¹3კ/292-02 20 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
ლ. გოჩელაშვილი
კასატორთა თხოვნა: თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება; ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილის ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება; სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 20 ოქტომბერს ლ. წ-ძემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ამავე რაიონული სასამართლოს მიერ 1998 წლის 22 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების (რომლითაც დაკმაყოფილდა მეანაბრეთა სარჩელი შპს “დ. და კ.”, “ქ. ბ. ა. ს. ფ.”, ნ. ლ-ძის, თ. ლ-ძისა და კ. ტ-ძის მიმართ და გაუქმდა ყველა ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხეთა სახელზე რიცხულ ამავე საქმეში არსებულ აუდიტის დასკვნაში მითითებულ ქონებაზე), ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
განმცხადებელმა მიუითითა, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, კერძოდ, მაშინ, როცა მის ბინას დაედო ყადაღა. ვინაიდან სასამართლოს ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იყო აღნიშნული მისი ბინა, ხოლო საქმეში არსებულ აუდიტის დასკვნაში მითითებული იყო სხვა მისამართზე არსებული ბინა და არა მისი ბინა, 1999 წლის 1 იანვარს მან განცხადებით მიმართა სასამართლოს მის ბინაზე დადებული ყადაღის მოხსნის თაობაზე.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ მას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის საფუძველი წარმოეშვა მაშინ, როცა ყადაღის მოხსნის შეასხებ სასამართლოში შეტანილი მისი განცხადების განხილვის დროს, 1999 წლის 20 სექტემბერს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ აუდიტს სურდა დასკვნაში აესახა მისი ბინა, მაგრამ შეცდომით მიუთითაAსხვა მისამართზე და სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბინა მდებარეობდა ..., ანუ ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმებოდა წ-ძის კუთვნილი ბინა და იგი ამ საქმის განხილვის დროს, 1998 წელს, საქმეში მხარედ არ იყო მიწვეული. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სასამართლოს იგი დადგენილი წესით რომ მიეწვია საქმის განხილვაში დარწმუნებულია, რომ მისი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება არ მოხდებოდა.
1999 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ ლ. წ-ძის განცხადება ამავე რაიონის სსამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ მიჩნეული იქნა დასაშვებად, მაგრამ იმავე სასამართლოს 2001 წლის 31 მაისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. წ-ძის წარმომადგენელმა თ. ჩხეიძემ 1999 წლის 13 ივლისისათვის იცოდა 1998 წლის 22 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლის შესახებ, მაგრამ მან ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაცვლად შეიტანა განცხადება ბინაზე ყადაღის მოხსნის შეასხებ. ამ მოქმედებით ლ. წ-ძემ და თ. ჩხეიძემ, როგორც მისმა წარმომადგენელმა, გაუშვეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის ვადა.
2001 წლის 15 ივნისს ლ. წ-ძემ სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
აპელანტმა მიუთითა, რომ 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც მის ბინას შეეხებოდა, დაზუსტდა 1999 წლის 20 სექტემბერს მიღებული განჩინებით (არც 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით და არც ამ გადაწყვეტილებაში მოხსენიებული აუდიტის დასკვნით არ იყო დადგენილი მისი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება), მან კი განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შეიტანა 1999 წლის 20 ოქტომბერს, ანუ ვადაში და სასამართლოს მისი მოქმედება ვადის გაშვებად არ უნდა ჩაეთვალა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 9 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო იგი მიწვეული 1998 წლის 22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე. ამასთან, აპელანტს გაშვებული ჰქონდა ბათილობის შესახებ განცხადების შეტანის ვადა. აპელანტისათვის მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების არსებობის ფაქტი ცნობილი იყო 1999 წლის 13 ივლისისათვის, განცხადება ბათილობის შესახებ კი შეტანილ იქნა 1999 წლის 20 ოქტომბერს.
2002 წლის 3 იანვარს როგორც ლ. წ-ძემ, ისე თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა კავშირმა, საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ლ. წ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილის (რომელიც შეეხება ლ. წ-ძის ბინას), ბათილად ცნობა და ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შეასხებ, თითქოს ლ. წ-ძის რწმუნებულისათვის ჯერ კიდევ 1999 წლის 13 ივლისისათვის ცნობილი იყო სადავო გადაწყვეტილების არსებობა, მაგრამ ამის შესახებ არ აცნობა მარწმუნებელს. კასატორი მიუთითებს, რომ თ. ჩხეიძე 1999 წლის 13 ივლისისათვის არ იყო ლ. წ-ძის რწმუნებული, ამიტომ იგი არ იყო ვალდებული, შეეტყობინებინა ლ. წ-ძისათვის გადაწყვეტილების შინაარსი. თუმცა საფუძველს იმის შესახებ, რომ 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მისი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ეს გადაწყვეტილება არ იძლეოდა, რადგან მასში ლ. წ-ძე და მისი ბინა საერთოდ არ იყო მოხსენიებული.
ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი ლ. წ-ძეს წარმოეშვა 1999 წლის 20 სექტემბრიდან, როცა სასამართლომ დაადგინა, რომ თურმე 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იყო ცნობილი მისი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
კასატორმა “თ. მ. მ. უ. დ. რ. კ.” საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილის შეცვლა იმდაგვარად, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებიდან ამორიცხულიყო მითითება: “სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ იყო ბათილად ცნობილი ყიდვა-გაყიდვის ის ხელშეკრულება, რომლითაც წ-ძემ ეს ბინა შეიძინა”.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2001 წლის 9 ნოემბერს მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს. ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილით, რომელიც შეეხება ლ. წ-ძის კუთვნილ ბინას და ამ ნაწილში საქმის წარმოება განახლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილში არ იყო მითითებული ნასყიდობის იმ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა ქ. თბილისში, ... მდებარე კასატორ ლ. წ-ძის კუთვნილ ბინას.
ასევე დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული საქმის განხილვის დროს სასამართლო პროცესზე ლ. წ-ძე მხარედ არ იყო მიწვეული.
ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... მოედანზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მდებარე სამოთახიანი ბინა, ფართით 160 კვ.მ. და ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე განლაგებული 5 ოთახიანი ბინა, ფართით 124 კვ.მ., ერთი და იგივე ბინა იყო და სწორედ ამ ბინას გულისხმობდა 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაში მითითებული აუდიტის დასკვნა დადგენილ იქნა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, როცა არ დაკმაყოფილდა ლ. წ-ძის მიერ 1999 წლის 8 ივნისს შეტანილი განცხადება მის ბინაზე დადებული ყადაღის მოხსნის შესახებ.
აქედან გამომდინარე ცხადია, ლ. წ-ძის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების შეტანის საფუძველი წარმოეშობოდა მხოლოდ მაშინ, როცა შეიტყობდა, რომ მის წინააღმდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილბა საქმეში მისი სათანადო მხარედ მიწვევის გარეშე. მის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მას შეეძლო შეეტყო მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაში კი არაფერია მითითებული იმაზე, რომ მის საკუთრებაში არსებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქმეში არსებულ აუდიტის დასკვნაში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, ანუ ქ. თბილისში, ... მოედანზე მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე მდებარე 3 ოთახიანი 160 კვ.მ. ფართის ბინაზე. ლ. წ-ძის ბინა კი განლაგებულია ქ. თბილისში, ... ქუჩის მდებარე სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე და შედგება 124 კვ.მ. ფართის 5 ოთახისაგან.
აქედან გამომდინარე, არაწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს ლ. წ-ძისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი იყო 1999 წლის 13 ივლისისთვის, მაგრამ მან ნაცვლად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა, სასამართლოს მიმართა ყადაღის დადების გაუქმების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ. წ-ძისათვის სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების არსებობა 1999 წლის 13 ივლისისათვის კიდევაც რომ ყოფილიყო ცნობილი, მას 1999 წლის 13 ივლისს მაინც არ წარმოეშობოდა 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველი, რადგან უშუალოდ მითითებულ გადაწყვეტილებით ლ. წ-ძის კუთვნილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა არ იყო დადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ამ ვადის დინება იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.
დადგენილია, რომ ლ. წ-ძემ 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანა 1999 წლის 20 ოქტომბერს, ანუ ერთთვიან ვადაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მას განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ 1999 წლის 13 ივნისისათვის თ. ჩ-ე იყო ლ. წ-ძის წარმომადგენელი.
მართალია, საქმეში არსობობს თ. ჩ-ის ხელმოწერით წერილი, რომელიც დათარიღებულია 1999 წლის 13 ივლისით, მაგრამ აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს რაიმე პროცესუალურ დოკუმენტს. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ამ დროისათვის თ. ჩ-ეს გააჩნდა ლ. წ-ძის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. წ-ძე საქმეში მხარედ არც 1998 წლის 22 დეკემბერს ყოფილა მიწვეული და არც ამ საქმის ზემდგომ სასამართლოში განხილვის დროს. ამ საქმის განხილვაში, ცხადია, არც მისი წარმომადგენლის სახელით ყოფილა ვინმე მიწვეული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, განაცხადონ აცილება, წარადგინონ მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარმოადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მსოაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
მოცემულ შემთხვევაში, როცა რაიონის სასამართლო 1998 წლის 22 დეკემბერს იხილავდა ლ. წ-ძის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხს და იგი არ მიიწვია მოპასუხედ, ამით მან დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცული მხარის უფლებები. აქედან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს აპელანტმა დაასაბუთა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო იგი მიწვეული 22 დეკემბერს საქმის განხილვაში და მისი მონაწილეობის გარეშე მიღებულმა გადაწყვეტილებამ თუ რა ზეგავლენა იქონია მის უფლება-მოვალეობებზე.
საკასაციო სასამართლოს არასწორად მიაჩნია “თბილისში მცხოვრები მეანაბრეთა უფლებების დაცვის რეგისტრირებული კავშირის” წარმომადგენლის ა. მ-ძის, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 9 ნოემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილიდან იმის ამორიცხვაზე, რომ “სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყევტილებითაც არ დაუდგენია ლ. წ-ძის ბინაზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმება”.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში ზემოთმითითებული მოსაზრების ამოღება დაუშვებელია, რადგან იგი ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლის არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილში არაა მითითებული ლ. წ-ძის კუთვნილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 9 ნოემბრს განჩინება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 მაისის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ უნდა გაქუმდეს. ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს ლ. წ-ძის განცხადება ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილის, კერძოდ, იმ ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, რომელიც შეეხება ქ. თბილისში, ... ქ. მდებარე ლ. წ-ძის კუთვნილი ბინის ნასყიდობის ბათილად ცნობას და საქმის წარმოება ამ ნაწილში განახლდეს.
სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას უნდა გადაწყვიტოს ლ. წ-ძის სათანადო მოპასუხედ მოწვევის საკითხი და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა უფლებების დაცვის რეგისტრირებული კავშირის წარმომადგენლის, ა. მ-ძის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ლ. წ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 9 ნოემბრის განჩინება.
დაკმაყოფილდეს ლ. წ-ძის განცხადება გადაწყვეტილების ნაწილის ბათილად ცნობის შეასხებ.
ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე მოქალაქე ლ. წ-ძის კუთვნილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება განახლდეს.
საქმე შემდგომი განხილვის მიზნით განსჯადობით დაუბრუნდეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.