საქმე N 330100123007589228
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №432აპ-24 5 აგვისტო, 2024 წელი
გ–ი გ., №432აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი – 2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი – 2023 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 14 თებერვალს, საღამოს საათებში, თ–ში, გლდანის მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი N.., ბინა N...-ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, გ. გ–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. რ–ს ხელი შემოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, თ–ში, დ–ს მასივი, .. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, გ. გ–იმა გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, რომ მისი წარმოდგენით ქალი უნდა დამორჩილებოდა მის ყველა მოთხოვნას, უკონტროლებდა გადაადგილებას, სატელეფონო, სოციალურ ქსელებში ზარებსა და მიმოწერებს, თუ როგორ უბედავდა მისი მოთხოვნების შეუსრულებლობას და თანამშრომლებთან ერთად საქეიფოდ წასვლას, ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. რ–ს მიმართ, კერძოდ ხელით დაუჭირა ხელები და რამდენჯერმე მიახეთქა კედელზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი: 2023 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, თ–ში, დ–ს მასივი, .. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში,, გ. გ–იმა ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ. რ–ს მიმართ, კერძოდ ხელით დაუჭირა ხელები და რამდენჯერმე მიახეთქა კედელზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, გ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით (2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) და გამართლდა.
გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 150 საათით, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ–ის საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა - გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 18 მარტს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, მათ შორის 2023 წლის 3 ივნისის ძალადობის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენა და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება გ. გ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. მართალია, დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, თუმცა მისი ჩვენებისგან დამოუკიდებლადაც არსებობდა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია 2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდში ძალადობის და 2023 წლის 3 ივნისის ეპიზოდში გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის ჩადენისათვის გამამტყუნებლი განაჩენის დასადგენად. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმე ს. ჩ–ე, რომელმაც განმარტა, რომ ხშირად ესმოდა მეზობელი ბინიდან კამათის ხმა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების შესრულებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება გ. გ–ს მიერ 2023 წლის 14 თებერვლს ძალადობის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ნ. რ–მ (მეუღლე) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. გ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2023 წლის 3 ივნისს 14:40 საათზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს დაუკავშირდა ს. ჩ–ე და განმარტა, რომ მეზობლად მცხოვრებ ოჯახში ადგილი აქვს კონფლიქტს, პარტნიორებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა (არეულობა).
5.4. მოწმე ს. ჩ–სის ჩვენებით დადგინდა, რომ ცხოვრობს თ–ში, დ–ს მასივი, .. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში,. მეზობელ ბინაში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა წყვილი ნ. რ–ე და გ. გ–იი. 2023 წლის 3 ივნისამდე, გარკვეული პერიოდის წინ, მან გაიგონა ჩხუბის ხმა, რომელიც გამოდიოდა N.. ბინიდან. ქალი ხმამაღლა ყვიროდა, „წადი“, „აღარ მინდა შენთან ცხოვრება“, „დავიღალე შენი ტყუილებით“, „დამანებე თავი“, „შემეშვი“, მამაკაცი პასუხობდა „დამაცადე“, „დამშვიდდი“, „ნუ ყვირი“, „მომისმინე“. 2023 წლის 3 ივნისს, დღისით, მისი სახლის კარზე დააკაკუნეს, კარის ზღურბლთან იდგა ნ. რ–ე, ძალიან აღელვებული, იქვე იმყოფებოდა გ. გ–ც, რომელიც ფიზიკური ბიძგით, ჯაჯგურით ცდილობდა მეუღლის შეყვანას სახლში, დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა, მსჯავრდებულმა ძალის გამოყენებით, ჯაჯგურით მაინც შეიყვანა, თუმცა დაზარალებულმა მოასწრო თქმა „გეხვეწები დარეკე პოლიციაში“. კარის დახურვისთანავე მოწმემ დარეკა 112-ში. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ, იგი ფანჯრიდან დაეკონტაქტა ნ. რ–ს, რომელიც იყო ნამტირალევი, ფერდაკარგული და უთხრა, რომ გ. გ–ი სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაბრუნებულიყო, რის გამოც იყო შეშინებული. მოწმის განმარტებით დაზარალებული სადარბაზოში გამოვიდა, რა დროსაც მის ხელებზე შენიშნა სიწითლეები და ნაკაწრები.
5.5. შემაკავებელი ორდერით და თანდართული ოქმით დგინდება, რომ თ–ში, დ–ს მასივი, .. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში,, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა გ. გ–მა, 2023 წლის 3 ივნისს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა მსხვერპლზე, ძალის გამოყენებით ცდილობდა ტელეფონის და გასაღების წართმევას, ნ. რ–ე არ უთმობდა ნივთებს, მოძალადე ფიზიკურად ძალადობდა დაზარალებულის ხელებზე. მსხვერპლს შემაკავებელი ორდერის შედგენის პროცესში, მარცხენა ხელზე აღენიშნებოდა ხილული ნაჭდევი, რომელსაც უკავშირებდა გ. გ–ს მიერ განხორციელებულ ძალადობას. დაზარალებული განმარტავდა, რომ გ. გ–ის წარსულშიც მიუყენებია მცირედი ფიზიკური დაზიანებები.
5.6. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით: ნ. რ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში არსებული ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
5.7. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მიემართება მხოლოდ 2023 წლის 3 ივნისის ეპიზოდს და ადასტურებს, რომ გ. გ–მა 2023 წლის 3 ივნისს არარეგისტრირებულ ქორწინებში მყოფი მეუღლის მიმართ იძალადა ფიზიკურად. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის 2023 წლის 14 თებერვალის ეპიდოში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება განსახილველი დანაშაულის მითითებულ ეპიზოდს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთადერთი მოწმე – ს. ჩ–ე, ცხოვრობს თ–ში, დ–ს მასივი, .. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, და შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ მეზობელი ბინიდან ხშრად ისმოდა ჩხუბი ხმა, ვერ გამოდგება 2023 წლის 14 თებერვალს ნ. რ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად. ვინაიდან, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2023 წლის 14 თებერვალს, გ. გ–მა ძალადობა განახორციელა თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი N.., ბინა N..-ში. შესაბამისად, 2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
5.9. საკასაციო პალატის შეფასებით, გენდურული ნიშნით დისკრიმინაცია ხშირ შემთხვევაში გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ უთანასწორო ძალაუფრებრივ მდგომარეობაში, რაც დადასტურებულ უნდა იქნეს მტკიცებულებებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2023 წლის 3 ივნისს გ. გ–მა იძალადა გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს არც ს. ჩ–ს ჩვენება და არც საქმეში წამოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, დაზარალებულმა, კი სასამართლოში არ მისცა ჩვენება, შესაბამისად პასუხგაუცემელი დარჩა შეკითხვა ნ. რ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის მოტივი იყო თუ არა გენდერული დისკრიმინაცია.
5.10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.11. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. გ–ის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 53-ე და 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე