანობის ზოგად პრინციპებს და აუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას“ (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განჩინება საქმეზე N 51აპ-20, პარ. 10).

24. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში.

25. იმავდროლად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ფორმის გამკაცრების შესახებ იმაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულის მიერ არ იქნა ანაზღაურებული დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის მიყენებული ზიანი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად ვერ იქნება გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს როგორც დამამძიმებელი გარემოება“ (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინება საქმეზე N 406აპ-22, პარ.22).

26. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, II-21).

27. დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში, ისევე როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში არ არის წარმოდგენილი საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით არც ჯარიმის გამოყენების და არც მისი ოდენობის განსაზღვრის დასაბუთება. იმავდროულად სასამართლო ასევე ითვალისწინებს კასატორის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით.

28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში. სასჯელი მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გაანალიზების ეფექტურ ბერკეტს უნდა წარმოადგენდეს, ამასთან, უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე – მისი ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 6 000 ლარი, სასჯელის სახით განსაზღვრულ – 5 წლით თავისუფლების აღკვეთასთან (რომლის მოხდის წესი საკასაციო სასამართლომ განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად) და დამატებით სასჯელად 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევასთან ერთად დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება ე. ჭ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას, ასევე სამართლიანობის ზოგად პრინციპებს.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ჭ–ს სასჯელის სახით დანიშნული 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 8 თვე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე, ასევე 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ე. ჭ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 8 თვე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე;

4. ე. ჭ–ს – 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

5. ე. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 23 ნოემბრიდან 2022 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით;

6. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდგომ ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე. ჭ–ს დაეკისროს მოვალეობა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. გაუქმდეს ე. ჭ–სათვის საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განსაზღვრული ჯარიმა – 6 000 ლარი;

8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე