¹3კ-298-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წელს ი. ხ-შვილმა სარჩელით მიმართა ისნის რაიონის სასამართლოს მოპასუხე ე. ი-ინას მიმართ და მოითხოვა თბილისში, ..... მდებარე ბინის მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული ბინა 1977წ. შეიძინა მოქალაქე ფ. პ-ოვასაგან, მაგრამ იმის გამო, რომ იყო უნებართვო მშენებლობა, ბინა ვერ გადაიფორმა. დღეისათვის ბინა დაკანონებულია მოპასუხე ე. ი-ინას სახელზე, რომელიც არის სახლის ყოფილი მესაკუთრის ქმრის და.
თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: დადებულად იქნა ცნობილი სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება და სახლი აღირიცხა ი. ხ-შვილის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ და ამის შემდეგ არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ი-ინას სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999წ. 29 მარტის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ხუციშვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000წ. 12 მაისის განჩინებით. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ამის შემდეგ ი. ხ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. ი. ხ-შვილი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევდა ხელწერილს, რომელიც შედგენილია ი-ინას ძმის, კ-ოვის, ხელით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 ოქტომბრის განჩნიებით ი. ხ-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ხელწერილებზე და განცხადებაზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის კ-ოვს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ხ-შვილმა, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მტკიცებად არ უნდა მიეღო ტექნიკურ-კრიმინალისტიკური კომპლექსური ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, რომელიც არ გამოიყენა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: განმცხადებელი ი. ხ-შვილი თავის განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს ხელწერილსა და განცხადებას, რომელიც იპოვნა საქმის განხილვის შემდეგ. აღნიშნული ხელწერილითა და განცხადებით დასტურდება, რომ ბინის მფლობელის, კ-ოვის, უშუალო თანხმობითა და მონაწილეობით გასხვისდა სადავო ბინა. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული ცნობილი რომ ყოფილიყო საქმის განხილვის დროს, სასამართლო მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას გამოიტანდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 16 ნოემბრის განჩინებით დაინიშნა გრაფიკული ექსპერტიზა, რათა გარკვეულიყო საკითხი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ხელწერილსა და განცხადებაზე ხელმოწერა კ-ოვისა იყო, თუ არა. ექსპერტიზის 2001წ. 14 თებერვლის დასკვნის საფუძველზე დადგენა იმისა, რომ აღნიშნული ხელმოწერები შესრულებული იყო, თუ არა კ-ოვის მიერ, შეუძლებელია.
2001წ. 17 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ კ-ოვის გვარით ხელმოწერა გადატანილით შესრულებულია გამჭოლ შუქზე და არ ეკუთვნის მას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სწორად უთხრა უარი განმცხადებელს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ვ” პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, თუ საქმის განხილვის დროს მათი წარდგენის შემთხვევაში გამოვიდოდა განმცხადებლის ხელსაყრელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ხელმოწერები კ-ოვის მიერაც რომ ყოფილიყო შესრულებული, მაინც ვერ გამოიწვევდა ი. ხ-შვილის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას, რადგანაც სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს დაცული არ იყო უძრავი ქონების ნასყიდობის კანონით დადგენილი წესი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.