¹3კ-300-02 12 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე,),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: ქონების გამოსყიდულად ცნობა და მისი საკუთრებაში გადაცემა (ძირითად სარჩელში), საიჯარო ქირის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 14 ივლისს მცხეთის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის რესტორანმა “ს-ემ” მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის მიმართ სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მოითხოვა ქონების გამოსყიდულად ცნობა და მისი საკუთრებაში გადაცემა.
სარჩელში აღნიშნა, რომ 1991 წლიდან იგი გადაყვანილ იქნა საიჯარო ურთიერთობებზე და იმავე წლის 17 სექტემბერს მოპასუხის მიერ დამტკიცებული საიჯარო დებულების საფუძველზე მათ შორის, 10 წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შენობა-ნაგებობები, თავისი ინვენტარ _ მოწყობილობებით და სხვა მატერიალური ფასეულობებით. ქონების საბალანსო ღირებულებად დადგინდა 873000 მანეთი. შემდგომში აღნიშნული თანხის ინდექსირებისა და ქონების ცვეთის გათვალისწინებით, თანხამ შეადგინა 49858 ლარი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა მან სრულად გადაიხადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არ აღიარა გამოსყიდვა და იჯარით გაცემული ქონების მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა იმ საფუძვლით, რომ გამოსასყიდი და იჯარით გაცემული ქონება მოპასუხის განმარტებით ექვემდებარებოდა აფასებას, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 9 ივნისის ¹2 ბრძანებისა.
აღნიშნული გარემოებების მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის გადაცემული ქონების გამოსყიდულად ცნობა და საკუთრებაში გადაცემა.
საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, სადაც აღნიშნა, რომ 1991წ. საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარე _ რესტორან “ს-ეს” შრომით კოლექტივს გადაეცა 873000 მანეთის ღირებულების ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომლის რეალური ღირებულება, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, შეადგენდა 463659 ლარს. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა. 1991-1994წ.წ. კი აღნიშნული ქირა გადახდილი არ ყოფილა. მთავარ სხდომაზე საქმის განხილვამდე, მოპასუხემ შეამცირა შეგებებული სარჩელის ზომა და მოითხოვა მოსარჩელისათვის საიჯარო ქირის _ 44268 ლარის დაკისრება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რესტორან “ს-ეს” შრომითი კოლექტივის სარჩელი, გამოსყიდულად იქნა ცნობილი საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი ქონება და იგი საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, საიჯარო ხელშეკრულება მიიჩნია დადებულად. ასევე, დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ ქონების გამოსასყიდი თანხა გადახდილ იქნა სრულად, რის გამოც სადავო შენობა-ნაგებობები, თავისი შემადგენელი ფასეულობებით, მოიჯარეს უნდა გადასცემოდა საკუთრებაში. ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებზე. მოპასუხეს კი, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხანდაზმულობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიკოოპკავშირმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, მოსარჩელისათვის საიჯარო ქირის _ 44268 ლარის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს. კერძოდ, აპელანტის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია იჯარა-გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულების არსებობა. აღნიშნული ცნობები კი გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ საიჯარო საგნის გაყიდვის შემთხვევაში, რესტორან “ს-ეს” შრომით კოლექტივს მინიჭებული ჰქონდა უპირატესი შესყიდვის უფლება, რაც თავისთავად არ გულისხმობს იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას. აღნიშნულის გამო, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლები, ვინაიდან ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება და ვერანაირი ცნობა ვერ ჩაითვლებოდა აღნიშნული ვალდებულების წარმომშობ დოკუმენტად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 2 ნოემბრის განჩინებით მცხეთის რაიკოოპკავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების არსებობა, გამოსყიდვის უფლებით. სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ რესტორან “ს-ეს” შრომითი კოლექტივის მიერ სრულად იქნა გადახდილი იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდი თანხა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საოლქო სასამართლოს მიერ უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარს უსაფუძვლობის გამო. განჩინების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 41-ე, 75-ე მუხლები და 84-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიკოოპკავშირმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ფონდების გადაფასების შესახებ. ასევე, არასწორად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 14 ივლისის ¹363 ბრძანებაზე, რომელიც არეგულირებს იმ საპრივატიზაციო ობიექტების გამოსასყიდი თანხის განსაზღვრას, რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას. მოცემულ შემთხვევაში კი, დავის საგანს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება. ასევე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდულად ცნობის შესახებ, ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნულ გარემოებას _ ქონების გამოსყიდვას, არ ითვალისწინებს. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული გამოსყიდვის პირობების შესახებ, ხოლო 4.15 პუნქტი გულისხმობს მხოლოდ მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლებას, ქონების გასხვისების შემთხვევაში. სასამართლომ ყოველგვარი იურიდიული დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ საიჯარო ქონება მესამე გადაფასების საბალანსო ღირებულებით უნდა გამოსყიდულიყო, რაც არასწორია იმ საფუძვლის გამო, რომ ხელშეკრულებაში არ არის მითითება გამოსასყიდი თანხის რაოდენობის შესახებ. არასწორად იქნა გამოსყიდულად ცნობილი სადავო ობიექტი თავის საბრუნავ საშუალებებთან ერთად, ვინაიდან, ხელშეკრულების 4.15 პუნქტი ითვალისწინებს მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლებას, მხოლოდ ძირითად ქონებაზე, საბრუნავი საშუალებების გარეშე. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელისათვის საიჯარო ქირის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი და უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხანდაზმულობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ მცხეთის რაიკოოპკავშირის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო სამართლის (1964წ.) 156-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება ითვლება დადებულად, როდესაც მისი ყველა არსებითი პუნქტის თაობაზე მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება იმ ფორმით, რაც დაწესებულია ამ შემთხვევისათვის.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების არსებით პუნქტებს წარმოადგენს ის პუნქტები, რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ ან აუცილებელია ამ სახეობის ხელშეკრულებისათვის, აგრეთვე ყველა სხვა პუნქტი, რომლის შესახებაც ერთ-ერთი მხარის განცხადებით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება.
მოდავე მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 1991წ. 17 სექტემბერს. იმ დროს მოქმედი “იჯარის შესახებ” სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლები არეგულირებდა შრომითი კოლექტივის მიერ საწარმოს იჯარით აღებისას მხარეთა შორის წარმოქმნილ ურთიერთობებს, მითითებული საფუძვლების მე-10 მუხლი ითვალისწინებდა იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის შესაძლებლობებს და განსაზღვრავდა ქონების გამოსყიდვის პირობებს. იჯარის წესით ქონების გამოსყიდვის წესს და გამოსყიდვის ვადებს არეგულირებდა ასევე “საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სისტემაში ქონების კერძო პირებზე, შრომით კოლექტივებზე, კოოპერატივებზე და სხვა ორგანიზაციებზე მიყიდვის შესახებ” დროებითი დებულება. ამ დებულების 3.3 პუნქტის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით განისაზღვრება გამოსყიდვის პირობები, წესი და ვადები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების არსებით პირობად კანონის თანახმად მიჩნეულია ქონების გამოსყიდვის პირობები, წესი და ვადები.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ამასთან არ გამოიკვლია ისეთი არსებითი გარემოებები, რაც დაადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას გამოსყიდვის არსებით პირობებზე, როგორიცაა ქონების გამოსყიდვის წესი, ვადები და შეთანხმებული ფასი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი განჩინება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ არის დასაბუთებული, რადგან ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.
სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 389-ე მუხლი, საკასაციო პალატა არ იზიარებს.
სამოქალაქო სამართლოს კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
დადგენილია, რომ მოპასუხემ შეგებებული სარჩელით 1998 წლამდე საიჯარო ქირის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2000წ. სექტემბრის თვეში. ე.ი. 1997წ. სექტემბრამდე პერიოდის ჩათვლით, მის მიერ გაშვებულია კანონით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. რაც შეეხება 1998წ. საიჯარო ქირის მოთხოვნას, დადგენილია, რომ მოსარჩელე საიჯარო ქირას იხდიდა ყოველკვარტალურად იმ ოდენობით, რაზედაც მხარეები იყვნენ შეთანხმებულები. საიჯარო ქირის ოდენობის შეცვლა და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაც ამ მიმართებით შესაძლებელი იყო მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობის საფუძველზე საიჯარო ქირის ოდენობის შეცვლა უმართებულოა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გამოიყენა სკ-ს 389-ე მუხლი და განჩინება ამ ნაწილში სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიკოოპკავშირის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 2 ნოემბრის განჩინება რესტორან “ს-ეს” სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.