Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-306-02 1 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: წისქვილის აღება ან ფულადი კომპენსაციის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ჩ-ძემ გ. ჩ-ძის საცხოვრებელი სახლიდან 5 მეტრით დაშორებულ შენობაში თვითნებურად დაამონტაჟა ელექტროწისქვილი.

გ. ჩ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს დ. ჩ-ძის წინააღდმეგ და მოითხოვა წისქვილის 100 მეტრის მოშორებით გადატანა ან ფულადი კომპენსაციის სახით _ თვეში 510 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. ჩ-ძეს დაევალა წისქვილის, მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის დაშორებით გადატანა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 174-ე მუხლი. სასამართლომ დაადგინა, რომ წისქვილის დამონტაჟება მოხდა თვითნებურად და სანიტარული ნორმების დარღვევით. კერძოდ, სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 2001 წლის 21 თებერვლის წერილით დადგინდა, რომ სამრეწველო საწარმოების პროექტირების ნორმებით წისქვილი საცხოვრებელი სახლიდან დაშორებულ უნდა იყოს 100 მეტრის დაშორებით, ხოლო რაც შეეხება დ. ჩ-ძის წისქვილს, იგი არ აკმაყოფილებს სანიტარული ნორმების მოთხოვნას. გ. ჩ-ძის საცხოვრებელ სახლში ხმაური შეადგენს 70 დბ-ს, რაც დასაშვებ ზღვრულ ნორმას (50 დბ) აღემატება.

სასამართლომ აგრეთვე, დაადგინა, რომ მოპასუხემ წისქვილი მოგვიანებით, იმავე შენობის მეორე ოთახში გადაიტანა და ამოაშენა მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლის მხარეს წისქვილის შენობის ფანჯარა, რითაც შემცირდა ხმაურის დონე და განმეორებით შემოწმების შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ ხმაურის დონემ იკლო და შეადგინა 31 დბ, ხოლო აღნიშნული შემოწმების დროს კომისიას არ უმსჯელია იმავე შენობის მეორე ოთახში წისქვილის გადატანა აკმაყოფილებდა თუ არა სანიტარულ ნორმებს და იყო თუ არა წისქვილის დამონტაჟების ადგილი მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლიდან დასაშვებ მანძილზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი _ სსკ-ის 175-ე მუხლი და გამოიყენა კანონი _ სსკ-ის 174-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აგრეთვე მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო სანიტარული ზედამხედველობის 2001 წლის 21 თებერვლის წერილს და არ გაიზიარა 2001 წლის 2 მარტის წერილი, რომლითაც დადგენილია, რომ ხმაურის დონე 31 დბ-ია, დასაშვებზე 19დბ-ით ნაკლები, ხოლო წისქვილის საცხოვრებელი სახლიდან დაშორების დასაშვებ მანძილზე არ უმსჯელია, ვინაიდან ადრე გაცემული წერილის შედგენისას სანინსპექციამ იხელმძღვანელა 1972 წ. კანონით “სანიტარული ნორმების შესახებ", სადაც მინიშნებულია, რომ მძიმე მრეწველობის საწარმოები და წისქვილკომბინატები საცხოვრებელი სახლიდან დაშორებულ უნდა იქნეს 100მ-ით. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული კანონის გამოყენება იმ დროისათვის უკვე დაუშვებელი იყო. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 175-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 2001 წლის 2 მარტის წერილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ხმაურის დონე დადგენილ ნორმაზე ნაკლები არის, ხოლო რაც შეეხება საცხოვრებელი სახლიდან წისქვილის დაშორების დონის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, არასწორია, რადგან კომისიას მეორე დასკვნაში ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა არ ჰქონია. აგრეთვე პალატამ დაადგინა, რომ ვინაიდან მოპასუხის წისქვილი მძიმე მრეწველობის საწარმოს ან წისქვილკომბინატს არ წარმოადგენს, აღნიშნული კანონის ნორმა საცხოვრებელი სახლიდან 100მ დაშორებით წისქვილის დამონტაჟების შესახებ მოცემულ შემთხვევაში ვერ გავრცელდება.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაადგინა, რომ მოსარჩელე ვალდებულია ითმინოს მეზობელი ნაკვეთიდან ხმაურის ზემოქმედებანი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის უმნიშვნელოდ ხელყოფს მის, როგორც ნაკვეთის და სახლის მესაკუთრის, უფლებას.

გ. ჩ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად გაუქმების საფუძველია. ასევე, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი. არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 174-ე, 115-170-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებულობაში იგულისხმება სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვა. კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და, კანონები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ შეასრულა ნორმის ეს მოთხოვნა, რის გამოც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული თვალსაზრისით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა მის მიერ დადგენილ გარემოებებზე. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამა თუ იმ გარემოებას, მაგრამ არ ასაბუთებს, თუ რატომ არ გაიზიარა და, ამ გარემოების საწინააღმდეგო, რა დაადგინა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია: “საქმის მასალებიდან ჩანს, რომ 2001 წლის 21 თებერვალს გაზომილი ხმაურის დონე შეადგენდა 70 დბ-ს. საქმის მასალებით აგრეთვე ირკვევა, რომ აპელანტის მიერ მარნის ხმაურის დამჭერი იზოლაციური სამუშაოების ჩატარების და მათ შორის ფანჯრების ამოშენების შედეგად ხმაურის დონემ იკლო 39 დბ-მდე. აღნიშნულის გამო მოპასუხის სახლის კარების და აპელანტის ფანჯრის გაღების შემთხვევაშიც კი ხმაურის დონე ჩატარებული ხმაურსაწინააღმდეგო სამუშაოების გამო ვეღარ მიაღწევს პირველად გაზომვის დონეს, რომელიც უმნიშვნელოდ აჭარბებდა დადგენილ ფარგლებს". სააპელაციო სასამართლო აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად მიუთითებს სახელმწიფო სანოტარო ზედამხედველობის ზესტაფონის რაიონის ინსპექციის მიერ გაცემულ ცნობებზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული საკითხის (ხმაურის დონის) გარკვევა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. პალატა მიუთითებს, რომ თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა. მოცემულ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი და ისე გადაეწყვიტა სადავო საკითხი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის ან სხვა მსგავსი ზემოქმედებანი, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. მოსარჩელე ასეთი თმენისათვის სარჩელით საკომპენსაციოდ ითხოვდა 510 ლარს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში მხარეს მოთხოვნა არ შეუმცირებია, გასაცივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ კი ამ მოთხოვნის ირგვლივ არ იმსჯელა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდეს. საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული ის მასალები, რომლებიც მეზობელი მიწის ნაკვეთიდან ზემოქმედებას ადგენენ. საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა ხმაურის დონის დასადგენად. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება თმენის ვალდებულება, უნდა განისაზღვროს ფულადი კომპენსაციის ოდენობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება