Facebook Twitter

¹ 3კ/303-02 13 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,მ. ახალაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. მ-ძე მუშაობდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების გამგის თანამდებობაზე.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის, ი. კ-ძის, 2001 წლის 10 აპრილის ¹02/164-კ ბრძანების საფუძველზე 2001 წლის 11 აპრილიდან ჯ. მ-ძე თანამდებობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ჯ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციის მიერ სასჯელის უკიდურესი ზომის გამოყენებით დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 135-ე და 136-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 135-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დისციპლინური სასჯელის დადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, რაც შეფასებულ იქნა ფონდის ადმინისტრაციის მიერ შემოწმების აქტის საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ფონდის ადმინისტრაციის მიერ დისციპლინური სასჯელის გამოყენებისას დაცულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ჯ. მ-ძის მიმართ დისციპლინური სასჯელი გამოყენებულ იქნა გადაცდომის გამოვლენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჯ. მ-ძე აღდგენილ იქნა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების გამგის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური სამუშაოდან დათხოვნის დღიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული (საქალაქო) განყოფილების დებულების მიხედვით განყოფილება სარგებლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებით. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რომლის 99-ე მუხლის 2 ნაწილის თანახმად სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას.

ჯ. მ-ძის მიმართ სამსახურიდან დათხოვნამდე არავითარი სხვა სასჯელი არ ყოფილა გამოყენებული. ჯ. მ-ძის საქმიანობის შემოწმების აქტში მითითებული საფინანსო-საანგარიშსწორებო დისციპლინის დარღვევა ადმინისტრაციის მხრიდან არაა მიჩნეული სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად და იგი არც სააპელაციო პალატამ მიიჩნია ასეთად. სააპელაციო პალატის მითითებით ბრძანება ჯ. მ-ძის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ არ არის კანონიერი და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ჯ. მ-ძე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: ჯ.მიქელაძის სამუშაოდან დათხოვნის კანონიერების საკითხის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”. კასატორის განმარტებით, ფონდი საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის ბრძანებულების შესაბამისად წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მაგრამ შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას იგი ვერ იხელმძღვანელებს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, რადგან აღნიშნული კანონის მე-2 მუხლით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული იმ ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებზეც ეს კანონი ვრცელდება. აღნიშნული საკითხით თავის დროზე დაინტერესდა ფონდის ხელმძღვანელობა. ამ მიზნით, სახელმწიფო კანცელარიის საჯარო სამსახურის ბიუროს გაეგზავნა შეკითხვა, რომლის პასუხის შესაბამისად შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას ფონდმა უნდა იხელმძღვანელოს შრომის კანონთა კოდექსით. გარდა ამისა, საოლქო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან მოსარჩელეს ზემოაღნიშნული საკითხი არც ერთ სხდომაზე არ დაუყენებია, სასამართლოს კი არ ჰქონდა უფლება, თავისი ინიციატივით გადაეწყვიტა ის საკითხი, რომელიც მხარეს არ წამოუყენებია. ამით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ჯ. მ-ძე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების გამგის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2001 წლის 10 აპრილს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ი. კ-ძის ბრძანების საფუძველზე. იგი სამუშაოდან დაითხოვეს თანამდებობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, რამაც გამოიწვია ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების მიერ მიმდინარე პერიოდის პენსიების დაფინანსების მხრივ დარღვევები და ხარჯების გადამეტება.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ჯ. მ-ძის სარჩელის განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომის კანონთა კოდექსი, არამედ კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რადგან საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული (საქალაქო) განყოფილების დებულების მიხედვით განყოფილება სარგებლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მითითებას, რადგან საჯარო სამართლის ყველა იურიდიული პირის და მისი მუშაკის მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები. ამ კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტში მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. მოპასუხე ორგანიზაცია კი არ მიეკუთვნება აღნიშნულ მუხლში მითითებულ არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საჯარო სამსახურში საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ზემოთ მითითებული ნორმით გათვალისწინებულ არცერთ ფუნქციას არ ასრულებს.

კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შრომითი ურთიერთობების რეგულირებისათვის უნდა ხელმძღვანელობდეს შრომის კანონთა კოდექსით, რაც მითითებულია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი შ. კ-ძის წერილში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სადავო შრომითი ურთიერთობის გადასაწყვეტად არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსი და გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.