Facebook Twitter

¹ 3კ/295-02 27 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი

კასატორების თხოვნა: 1. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება; 2. გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

1968 წლის 14 აპრილს მატარებლით მგზავრობისას ვ. გ-ია ჩამოვარდა ვაგონის კიბიდან, რის შედეგადაც მიიღო ტრავმა _ დაკარგა ორივე ქვედა კიდური. სამედიცინო კომისიის 1968 წლის 16 ნოემბრის დასკვნით მას 100%-ით, მუდმივად, დაკარგული აქვს შრომის უნარი. თბილისის ლენინინს რაიონის სახალხო სასამართლოს 1969 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით და საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 9 აპრილის განჩინებით რკინიგზის თბილისის სავაგონო დეპოს ვ. გ-იას სასარგებლოდ დასახიჩრების გამო დაეკისრა მუდმივად, ყოველთვიურად 116 მანეთის გადახდა. 1978 წლის 27 ნოემბრის კომისიის დასკვნით ვ. გ-იას განესაზღვრა 100%-ით შრომის უნარის მუდმივად დაკარგვა.

2000 წლის 31 ივლისს ვ. გ-იამ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ ვადაგასული პროთეზის ხმარების შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, გერმანიაში სამკურნალოდ გასამგზავრებლად 1992 წელს ბანკის ანგარიშზე შეტანილი 13000 მანეთი გაუფასურდა და იგი ამ ვალს დღემდე იხდის. პროტეზის ხმარების გამო 1999 წელს გაუკეთდა მარცხენა წვივის რეამპუტაცია. ვ. გ-იამ სარჩელით მოითხოვა შპს “საქართველოს რკინიგზას” ერთდროულად გადასახდელად დაკისრებოდა:

_ 1991 წლიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა.

_ 1992 წლის 20 თებერვალს საბანკო ანგარიშზე შეტანილი 13000 მანეთის ეკვივალენტის _ 8320 ლარის გადახდა.

_ 1999 წელს ჩატარებული ოპერაციის ხარჯი _ 716 ლარი.

_ ოპერაციის შემდგომ პერიოდში მკურნალობისათვის 520 ლარი.

_ თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული პროტეზისათვის 3250 აშშ დოლარი.

_ მოტოეტლის შესაძენი თანხა.

_ ყოველთვიურად ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის _ 48,64 ლარის ანაზღაურება.

_ მომვლელის თანხა, ყოველთვიურად _ 25,6 ლარი.

_ ყოველწლიურად კურორტზე მკურნალობისათვის საჭირო თანხის გაღება დღეში 40 ლარის ოდენობით, სულ 800 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ყოველთვიურად ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა _ 60,24 ლარის გადახდისა და მომვლელის ხარჯის, ყოველთვიურად _ 25,6 ლარის ნაწილში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ ცნო.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “ს. რ.” ვ. გ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის ხარჯების _ 1236 ლარს, 1997 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად ხელფასსა და პენსიის შორის სხვაობის _ 60,24 ლარის, მომვლელის _ 25,06 ლარის, ყოველწლიურად კურორტული მკურნალობის ხარჯები, ორ წელიწადში ერთხელ პროთეზის შესაძენად 3250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ადვოკატის მომსაუხერბის ხარჯების _ 309 ლარის გადახდა. ვ. გ-იას უარი ეთქვა 1991-97 წლის ნოემბრის ჩათვლით ხელფასსა და პენსიის შორის სხვაობის, მომვლელისა და 8320 ლარის გადახდის მოთხოვნებზე.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა:

შპს “ს. რ.” უსაფუძვლოდ მიიჩნევდა 1999 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის ხარჯების _ 1236 ლარის დაკისრებას, რადგან 1968 წლის 9 აპრილის სასამართლო განჩინებით არ იყო გათვალისწინებული დეპოს მიერ სამკურნალო, საოპერაციო და სხვა დამატებითი ხარჯების ანაზღაურება. ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნდა გადაწყვეტილება პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობისა და მომვლელის თანხების გადახდის ნაწილშიც, რადგან მოსარჩელე ვალდებული იყო, წარედგინა მოპასუხისათვის წელიწადში ერთხელ ცნობები აღნიშნულის საჭიროების შესახებ. აპელანტს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნდა პროტეზის შესაძენი თანხის დაკისრება, რადგან ვ. გ-ია აღრიცხვაზე იმყოფება “ინვალიდთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში” და სარგებლობს უფასო მომსახურებით.

ვ. გ-ია გადაწყვეტილების გაუქმებას მოთხოვდა 1991 წლიდან 1997 წლამდე ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის ნაწილში. სასამართლომ მომვლელის ანაზღაურება, პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა დააკისრა ინფლაციის გაუთვალისწინებლად. მან არასწორად მიიჩნია სასამართლოს უარი 8320 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილშიც.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება მომვლელის, კურორტული მკურნალობის ხარჯების დაკისრების ნაწილში და 1991 წლიდან 1997 წლამდე სარჩოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელის მომვლელის ანაზღაურებასა და 1991 წლიდან 1997 წლის ნოემბრამდე სარჩოს დაკისრების ნაწილში სარჩელზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა და სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი: შპს “ს. რ.” ვ. გ-იას სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოში მომართვის დღიდან 2000 წლის 31 ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 126 ლარის ოდენობით, ტრავმების, პროტეზირებისა და ფუნქციონალური მდგომარეობის შენარჩუნებისათვის ყოველთვიური სამკურნალო მასაჟის ხარჯები _ 35 ლარი, შესახვევი მასალის შესაძენად ყოველთვიურად 15 ლარი, მედიკამენტების შესაძენად ყოველთვიურად 24,65 ლარი, ყოველთვიურად დამატებითი კვების პროდუქტების შესაძენად 150 ლარი, ფიზიოთერაპიული მკურნალობისათვის წელიწადში ორჯერ სულ _ 1040 ლარი და საკურორტო მკურნალობის ხარჯების, წელიწადში 975,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებები:

თბილისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1969 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1969 წლის 9 აპრილის განჩინებით ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის სავაგონო დეპოს ვ. გ-იას სასარგებლოდ მიღებული დასახიჩრების გამო, დაეკისრა მუდმივად, ყოველთვიურად, 116 მანეთის გადახდა.

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მთავარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 1978 წლის 27 ნოემბრის დასკვნით ვ. გ-იას 1968 წლის 14 აპრილს მიღებული დაზიანებასთან დაკავშირებით დაზიანების დღიდან დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 100%-ით. საჭიროებს მომვლელს, ორივე ფეხის პროთეზს წელიწადნახევარში ერთხელ გამოცვლით.

დადგენილია, რომ 1991 წლიდან ვ. გ-იას მოპასუხისაგან არ მიუღია კუთვნილი ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა და მომვლელის თანხა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვ. გ-იას უარი უთხრა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში ვ. გ-იას მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, მაგრამ დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რადგან მხარემ არ წარმოადგინა მტკიცებულებანი იმის შესახებ, თუ რამდენს შეადგენდა ამ პერიოდისათვის მისი ხელფასი და პენსია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. გ-იას სასარგებლოდ შპს “ს. რ.” უნდა დაეკისროს 126 ლარის გადახდა, რადგან საქმეში არსებული მასალებით ვ. გ-იას მიერ დაკავებული თანამდებობის სამსახურებრივი სარგო 201 ლარს შეადგენს. ვ. გ-იას ეძლევა პენსია _ 14 ლარი და ხელფასი სახელმწიფო უნივერსიტეტში _ 61 ლარი. აქედან, სხვაობა ხელფასსა და პენსიას შორის (201-14-61) 126 ლარია.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წვივის რეამპუტაცია გამოწვეულია პროთეზის მუდმივი ტარებით.

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის საფუძველზე მიიღო მოსარჩელის მიერ დავის საგნის გადიდება. კერძოდ, ვ. გ-იამ დამატებით მოითხოვა თანხები სამკურნალო მასაჟისათვის, მედიკამენტების შესაძენად, დამატებითი კვებისათვის, ფიზიოთერაპიული, საკურორტო მკურნალობისათვის, შესახვევი მასალისა და მომვლელის ხარჯებისათვის. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვ. გ-იას ესაჭიროება აღნიშნული დახმარება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს უნდა გადახდეს 250 ლარი ყოველთვიურად, დამატებითი კვებისათვის. სანიტარული მკურნალობისათვის _ 975,6 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი, (შპს “უ. მ. ბ.” მიერ გაცემული ცნობა, ყოველთვიურად შესახვევი მასალისათვის _ 15 ლარი და მედიკამენტების შესაძენად _ 24,65 ლარი (¹33 პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა).

შპს “საქართველოს რკინიგზა” საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:

_ უსწოროა 2000 წლის 31 ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს _ 126 ლარის ოდენობით დაკისრება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სასამართლო ვალდებული იყო, იმ ნორმის საფუძველზე ეხელმძღვანელა კანონიერ ძალაში შესული საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1969 წლის 9 აპრილის განჩინებით.

_ ვ. გ-იას I ჯგუფის ინვალიდობა გამოიწვია არა ტრავმის მიღებამ, არამედ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლამ, რაც დასტურდება თბილისის გლდანი-ნაძალადევის სარაიონთაშორისო სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის მიერ გაცემული ცნობით, რომელიც კასაციას ერთვის.

_ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ. გ-იას სასარგებლოდ 1997 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად 60,24 ლარი დააკისრა შპს-ს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დაუმატა 126 ლარის გადახდა, რაც უკანონოა, რადგან ეს ორი გადაწყვეტილება _ პირველი ინსტანციის და სააპელაციოს _ ურთიერთსაწინააღმდეგოა.

_ სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ვ. გ-ია ინვალიდთა სოციალური რეაიბილიტაციის ცენტრში აღრიცხვაზეა და შპს-ს დააკისრა 3250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მაშინ, როცა პირველადი პროთეზისათვის და პროთეზის შეჩვევისათვის აღნიშნულ ცენტრში დახმარება გაწეული აქვს.

_ კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია გადაწყვეტილება 309 ლარის _ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების _ ანაზღაურების ნაწილში.

ვ. გ-ია საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგი საფუძვლით:

_ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი სარჩელს გარეშე სპეციალური მომვლელისათვის გადასახდელი თანხების დაკისრების ნაწილში.

_ ასევე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სარჩელს ყოველთვიური სარჩოსა და მომვლელის თანხის ანაზღაურებაზე 1991 წლიდან 1997 წლამდე. სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცებულებათა უკმარისობის გამო ვერ დაადასტურა მოსარჩელემ სადავო თანხის ოდენობა მაშინ, როცა თანხის ოდენობა განსაზღვრული და დანიშნული იყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით (116 მანეთი).

_ სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელს 8320 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რადგან აღნიშნული თანხა რომ ნამდვილად ისესხა, დაადასტურეს მოწმეებმა, ასევე, საქმეში არსებობს შემნახველი სალაროს წიგნაკი.

_ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების მე-14 მუხლი და ნაცვლად 126 ლარისა, მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა 201 ლარის ყოველთვიურად გადახდა.

_ სასამართლომ მოპასუხე მხარეს არ დააკისრა სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სასამართლოს ხარჯები (ადვოკატის მომსახურება).

კასატორი ითხოვს ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ შპს “საქართველოს რკინიგზის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო ვ. გ-იას საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის (შპს “ს. რ.”) მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მისთვის სსსკ-ის 266-ე მუხლის საფუძველზე არ უნდა დაეკისრებინა ყოველთვიური სარჩოს გადახდა, რადგან საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1969 წლის 9 აპრილის განჩინებით იგი (სარჩო) უკვე დაკისრებული ჰქონდა. მითითებული ნორმით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. დადგენილია, რომ მითითებული განჩინებით (1969 წლის) მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს _ 116 მანეთის _ გადახდა, ხოლო სარჩელი მოითხოვს 1991 წლიდან მიუღებელ ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის დადგენასა და ანაზღაურებას. რა თქმა უნდა ეს სხვაობა ვერ განისაზღვრებოდა მანეთებში, რადგან შეიცვალა ფულის ერთეული. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა მოეხდინა გადაანგარიშება. საკასაციო სასამართლოს სწორად მიაჩნია ის გარემოება, რომ სასამართლოს სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებისას უნდა გაეთვალისწინებინა ის თანამდებობრივი სარგო, რა თანამდებობაც ეკავა დასახიჩრებულს ზიანის მიყენებამდე.

საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება ინვალიდობის ჯგუფთან დაკავშირებით, რადგან სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრა არ დაუკავშირა ინვალიდობის ჯგუფს და არც უნდა დაეკვშირებინა. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილია ზიანის არსებობა და ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც დასახიჩრებულს ესაჭიროება.

პალატა ვერ იზიარებს კასატორის მოსაზრებას პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა ურთიერთწინააღმდეგობის შესახებ, რადგან სააპელაციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ვ. გ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი ყოველთვიური სარჩოს მოთხოვნის ნაწილში. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს სახით _ 60,24 ლარის გადახდის ნაწილში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრიდან (2000 წლის 31 ივლისიდან) მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 126 ლარის გადახდა. ამდენად, გადაწყვეტილებებს შორის ურთიერთწინააღმდეგობრიობა გამორიცხულია.

უსაფუძვლოა კასტაორის მოსაზრება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ვ. გ-ია ინვალიდთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრშია აღრიცხვაზე და ამ ორგანიზაციიდან იღებს დახმარებას. ჯერ ერთი, ეს დადგენილი არ არის სასამართლოს მიერ. მეორე, ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით ეკისრებოდა იმ პირს, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. მოპასუხე კი ამავე კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ადვოკატის ხარჯების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. ამასთან, ბოლო წინადადებით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოთაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ ვ. გ-იას მოსაზრებას სააპელაციო სასამრათლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე გარეშე მომვლელისათვის გადასახდელი თანხების დაკისრების ნაწილში უარის თქმის შესახებ. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება ინვალიდობის განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის 5.1 მუხლზე მაშინ, როცა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ვ. გ-იას ესაჭიროება სპეციალური და გარეშე მომვლელი. პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება, მომვლელის ხარჯების დაკისრების ნაწილში უარის თქმის შესახებ, დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო ვ. გ-იას საკასაციო საფუძვლებს, 8320 ლარისა და 1991 წლიდან 1997 წლამდე სარჩოს ანაზღაურების შესახებ, არ იზიარებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმულია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს. რ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ვ. გ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს მომვლელის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.