Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-304-02 24 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ბეს დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 28 თებერვალს დ. გ-იანმა და თ. ხ-იანმა ი. ბ-იანის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მოპასუხისაგან 11000 დოლარად შეისყიდეს სახლი. ამ თანხის ნაწილი 4300 აშშ დოლარი გადაიხადეს, მაგრამ მოპასუხე სახლს მაინც არ უფორმებს. მათი მოსაზრებით მოპასუხემ ისინი მოატყუა, სახლის გაყიდვა არც სურდა, მათ მიერ მიცემული ფულით გაისტუმრა ამ სახლის გაყიდვის გამო წარმოშობილი ვალები და გადახდილ 4300 აშშ დოლარსაც არ უბრუნებს.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს მითითებული თანხის დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასზე გადაცემული თანხა წარმოადგენდა ბეს და დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 3300 აშშ დოლარის დაბრუნება.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხეზე გადაცემული თანხა არ წარმოადგენდა ბეს, რადგან იგი ნაწილ-ნაწილ იყო გადახდილი, ამასთან მხარეებს შორის ბეს ხელშეკრულება არ დადებულა.

ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელეებისაგან მხოლოდ 3300 აშშ დოლარის მიღება დაადასტურა, სასამართლომაც ამ ფარგლებში დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა.

2001 წლის 24 მაისს ი. ბ-იანმა სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.

აპელანტმა მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ მასზე გადაცემული თანხა წარმოადგენდა ბეს. ვინაიდან სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობა მოსარჩელეთა ბრალით იყო გამოწვეული, მათი სარჩელი ბეს დაბრუნების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, მართალია, გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 3300 აშშ დოლარი. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი გარიგება სახლის ნასყიდობის თაობაზე, რის გამოც მოსარჩელეებმა მოპასუხეს გადასცეს 3300 აშშ დოლარი, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაიდო კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ მითითებული თანხა არ ჩათვალა ბედ ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით ბედ მიიჩნევა თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე ბე ძირითადი ხელშეკრულების ნაწილი იყო. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად კი ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაცული არ იყო გარიგების დადების ფორმა, სააპელაციო სასამართლომ გადაცემული 3300 აშშ დოლარი ბედ არ ჩათვალა და სამოქალაქო კოდექსის 69-ე და 59-ე მუხლებზე მითითებით მისი დაბრუნება დაადგინა.

ი. ბ-იანმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. მისი მოსაზრებით მოსარჩელეთა მიერ გადაცემული თანხა წარმოადგენდა ბეს. ბეს ხელშეკრულებისათვის წერილობითი ფორმა სავალდებულო არ არის. ნასყიდობის ხელშეკრულების განუხორციელებლობა მოსარჩელეთა ბრალით იყო გამოწვეული და ამიტომ ბეს სახით გადახდილი თანხა მას უნდა დარჩენოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დაიდო სახლის ნასყიდობის შესახებ გარიგება. სახლის ღირებულების ასანაზღაურებლად მოსარჩელეებმა მოპასუხეს გადასცეს შესასყიდი თანხის ნაწილი (სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული, რომ მოპასუხეზე გადაცემული თანხა შეადგენდა 3300 აშშ დოლარს), მაგრამ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაიდო. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე გადაცემული თანხის დაბრუნება.

სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შესაბამისად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

აქედან გამომდინარე, ნასყიდობის დროს თანხის ბეს სახით გადაცემის შემთხვევაში დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

ამავე კოდექსის 328-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში რადგან მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახლის ნასყიდობის შეახებ, ამ ხელშეკრულების დამადასტურებლად წინასწარ გადაცემული თანხა, იმ ფორმით უნდა გაფორმდეს, როგორ ფორმასაც ითვალისწინებს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბათილია კანონის ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან უძრათი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს, ამ ხელშეკრულების დამადასტურებლად წინასწარ ბედ გადაცემული თანხის გადაცემაც ამავე წესით უნდა გაფორმდეს. მოცემულ შემთხვევაში, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დამადასტურებლად გადახდილი თანხა სანოტარო წესით არ დამოწმებულა, იგი სათანადო ფორმის დაუცველობის გამო ბათილია.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია ვითომ კრედიტორს მოსთხოვოს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებლება გარიგების ბათილობის, ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში, რადგან სახლის შესასყიდად წინასწარ გადაცემული თანხა, სათანადო ფორმის დაუცველად იქნა გადაცემული, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი დადასტურებულად ვერ ჩაითვლება, საამისოდ გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველობის გამო. ამდენად, იგი ბათილია და კრედიტორს შეუძლია უკანვე მოითხოვოს გადაცემული თანხის დაბრუნება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ბ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.