გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-307-02 24 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამემკვიდრეო წილის მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.ქუთაისში, ... მდებარე სახლის 1/2½ ნაწილი 1998წ. 17 მაისს სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სუ. გ-ძის სახელზე. სუ. გ-ძე გარდაიცვალა 1998წ. 16 ნოემბერს. გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე – შვილები: თ. გ-ძე, ლ. გ-ძე და ს. გ-ძე.
ს. გ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისში, ... მდებარე სამემკვიდრეო სახლიდან წილის მიღება შემდეგი საფუძვლით: იგი არის აწ გარდაცვლილი სუ. გ-ძის შვილი, პირველი რიგის მემკვიდრე და მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, დანარჩენი ორი შვილის მსგავსად ეკუთვნის სამემკვიდრეო სახლიდან 1/3 წილი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე არის მათი ნახევარძმა, რომელიც ქორწინების გარეშეა დაბადებული. მათ მამას – სუ. გ-ძეს ქორწინების რეგისტრაცია ჰქონდა მათ დედასთან _ ც. გ-ძესთან. იგი გარდაიცვალა 1997წ. 13 თებერვალს. ისინი ერთად ცხოვრობდნენ 43 წლის მანძილზე; სადავო სახლი აშენებულია მათი ერთად ცხოვრების პერიოდში. ამდენად, სახლის ნახევარი ეკუთვნოდა დედამისს _ ც. გ-ძეს, რომლის მემკვიდრეც მოსარჩელე არ არის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით ს. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: იგი ცნობილ იქნა მემკვიდრედ ქუთაისში, ... მდებარე სახლის 1/2-ის 1/3 იდეალურ წილზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს. გ-ძე არის აწ გარდაცვლილი სუ. გ-ძის შვილი და სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებთან ერთად წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს. სადავო სახლი იყო სუ. გ-ძის საკუთრება, ამიტომ მხარეები თანაბარ წილად სარგებლობენ წილის მიღების უფლებით და თითოეულს უნდა მიეცეს სამკვიდრო სახლის 1/3. სხვა მემკვიდრე სამემვკვიდრეო ქონებაზე არ არსებობს, ვინაიდან სადავო სახლი წარმოადგენს სუ. გ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებას, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო მამის გარდაცვალების შემდეგ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 14 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. გ-ძემ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი. სადავო სახლი, მამამისმა ს. გ-ძემ მემკვიდრეობით, ფაქტობრივად მიიღო 1963 წელს, როცა გარდაიცვალა ამ უკანასკნელის მამა ლ. გ-ძე და მან გააგრძელა ცხოვრება სადავო სახლში, რომელიც დედამისთან ერთად დაშალა და ხელმეორედ ააშენა, რის გამოც დედამისი აწ გარდაცვლილი ც. გ-ძე უნდა ჩაითვალოს სადავო სახლის თანამესაკუთრედ და ისე უნდა განაწილდეს წილები მხარეებს შორის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილადაა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ს. გ-ძე და მოპასუხეები: თ. და ლ. გ-ძეები არიან აწ გარდაცვლილი სუ. გ-ძის შვილები. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად მხარეები არიან მამკვიდრებლის აწ გარდაცვლილ სუ. გ-ძის პირველი რიგის მემკვიდრეები. საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ სადავო სახლი აწ გარდაცვლილმა სუ. გ-ძემ მემკვიდრეობით მიიღო თავისი მამის, ლ. გ-ძის, დანაშთი ქონებიდან. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად სადავო სახლი იყო აწ გარდაცვლილ სუ. გ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაყო სადავო სახლი სამ მემკვიდრეს (მხარეებს) შორის და თითოეულ მესაკუთრეს მიაკუთვნა თანაბარი წილი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ “სადავო სახლს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა მისი მშობლების, სუ. და ც. გ-ძეების, მიერ და დედამისი ც. გ-ძე უნდა ჩაითვალოს სახლის თანამესაკუთრედ. მათი დედა ც. გ-ძე გარდაიცვალა 1997 წელს. მისი მემკვიდრე არ ყოფილა მოსარჩელე ს. გ-ძე. მისი მემკვიდრეები იყვნენ მათი მამა სუ. გ-ძე, მისი ძმა ლ. გ-ძე და თვითონ – თ. გ-ძე. სასამართლოს აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მიეცა წილი მოსარჩელისათვის”. საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ გარკვეული ცვლილებები განიცადა სადავო სახლმა, მაგრამ სახლი 1998 წლამდე ირიცხებოდა კვლავ ლ. გ-ძის სახელზე და კასატორის დედას, აწ გარდაცვლილ ც. გ-ძეს, თავის სიცოცხლეში არასოდეს დაუყენებია საკითხი ამჟამად სადავო სახლის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მის ნაცვლად სხვას უფლება არ აქვს, დასვას აღნიშნული საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.