¹ 3კ/293-02 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში ... მდებარე ბინის მესაკუთრეა ც. გ-შვილი. 1999 წლის დეკემბერში ც. გ-შვილსა და მ. ზ-ოვს შორის ბინის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე დაიდო ზეპირი გარიგება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბინის ღირებულების გადახდა მოხდებოდა ნაწილ-ნაწილ, 1500 დოლარის გადახდის შემდეგ მ. ზ-ოვმა და მ. გ-შვილმა დაიკავეს ც. გ-შვილის ბინა.
ც. გ-შვილი მიუთითებს, რომ ბინის ღირებულების ანგარიშში მყიდველისაგან მიიღო 10000 აშშ დოლარი და რომ ამ უკანასკნელს გადასახდელი დარჩა 5000 აშშ დოლარი. მ. ზ-ოვის განმარტებების მიხედვით ბინის გასაყიდი ფასი შეადგენდა 13000 აშშ დოლარს; ხოლო მას გამყიდველისათვის ამ თანხიდან გადახდილი ჰქონდა 12000 აშშ დოლარი.
2001 წლის მაისში ც. გ-შვილმა აღძრა სარჩელი მ. ზ-ოვისა და მ. გ-შვილის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მყიდველმა გააჭიანურა ბინის ღირებულების გადახდა; მ. ზ-ოვი საერთოდ იყო წინააღმდეგი, რომ გადაეხადა თანხის დარჩენილი ნაწილი 5000 აშშ დოლარი.
შეგებებული სარჩელით მ. ზ-ოვმა მოითხოვა ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ც. გ-შვილს უარი ეთქვა სარჩელზე. მ. ზ-ოვის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობაზე მას უარი ეთქვა. მ. ზ-ოვს ც. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა. თანხის გადაცემა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება უნდა მომხდარიყო ერთდროულად.
სააპელაციო საჩივრით ც. გ-შვილმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სარჩელი და არ დაკმაყოფილდებოდა შეგებებული სარჩელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ც. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი. გააუქმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ც. გ-შვილის სარჩელი და მ. ზ-ოვს შეგებებულ სარჩელზე უარი ეთქვა.
მ. ზ-ოვი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მხარეებმა არ დაიცვეს სამოქალაქო კოდექსის 506-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, რის გამოც ამავე კოდექსის 507-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად უნდა ჩათვლილიყო ნივთის გადაცემის მომენტიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის დეკემბერში მხარეებს შორის დაიდო სადავო ბინის ნასყიდობის გარიგება, თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულებით: მ. ზ-ოვმა ც. გ-შვილს ნაწილ-ნაწილ გადაუხადა 1000 აშშ დოლარი და უარი განუცხადა დარჩენილი თანხის გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამავე კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას, ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ გამონათქვამის შესრულების შემდეგ.
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. მხარეებს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ ყოფილა შედგენილი წერილობით და სანოტარო წესით არ დამოწმებულა. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია ასეთი გარიგება, ხოლო გ-შვილს, როგორც ბინის მესაკუთრეს, ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ჰქონდა უძრავი ნივთის მ. ზ-ოვისაგან გამოთხოვის უფლება.
მხარეებს შორის გარიგების ბათილად ცნობისას სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა ბინის საფასურად გადახდილი თანხის მ. ზ-ოვისათვის დაბრუნების საკითხი, რადგან შეგებებულ სარჩელში ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა დაყენებული.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შეგებებული სარჩელის დასაკმაყოფილებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის 505-ე და 507-ე მუხლები. უძრავი ნივთის გასხვისების წესი განსაზღვრულია ამავე კოდექსის 323-ე მუხლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ზ-ოვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტერების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.