Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-299-02 29 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ო-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ც-ძის მიმართ და მოითხოვა ი. ო-შვილის მიერ 1997წ. 11 თებერვალს გაცემული ანდერძის ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, მისი და, ი. ო-შვლი, გარდაიცვალა 1997წ. 11 თებერვალს. იმავე დღეს მის მიერ გაცემულია ანდერძი, რომლითაც ამ უკანასკნელმა მთელი თავისი ქონება უანდერძა მ. ც-ძეს. ანდერძზე არ არის ი. ო-შვილის ხელმოწერა, ანდერძის შედგენის დროისათვის მას არ შეეძლო თავისი მოქმედების კრიტიკულად შეფასება.

საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა სასამართლო ინსტანციამ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ო-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ნ. ო-შვილმა სააპელაციო სააჩივრით გაასაჩივრა გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი აწ გარდაცვლილი ი. ო-შვილის მიერ 1997წ. 11 თებერვალს გაცემული ანდერძი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო შემდეგ მოტივებს:

1998წ. 7 ოქტომბრისა და 1999წ. 4 აგვისტოს სასამართლო ექსპერტიზათა დასკვნებში მითითებულია, რომ 1997წ. 11 თებერვლის, ე.ი. ანდერძის შედგენის დღეს, ი. ო-შვილს არ უნდა ჰქონოდა დამოუკიდებლად გადაადგილებისა და თავისი მოქმედების კრიტიკულად შეფასების უნარი, თავისი საქციელის ობიექტური აღქმის შესაძლებლობა.

მოწმეების: დ-შვილისა და კ-ძის განმარტებით, ი. ო-შვილი გარდაცვალებამდე იყო ძალიან ცუდად და მას არ შეეძლო ნოტარიუსთან მისვლა.

თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ¹25 ავადმყოფობის ისტორიით დასტურდება ი. ო-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 1997წ. 31 იანვრისათვის და არა 11 თებერვლისათვის.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლითა და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ანდერძის გაცემის დღეს ი. ო-შვილს არ შეეძლო, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა.

მ. ც-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლომ ერთ-ერთ მტკიცებულებად მიიჩნია სამედიცინო ექსპერტიზის არაობიექტური დასკვნები, რომლებიც წინააღმდეგობაშია გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებთან, რომლებიც ჩატარებულია სხვადასხვა უწყებებში და კატეგორიულია.

სასამართლომ არასწორად შეაფასა თბილისის ¹... კლინიკური საავადმყოფოს ისტორიის მონაცემები, ვინაიდან მასში არ იყო მითითებული, რომ ი. ო-შვილს აღენიშნებოდა ცნობიერების დაქვეითება ან დაკარგვა.

სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა მოწმე ჩ-შვილის ჩვენება, ასევე, მოწმე კ-ძის წინააღმდეგობრივი ჩვენება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმეზე ჩატარდა რამდენიმე სასამართლო კალიგრაფიული ექსპერტიზა. კომისიური გრაფიკული ექსპერტიზის 2000წ. 10 ნოემბრის დასკვნით 1997წ. 11 თებერვლით დათარიღებული ანდერძის ორ ეგზემპლარზე და შესაბამისად, რეესტრის წიგნში საბუთის მიმღების ხელმოწერა ი. ო-შვილის გვარით შესრულებულია თვით ი. ო-შვილის მიერ.

სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე და არ მისცა მას შეფასება, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნული მტკიცებულების სათანადოდ შეფასების შემთხვევაში შესაძლებელია, სააპელაციო სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წამოყენებულია დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია და ეთანხმება მის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა ¹... კლინიკური საავადმყოფოს მიერ შედგენილი ი. ო-შვილის ავადმყოფობის ისტორია, რომლითაც ეს უკანასკნელი მისივე თხოვნით 1997წ. 31 იანვარს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა საავადმყოფოდან, ხოლო 1997წ. 11 თებერვლამდე მისი ჯანმრთელობის გაუარესებისა თუ ნევროპათოლოგიური გადახრების შესახებ მტკიცებულება არ მოიპოვება.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 1997წ. 14 თებერვლის გვამის ანატომიური გამოკვლევის დასკვნა, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო ანდერძის ბათილად ცნობის დროს, არ არის კატეგორიული და მიუთითებს, რომ ი. ო-შვილს არ უნდა ჰქონოდა დამოუკიდებლად გადაადგილებისა და თავისი მოქმედების კრიტიკულად შეფასების უნარი.

ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული, პალატა მოკლებულია საშუალებას მიიღოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ზემოთ მითითებული საკითხების გარკვევის შემდეგ უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.